არსებობენ ადამიანები, რომლებსაც წარდგენა არ სჭირდებათ და ასეთია ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის, ახალგაზრდა გოგონა საქართველოდან, თამია ტატალაშვილი, რომელიც უკვე არაერთი ემიგრანტის ისტორიის, სიხარულის, წუხილის, მოგონებების თანაზიარი და გამტარი გახდა. საოცარი ენერგეტიკითა და პროფესიონალიზმით მოაქვს მაყურებელთან ქართველი ემიგრანტების ამერიკული ისტორიები. თამიას გადაცემები ერთდროულად განგაცდევინებს დარდს და მონატრებას, იუმორს და რაც მთავარია, გიზიარებს გამოცდილებას. წარმატებამდე მისასვლელად ყველა რთულ გზას გადის და სირთულეების გადალახვის განსხვავებული მეთოდები არსებობს, შესაბამისად, არც მიკვირს, როცა კომენტარებში, გაზიარებებისას, არაერთი ადამიანი წერს, რომ „ნიუ იორკში თამიასთან/New York With Tamia“ ძალიან გამოადგა, სწორედ ეს გადაცემები ახალჩასულს უმარტივებს საკუთარი გზის და მომავლის დაგეგმვას.
როგორც გავარკვიეთ, თამია რამდენიმე წელი გეგმავდა ამ პროექტს და საბოლოოდ შექმნა საინფორმაციო ქსელი, მედია ჰოლდინგი პროფესიონალი გუნდით. ძალიან რთულია, წლობით იმუშაო პროექტზე, თვეობით ეძებო ჯგუფის წევრები, პროფესიონალი ოპერატორები, მემონტაჟეები, პროდიუსერები და მერე პირდაპირ, ერთი დარტყმით შესთავაზო მაყურებელს მზა, გამართული, უნაკლო გადაცემათა ციკლი. ამას დიდი შრომა და ნებისყოფა სჭირდება. მართალია, თამია ამბობს, რომ გაფართოებაზე უკვე მუშაობს, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ ამერიკის არაერთი შტატიდან და ცხადია, საქართველოდანაც ასე ეხმაურებიან მის გადაცემას მსმენელები, შეიძლება თამამად ითქვას, რომ მისი პროექტი უკვე ძალიან მასშტაბურია.
დღეს, ვეცდებით, გაგაცნოთ ამერიკაში მცხოვრები ახალგაზრდა გოგონა, თამია, ვინც ოკეანის გაღმიდან გვაცნობს იქ დამკვიდრებული ქართველების ცხოვრებას.
თამია ტატალაშვილი:
–11 წლის ვიყავი, მამა რომ წავიდა ამერიკაში. კარგად ვიცი, როგორია ემიგრანტის შვილების ცხოვრება. მამა ხშირად ჩამოდიოდა, მეც ვსტუმრობდი ხოლმე, მაგრამ მაინც მძიმე და რთული იყო. მამა ჩემი ყველაზე დიდი მეგობარია და ყოველთვის ბევრს ვსაუბრობდით, მაგრამ ფიზიკური დისტანცია ძალიან დამთრგუნველია.
თამია პროფესიით ჟურნალისტია. მაგისტრატურა ევროპის ერთ–ერთ უნივერსიტეტში გაიარა. თვლის, რომ ყველას უნდა ჰქონდეს იმ განათლების მიღების საშუალება, რომელიც უნდა და იქ და ისე, როგორც უნდა. ბოლო რამდენიმე წელია ამერიკაში ცხოვრობს.
თამია ტატალაშვილი:
– სტუდენტი ვიყავი, როცა პირველად წავედი უცხოეთში ტრენინგებზე, ამ გამოცდილების შემდეგ, მაგისტრატურაც ევროპაში გავიარე. პანდემიის პერიოდში, გადავწყვიტე, წავსულიყავი ამერიკაში. კორონავირუსის პირობებში, ამერიკაც საკმაოდ დამთრგუნველად გამოიყურებოდა. ამას დაემატა ადაპტაციის პერიოდი, ზოგადად, ძალიან ძნელია, როცა უცხო მიწაზე ნულიდან იწყებ ცხოვებას.
თამია გვიყვება, რომ რამდენიმე წელიწადში ორი ნიუ იორკი გაიცნო, ერთი პირქუში, მეორე თბილი, ერთი უცხო და მეორე – მშობლიური.
თამია ტატალაშვილი:
–მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ ჩამოვსულვარ ამერიკაში მამასთან სტუმრად მიუხედავად იმისა, რომ მამა დამხვდა, მიუხედავად იმისა, რომ არ მქონდა სახლის პრობლემა, არ იყო ადვილი პირველი 6 თვე. ვერ წარმოგიდგენიათ, რას გაგრძნობინებს ახალჩამოსულს ნიუ–იორკი, დადიხარ ქუჩაში და ყველას სადღაც ეჩქარება, ყველა ისე გიყურებს, თითქოს ვერ გამჩნევს. ერთხელაც, კიდევ ერთი თეთრად გათენებული ღამის შემდეგ, გადავწყვიტე, რომ მე აქ, ამ ქვეყანაში გავიზრდებოდი პროფესიულად და აქ, ამერიკაში გავაკეთებდი იმ საქმეს, რომელიც მიყვარდა. ჩემ თავს პირობა მაშინ მივეცი, რომ მოვძებნიდი ქართველებს, რომლებმაც უკვე ზუსტად ვხვდებოდი, რა გზა გაიარეს პროფესიული წარმატების მისაღწევად და მათ ისტორიებს მოვიტანდი საქართველომდე. ამის შემდეგ, რასაც ვაკეთებდი, სადაც ვიყავი, ყოველთვის ამ ჩემ მიზანზე და ოცნებაზე ვფიქრობდი. და ამასობაში ვიპოვე კიდეც ის მეორე ნიუ იორკი.
–როგორია ის ნიუ იორკი, როგორსაც ახლა ხედავ? და როგორია თამია ამ ახალ გარემოში დღეს?
– ისე შემიყვარდა აქაურობა, რომ მართალია, სამშობლოში აუცილებლად დავბრუნდები ოდესმე, მაგრამ, დღეს აქ მინდა ცხოვრება. ეს არის ქალაქი, რომელმაც თავიდან უცხოდ მაგრძნობინა თავი და მერე ერთბაშად მიმახვედრა, რომ ყველაფერი შემიძლია, ყველაფერი გამომივა. რაც თავში აზრად მოგივა, რა მიზანსაც დაისახავ, თუ იშრომებ, ამ ქვეყანაში აუცილებლად მიაღწევ. თავისუფლების ქალაქს ეძახიან ნიუ იორკს, მაგრამ მეტია, თავისუფალი რომ ხარ და შენი ყველაზე გიჟური აზრებიც რომ გიყვარს, ეგ ცალკე ერთი ამბავია და მეორე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ყველაზე მიუწვდომელი ოცნების ასრულებაც შეგიძლია, თუ სწორად გაანაწილებ დროს, ენერგიას, სწორად დასახავ გეგმას და იშრომებ. სულ ტონუსში ხარ.
– დასვენების დღეებს როგორ ატარებ?
– დასვენების დღეების ბუნებაში ვატარებ, ქალაქიდან გავდივარ, სულიერად და ფიზიკურად ვისვენებ და ახალი ენერგიით დამუხტული ვუბრუნდები მეორე დღეს იმ რიტმს, რომელსაც ნიუ–იორკი გვთავაზობს.
–გადაცემებს, როგორც ვნახე, მეტწილად ქუჩიდან გვთავაზობთ – თუმცა, იმდენად პროფესიონალურად, რომ ქუჩაში ჩაწერილი ინტერვიუსთვის ძალიან სუფთად ისმის ხმა და გამოსახულებაც ძალიან ბუნებრივია.
–კი, ნიუ იორკის ქუჩებიდან გთავაზობთ ინტერვიუებს. ინტერვიუებში ემიგრანტი ქართველები გვიყვებიან იმ გზაზე, რომელიც მათ ამ ქვეყანაში განვლეს, შესაბამისად, გადავწყვიტე, გადაცემაც გზიდან წამეყვანა. არ იცით, რამდენი წარმატებული ქართველი ცხოვრობს ამერიკაში, ექიმები, რომლებიც საუკეთესო, წამყვან კლინიკებში მუშაობენ, მხატვრები, რომელთა გამოფენებიც ეწყობა ნიუ იორკში, ადვოკატები, რომლებიც მანჰეტენის ცნობილ ოფისებში მუშაობენ და სხვები.
