სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის, შვილი, ნიკა გოგაშვილი მივიდა.
როგორც ცნობილია, გამოკითხვა ორ ეპიზოდს შეეხება. საუბარია, ერთის მხრივ, გოგაშვილის დაკავების დროს ჩატარებულ სპეცოპერაციაზე. გოგაშვილის ოჯახი ამბობს, რომ სამართალდამცველებმა ამ დროს თავად გოგაშვილსა და მისი ოჯახის წევრებზე არაპროპორციული ძალა გამოიყენა, ასევე, მათი თქმით, ჩხრეკა საცხოვრებელ სახლში უკანონოდ ჩატარდა.
მეორე ეპიზოდი ეხება შეხვედრას რუსთავის ციხეში. გოგაშვილის ოჯახის წევრების თქმით, ვიზიტი არასამუშაო საათებში შედგა, ისინი იუსტიციის სამინისტროსგან კადრების გასაჯაროებას მოითხოვენ. მინისტრი ბრეგაძე კი ამტკიცებს, რომ იმ დროს რუსთავის ციხეში სათვალთვალო კამერები გამორთული იყო.
“პირველ რიგში, რაც დღეს აქ ხდება, ეს მხოლოდ ფორმალობაა. ჩვენ ყველანაირ კანონიერ ბერკეტს გამოვიყენებთ, რომ ჩვენი სიმართლე დავამტკიცოთ. დღევანდელი ჩემი აქ მოსვლა მხოლოდ იმას ემსახურება, რომ უბრალოდ ფურცლები დაიხარჯება წერით. სავარაუდოდ, იქნება ორ ეპიზოდზე, ჩვენთან სახლში შემოვარდნასა და უკანონოდ ციხეში რომ შეგვიყვანეს. მე მინდა, ვუპასუხო იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს, რომ 7 დღე რომ გამორთულია კამერები, ეს თურმე ხარვეზია, თქვენ წარმიდგინეთ, მაგ ციხეში რომ ეგეთი სიტუაციაა, რა ხდება სხვა ციხეებში”, – თქვა ნიკა გოგაშვილმა.
პარალელურად, რუსთავის მე-12 დაწესებულებაში სოსო გოგაშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს. გოგაშვილს ადვოკატ დიმიტრი მჭედლიშვილთან დაკავშირებით კითხავენ. სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ მჭედლიშვილი მასთან შს მინისტრის დავალებით, სასურველი ჩვენების მისაცემად მიაგზავნეს.
წყარო – მთავარი არხი
კომენტარები