განახლებადი ენერგიების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დანერგილ ნეტო-აღრიცხვის პროგრამაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობა გაიზარდა. მიმდინარე წლის მონაცემებით, ნეტო-აღრიცხვის ქსელში ჩართულია 1039 სადგური, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 64 მეგავატს შეადგენს. მათ შორის სს „თელასის“ გამანაწილებელ ქსელში ჩართულია 314 სადგური, ხოლო სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ქსელში – 725.
სემეკის რეგულაციების შესაბამისად, საკუთარი მოხმარებისათვის, მომხმარებელს ან მომხმარებელთა ჯგუფს შეუძლია ელექტროენერგია გამოიმუშაოს განახლებადი ენერგიების – მზის, ქარის, წყლის, მათ შორის ჩამდინარე წყლის გამოყენებით, ხოლო ჭარბად გამომუშავებული ენერგია მიყიდოს გამანაწილებელი ქსელის მფლობელ კომპანიას.
საგულისხმოა, რომ ნეტო-აღრიცხვა არ წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობას და ჭარბი ელექტროენერგიის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან.
სემეკმა ნეტო-აღრიცხვის რეგულაცია 2016 წელს დანერგა. რეგულაცია მაქსიმალურადაა მორგებული მომხმარებლის მოთხოვნებსა და საბაზრო პრინციპებზე. სისტემაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ზრდა განპირობებულია სემეკის მიერ მიღებული ხელშემწყობი და წამახალისებელი რეგულაციებით.
კომენტარები