–მე თქვენი გადაცემების აქტიური მაყურებელი ვარ, მინდა გითხრათ და ძალიან მომწონს ფორმატი, ბუნებრივად მიდის საუბარი, თითქოს მეც იქ ვარ, არ იგრძნობა დაძაბულობა. თითქოს ერთი ამოსუნთქვითაა ჩაწერილი, თუმცა, მესმის, რომ ძალიან დიდი შრომის შედეგია, ასეთი პროდუქტი მოიტანო მაყურებლამდე. რა ხდება კადრებს მიღმა, რთულია რესპოდენტების „გახსნა“? როგორ ახერხებ, რომ ასეთი გულწრფელი, ღია პროდუქტების შექმნას?
–გადაცემის ჩაწერამდეც ვურთიერთობთ, ცხადია. ვსაუბრობთ. კონტაქტური, ღია ადამიანი ვარ და ასევე, როგორც ჩანს, კარგი მსმენელიც ვარ მათთვის. კითხვებსაც წინასწარ ვარჩევ, მათივე განვლილი გზის და ინტერესების შესაბამისად. არ ვიცი, განსაკუთრებული რეცეპტი არ მაქვს. ჯერ არ ყოფილა რესპონდენტი, ვისთანაც გულწრფელი საუბრის ჩაწერა გამჭირვებია. კი, უჭირთ კამერასთან ურთიერთობა, არ არიან ჩვეულნი, უცხოა. მაგალითად, ერთმა რესპონდენტმა, ინტერვიუს დასაწყისში აღმოაჩინა, რომ კამერის ფობია აქვს. ათასობით დუბლი დაგვჭირდა, მაგრამ ინტერვიუ, ცხადია მაინც შედგა.
– ვნახე გამოხმაურებები. ძალიან ბევრი ადამიანისთვის სტიმული გახდა ეს გადაცემები, წერენ, რომ ახლა უფრო იმედიანად არიან, ბევრს დაეხმარა სიძნელეების დაძლევაში, ბევრს უკარნახა გამოსავალი. ელოდით ასეთ გამოხმაურებებს?
–არ მოვიტყუები, კარგ გამოხმაურებებს ნამდვილად ველოდი, მაგრამ გამაკვირვა რაოდენობამ, იმდენად ბევრი ადამიანი გვწერს, გვირეკავს. მაგალითად, გვთხოვენ კალიფორნიაში ჩასვლას, მოგვწერეს ბოსტონიდან, სადაც არაერთი ქართველი სტუდენტი ცხოვრობს, ისინი სწავლობენ, მუშაობენ და უკვე არიან წარმატებული ახალგაზრდები და კი, ყველგან ჩავალ, აუცილებლად და ყველას ჩავწერ, ცხადია, ერთ დღეს და ერთდროულად ვერა, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რომ ყველა ემიგრანტის ქართული ხმა და საქართველოზე ფიქრი მოვაწვდინო ჩემ ქვეყანას. ვუყურებ, ვუსმენ ამ ადამიანებს და ვფიქრობ, რატომ არ უნდა შეეძლოთ საკუთარი საქმის საქართველოში კეთება? რატომ არ უნდა იცნობდეს ჩემი ქვეყანა, თავის იმ შვილებს, რომლებაც ურთულესი გზა განვლეს და წარმატებებს მიაღწიეს?
–რიგითი ამერიკელებისგან გრძნობ დაინტერესებას საქართველოთი? ჩვენი კულტურით და ტრადიციებით?
–კი, დაინტერესება დიდია. როგორ შეიძლება არ იყოს? მაგალითად, ქართველი ექიმი რომ ემსახურება ამერიკელ პაციენტებს და ეტყვის, მე ქართველი ვარო, ან გამოფენაზე რომ მივლენ და მხატვარი რომ იტყვის – მე საქართველოდან ვარ, ან იურისტის მომსახურებას რომ მიიღებენ და გაიგებენ, რომ ქართველია, როგორ შეიძლება არ დაინტერესდნენ? როცა ადამიანის მიმართ პატივისცემას გრძნობენ, მის ქვეყანასაც უკვე პატივისცემით მოიხსენიებენ. თუმცა, უნდა აღვნიშნო ისიც, რომ საქართველოსთვის ამერიკული ბაზარი, ტურისტული თვალსაზრისით აუთვისებელია და ამაზე ძალიან მწყდება გული. ვფიქრობ, ამ კუთხით, კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი.
–რომელი იყო ყველაზე მძიმე ისტორია, რომელიც ქართველი ემიგრანტებისგან მოისმინე?
