მაია თორაძე:
– მოდის! – დაიყვირა წითელქურთუკიანმა კაცმა და ორბელიანის მოედანზე შეკრებილ ხალხს გადახედა… გადახედა რა, არწივივით გადაავლო თვალი და ბრძოლისთვის მზადყოფნის ბრძანება მისცა ბატალიონს… ჯგუფად მდგარმა დიდ-პატარამ უცებ წაიგრძელა კისერი, მსხვერპლის მომლოდინე მტაცებლის პოზა მიიღო და მწვანე ავტობუსებს შორის დალანდულ ლურჯ რაშს გახედა – ფანჯრებში ირეკლებოდა ანთებული 388.
-ეგებ ახლოს მაინც გააჩეროს… – გავივლე გულში, მაგრამ, როგორც ჩემს ცხოვრებაში ტრადიციულად ხდება, გვერდით ჩამიარა ყველა კარმა (ეგეთი კარმა მაქვს – ყველა პროცესი და მოვლენა გვერდს მივლის) და ორ ავტობუსს შორის რომ ვიწრო გასასვლელი რჩება, ე, იმისიმედად დამტოვა… ვაჰ, რა გაეტევა ახლა ამ ნაპრალში.. არ გაეტევი და სამსახურებრივი ბარათი ხო უნდა მიადო უნივერსიტეტის რაღაც ტელეფონისმსგავს აპარატზე? მერე ვის დაუმტკიცებ, ვერ გავეტიე ორ ავტობუსს შორის და რომ ეს უკვე მეოთხე ავტობუსი წავიდა უჩემოდ… ჰოდა, მოვინდომე… ღრმად შევისუნთქე და მომაკვდავის სული რო გვირაბის ბოლოს სინათლეს იხილავს, ისე გამინათდა თვალებში – ავშენდი… გავეტიე… მარა ეგ ხო არაა მთავარი – ჩემსავით ავტობუსებსშორის გამომძვრალი ხალხი, ვინც ჩემზე მარჯვედ გათვალა – სად გაჩერდებოდა სამოთხის კარი, უკვე ცალი ფეხით ტრანსპორტში იდგა და მეორე ფეხის შეტენვას ცდილობდა…– ვაიმე?! დავრჩი მგონი გარეთ… მაგრამ ბარათი? მერე ახსნა-განმარტების წერა? მერე დაგვიანების გამო დაკლებული ხელფასი? არაააააა – იკივლა ჩემმა შინაგანმა ხმამ და სადღაც სხვათა ბოტასებსშორის ჩემი ლაკის ფეხსაცმელიც შევაკვეხე. ახლა არ მითხრათ, ამ სპრინტში ლაკის ფეხსაცმელი რად გინდაო… მაინც პროფესორი მქვია, კაცო, და ლექციაზე შლაპუნებით ხო არ შევალ (ანდა, ადრინდელი ტრადიციით, კალოშებს ხო არ წამოვიცმევ, მერე ქაღალდში გახვეულს შევჩუმქრავ უნივერსიტეტის კედელში სადმე და ქუსლებზე შევხტები)… ჰოდა, რახან ცალი ფეხი შევდგი, ახლა აქედან ვინღა ჩამაგდებს… აწითლებული, შინ ძლივს დავარცხნილი და ახლა ყალყზე დამდგარი თმით ვდგავარ მყარად კარებში, ცხვირი წინა კაცის ზურგზე მაქვს მიჭერილი და მარჯვენა ხელით სამგზავრო ბარათის გადაწოდებას ვცდილობ:– უკაცრავად, იქნებ ამიღოთ ბილეთი? – თავაზიანად ვკნავი – არსაიდან ხელი, არსაიდან შემხვედრი მზერა…არ მიყვარს ყურადღების მიპყრობა და კიდევ ერთხელ ვცდილობ, ცხვირწინ აღმართული ზურგები ტაქტიანად, იმერული ზრდილობით შემოვაბრუნო…. არ გეტკინა არაფერი, დგანან გამარჯვებულის იერით და უსასრულობას უსწორებენ თვალს, ვინ იცის, ისინიც ჩემებრ იმ დროზე ოცნებობენ, კულტურულად რომ შევლენ ტრანსპორტში, გაზეთს გაშლიან და დილის ამბებს გადაავლებენ თვალს… ხოოოო, გაზეთი კაია, მარა უცებ მახსენდება, რომ ლურჯფორმიანებს შეუძლიათ ძლივსშეკვეხებული უკან ჩამომაგდონ და მამალი რო უკან გადააგდებს თავს, რაც შეიძლება მაღალი ხმა ამოვუშვაო, ისე განწირული ვკივი:– უკაცრავაააააად, ბილეთიიიი…უცებ ადამიანების ტორსებს შორის “შავი ხელი” გამოძვრა, ჩემი ბარათი შეისრუტა და გაქრა… წკაპ -გაისმა ხმა და ჩემი ცალფეხზემგზავრობის ვალი გადავუხადე ქალაქის მერიას…ამასობაში ავტობუსი რუსთაველის მეტროსთანაც მიქოშინდა და აქ დაიწყო, რაც დაიწყო: “გადაიწიეთ, შუაში ადგილები არის!”, “ცოტა მიიწიეთ, ერთი ადამიანი რა გახდა”, “ სად მივიწიო, ქალბატონო, ფეხები თავზე დავიწყო?”, “ეს ბავშვები თქვენი უბნის სკოლაში რომ ატაროთ, აქ ხო აღარ დაიტანჯებოდნენ?”, “ოჰ, გამოჩნდა ესეც გადაწყვეტილების მიმღები!”, “ნუღა ამოდიხართ, ეს ავტობუსი ურაზმერო ხო არაა?!”, “შენ ხო მგზავრობ და, რა გენაღვლება ჩემი სამსახური”… “კალაძე უნდა ამგზავრო ამ ავტობუსით”, “გაგებით მოეკიდეთ, ხალხო, მმართველობის ორმოცდამეათე წლისთავზე გასაოცარი დემოკრატიის პირობებში ვიმგზავრებთ კომფორტულად!”… “თვითონ ხო დასრიალებენ “ბასლაინებზე” და ჩვენ ვის დავკარგვივართ”…ვინც ჩემზე თქვას, ზედმეტი წონა აქვსო – ნემსი რო არ გაეტევა, ისეთ სივიწროვეში ვდგავარ… სამაგიეროდ, მიხარია, რომ ბარათს დროზე მივადებ და თავისმართლება არ მომიწევს, მარტო ის მიღრღნის გულს – ნეტავ აქ ჩემი სტუდენტი არ იდგეს და არ მხედავდეს რა გულისგამხეთქავად უთავმოყვარეოდ ვეჭყლიტები ვიღაც კაცს…როგორც იქნა.– “სახელმწიფო უნივერსიტეტი” – ისმის ავტობუსში და ახლა უკან გამოსვლის ბრძოლებია გადასატანი: “ჩავდივარ”, “ჩადიხართ?”, “ჩადით და ამოდით”, “ჩამატარეთ”, “ჩაატარეთ”…. და როგორც ბურთი, ისე ვვარდები გაჩერებაზე, ვცდილობ, მოგრეხილი ტანსაცმელი გავისწორო, თმები დავილაგო, სადმე ჩემი სტუდენტი არ იდგეს და თვალი არ ჰკიდოს, უკუღმა რომ გამომისროლეს ავტობუსიდან…მოვწესრიგდი… ლაკის ფეხსაცმელი გავიპრიალე, თმა გავისწორე, ტანსაცმელიც… ჩემი უმძიმესი ჩანთა მოვიგდე ზურგზე, ამაყად გადავხედე ავტობუსში ჭერეხივით მიწყობილ ხალხს, კიდევ რომ ცდილობდნენ შემჭიდროებას და ვითომ არაფერი, გადასასვლელისკენ გავემართე, მაგრამ ჯერ სად ხარ… ის იყო, ნაბიჯი გადავდგი, “ქალბატონო, ბილეთი დავაფიქსიროთ” – ის ქალი გამომედევნა, ჯარიმები რომ სჭირდება პრემიისთვის…კი ვიფიქრე, მივახლი ახლა, რა ბილეთი, აქეთ უნდა მიხდიდეთ-მეთქი, მაგრამ მაგანაც რა ქნას, ჯარიმები ხო სჭირდება, თანაც სად მცალია, ბარათი უნდა მივადო იმ ტელეფონისმაგვარ აპარატზე, რომ უნივერსიტეტი ჩემი იქყოფნით დავამშვიდო…8:58 წუთი. მისია შესრულებულია. დღე კარგად დაიწყო. ახლა საღამოზე უნდა ვიფიქრო – გავიმეორო იგივე გზა, არ დავუჯერო კალაძეს და შევარემონტო ჩემი ჯაბახანა, დაახლოებით ჩემი ხნის, ავტომობილი თუ ვიყიდო ერთი ხელი ლოგინი და ბარემ დავრჩე ხოლმე უნივერსიტეტში…
ისიც დაისვენებს და მეც…
კომენტარები