–ყველაზე მძიმე? ყველა მძიმეა. ყველამ ძალიან რთული გზა გაიარა, ყველამ ჩემსავით უცხოდ იგრძნო ახალჩამოსულმა თავი და მხოლოდ დაუღალავი შრომის შედეგია მათი წარმატება. ზოგი მომვლელად მუშაობდა, ზოგი ბარში და თან სწავლობდა, თავიდან გადიოდა კურსებს, იღებდა სერტიფიკატებს, რადგან, აქ ხელოსნადაც ვერ იმუშავებ, თუ კურსები არ გაიარე. საქართველოს მაცხოვრებელთა უმრავლესობა ემიგრანტებზე დგას, თითქმის ყველა ოჯახიდანაა თითო ემიგრანტი. ვინც საქართველოში კარგი განათლება მიიღო, ან მცირე ბიზნესი დაიწყო, უმეტესად სულ ემიგრანტების დახმარებით. თუნდაც, იმ ცალ ფეხზეც რომ დგას დღეს ჩვენი ქვეყანა, ესეც ემიგრანტების დამსახურებაა. სად ხარჯავენ ჩვენი ემიგრანტები თავიანთ ნაშრომს? ისევ თავიანთ სამშობლოში, ოჯახებს უგზავნიან, ყიდულობენ სახლებს, ეხმარებიან ახლობლებს ბიზნესის დაწყებაში, განათლების მიღებაში. ამ ადამიანებმა რატომ დატოვეს ქვეყანა? იმიტომ რომ ვერ არჩინეს საკუთარი შრომით საქართველოში ოჯახები – იძულებულნი იყვნენ ემიგრაციაში წასულიყვნენ. წავიდოდნენ რომელიმე ქვეყანაში, ისწავლიდნენ და დაბრუნდებოდნენ ისევ საქართველოში, საკუთარი პროფესიით რომ შეეძლოთ ფინანსურად მყარად დგომა. რა ისტორია უნდა იყოს ამაზე მძიმე? სწორედ იმიტომ რომ პასუხისმგებლობა აქვთ აღებული საქართველოში დარჩენილ ოჯახებზე, იძულებულნი არიან წლობით იმუშაონ ლამის 24 საათიანი გრაფიკით და არ დაიტოვონ დრო სწავლისთვის, ტრენინგებისთვის, სერტიფიკატების ასაღებად, პროფესიული ხაზის გასაგრძელებლად. კითხულობენ ხოლმე, სად არიან? იქ არიან, იქ, ისევ იქ არიან, ვერ ეშველათ, მუხლჩაუხრელ შრომაში არიან და ყველა მათგანი სამშობლოში დაბრუნებაზე ოცნებობს. როგორ უნდა იცხოვრონ დღევანდელ საქართველოში იმ პენსიით, ეგ ცალკე საკითხია. ამერიკაში მოხუცებულობა არის ტკბობა და საქართველოში – ტანჯვაა. აქ 70 წლის ადამიანს მოხუცი რომ დაუძახო, ეწყინება, 70 წლის მერე აძლევს თავს მოდუნების საშუალებას. ამერიკაში ყველა უბანშია ასაკოვანი ადამიანებისთვის თავშეყრის ადგილები, ტარდება ივენთები, ღონისძიებები, წიგნის განხილვები. ზოგადად, აქ უბნის კულტურაც სხვაგვარადაა განვითარებული, არ წავლენ სხვა უბანში ნივთის საყიდლად, ყავის დასალევად, სავახშმოდ. ერთი მაღაზიაც რომ დაიკეტოს უბანში, ძალიან ბევრს იდარდებენ. ყველა ცდილობს მისი უბანი იყო განვითარებული, დასაქმებული, ლამაზი.
–რას ურჩევ იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს აპირებენ ემიგრაციაში წასვლას?
–ამას ყველა რესპონდენტს ვეკითხები და ნაწილობრივ, ეს გადაცემა და ინტერვიუთა ციკლი ერთგვარი გზამკვლევიცაა იმ ადამიანებისათვის, ვინც ახლა გეგმავს სხვა ქვეყანაში სამუშაოდ წასვლას. პირველ რიგში აუცილებელია მენტალური სიძლიერე. უნდა იცოდეს, რა უნდა, რისთვის მოდის, არ იფიქროს, რომ წინააღმდეგობა არ დახვდება გზად, აუცილებლად დახვდება, ამისათვისაც მზად უნდა იყოს. ვურჩევ, არასოდეს დაივიწყოს, რისთვის ჩამოვიდა თავისი მიზნებისთვის ბოლომდე იბრძოლოს. ისიც უნდა იცოდეს, რომ გარდა ბევრი შრომისა, უნდა გაუძლოს იმ გრძნობას, რომელიც ყველაზე მეტად „გვიტევს“ – მონატრებას – გვენატრება სულ, და ყველგან, ყოველთვის, მაშინაც როცა მოწყენილნი ვართ და მაშინაც, როცა გვიხარია.
–დასახულ მიზანს უკვე მიაღწიე, შექმენი ის საინფორმაციო სივრცე და უკვე ძალიან პროდესიონალურ დონეზე, რომელიც და როგორიც გინდოდა. ხარ ქვეყანაში, სადაც ყველა მიზნის ახდენა შეიძლება და ამისათვის სულ ახლის ძიებასა და შრომაში ხარ, გაქვს უკვე ახალი მიზანი?
–არ ვთვლი, რომ ბოლომდე მივაღწიე მიზანს. ეს გადაცემა ჩემი პატარა შვილია, მასზე ვზრუნავ და ვდარდობ, თავს არ ვზოგავ და ძალიან მინდა ისე გავზარდო, როგორც მაქვს ჩაფიქრებული. ახლა ძალიან კარგი გუნდი მყავს შეკრული. ბევრი დრო და ენერგია დავრხარჯე, რომ ამ გუნდში სწორედ ქართველი ემიგრანტები ყოფილიყვნენ, ადამიანები, რომლებიც იძულებულნი იყვნენ საყვარელი საქმე მიეტოვებინათ საქართველოში და ამაყი ვარ, რომ შევძელი და დღეს ჩვენი გუნდი სრულად ქართველებისგან შედგება. უცხო ქვეყანაში დავუბრუნდით ჩვენ პროფესიას და ეს ძალიან მიხარია, მაგრამ… ჩემი მიზანია, მეტ ქართველ ემიგრანტს მიეცეს საშუალება პროფესიულად გაზრდის, მინდა ერთ კი არა, რამდენიმე გადაცემას ვაკეთებდეთ. რაც მეტნი ვიქნებით, მით მეტ ადამიანთან მივალთ, მით მეტ ემიგრანტს გავაცნობთ ჩვენ ქვეყანას, მით მეტ კარგ საქმეს გავაკეთებთ. სამწუხაროდ, დღეს საქართველო არ არის მხოლოდ საქართველოში, დღეს საქართველო გაფანტულია მთელ მსოფლიოში და ეს არც ერთი ემიგრანტის სურვილი არ არის, არავინ ოცნებობდა, უცხო მიწაზე ეცხოვრა. ყველა ჩემი რესპოდენტი ემიგრანტი ოცნებობს, რომ აი, ერთ დღესაც დაბრუნებდა სამშობლოში. მეც ასე ვფიქრობ, მეც ძალიან მინდა დავბრუნდე რაღაც დროის შემდეგ, მაგრამ მინდა დავბრუნდე ქვეყანაში, სადაც შემეძლება ჩემი საყვარელი საქმე ვაკეთო და თან ვიდგე ფინანსურად მყარად ფეხზე, ქვეყანაში, სადაც არ შემეშინდება მოხუცებულობის. ყველა ემიგრანტივით, მეც მინდა, ჩემი აქ შეძენილი გამოცდილება ჩემ ქვეყანას მოვახმარო, ჩემ ქვეყანაში დავიხარჯო და პირიქით, ჩემი ქვეყნიდან მივაწვდინო მერე ამერიკელებს ხმა მათ ენაზე და მოვიწვიო საქართველოს გასაცნობად. ახლა საქართველოს არ აქვს დალხენილი პერიოდი, ზღვარს გავდივართ, დღეს კიდევ ერთხელ ვპასუხობთ კითხვას, უკან ვტოვებთ საბჭოთა მენტალობას და რუსულ მარყუჟებს და მივდივართ წინ, ევროპული გზისკენ და ქვეყნის განვითარებისკენ, თუ არა და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მალე, კიდევ ერთ გადამწყვეტ სიტყვას იტყვის ჩვენი ქვეყანა, შემდეგ კი, ყველა ემიგრანტს შეგვეძლება დავბრუნდეთ, სამშობლოში, ვაკეთოთ საყვარელი საქმე და არ გვეშინოდეს ხვალინდელი დღის.
თამო კეშელავა, ალია
555 46 08 04
კომენტარები