2022 წლის 16 მაისს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, “საერთაშორისო გამჭვირვალობამ” შეისწავლა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ორი ეპიზოდი), რაც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს და საბოლოო სასჯელის სახედ განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვის ვადით.
განცხადებაში წერია, რომ მოსამართლის მიუკერძოებლობასა და ობიექტურობასთან დაკავშირებით არსებული ლეგიტიმური კითხვების უგულებელყოფის, ნიკა გვარამიას მსჯავრდებისა და სასჯელის განსაზღვრის კუთხით სამართლებრივი მსჯელობის სიმწირის, მტკიცებულების სახით წარმოდგენილი ფაქტების სისტემური ანალიზისა და სასამართლოების შესაბამისი პრაქტიკის, იურიდიული ლიტერატურისა თუ სამეცნიერო ნაშრომების გამოყენების ნაკლებობის გამო შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი დაუსაბუთებელია.
1. მოსამართლის აცილების საკითხი
განაჩენი სრულყოფილად არ ასახავს მოსამართლის აცილებასთან დაკავშირებულ საკითხებს. 2021 წლის 15 დეკემბერს დაცვის მხარემ მოსამართლის აცილების შუამდგომლობა იმ საფუძვლით დააყენა, რომ ერთ-ერთი დასაკითხი პირი მოსამართლის ახლო მეგობარი და საქმის შედეგით დაინტერესებული იყო. მოსამართლის განმარტებით კი, მისი მეგობარი საქმეში მხოლოდ მოწმის სახით ფიგურირებდა და ეს მოცემულობა არ შეიძლება გამხდარიყო მისი აცილების წინაპირობა. გარდა ამისა, განაჩენში მითითებულია, რომ აცილების საკითხი დამოკიდებული არ უნდა იყოს დაცვის მხარის სურვილზე, მოსაზრებასა თუ ჰიპოთეტურ დაშვებაზე და დაცვის მხარეს უნდა წარმოედგინა ფაქტობრივი გარემოება, რომელიც მის მიუკერძოებლობასა და ობიექტურობას ეჭქვეშ დააყენებდა.
ამის საპირისპიროდ, მოსამართლემ გვერდი აუარა იმ საკითხს, რომ მისი ახლო მეგობარი „რუსთავი 2”-ის ამჟამინდელი მმართველი მედია ჰოლდინგის დირექტორია. ბუნებრივია, ჰოლდინგის დირექტორს ნიკა გვარამიას გამამტყუნებელი განაჩენის მიმართ უნდა ჰქონოდა პირდაპირი ფინანსური დაინტერესება. მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლემ არ უარყო ამ პირთან ახლო მეგობრობისა და რეგულარული კომუნიკაციის ფაქტი, აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და განაჩენში ეს საკითხი სათანადოდ არც ასახა.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და სამოსამართლო ქცევის ბანგალორის პრინციპების მიხედვით, მოსამართლე ვერ მიიღებს მონაწილეობას საქმის განხილვაში, თუ არსებობს გარემოება, რომელიც საეჭვოს ხდის მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას. საქმის შედეგით დაინტერესებულ პირთან ახლო მეგობრობის ფაქტი კი ის გარემოებაა, რომელიც მოსამართლის აცილების საფუძველი უნდა გამხდარიყო.
2. 2015 წლის ეპიზოდი (ე.წ. რეკლამის გაყიდვის საქმე)
სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილ გაფლანგვის ბრალდებაზე კვალიფიკაცია შეცვალა, ნიკა გვარამია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში სცნო დამნაშავედ და სასჯელის სახედ 50 000 ოდენობით ჯარიმა განუსაზღვრა. სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ 2015 წლის 16 იანვარს რეკლამის გაყიდვის წესის ცვლილებითა და 2015 წლის სექტემბერ-დეკემბერში წინა წელთან შედარებით ნაკლები შემოსავლის მიღებით ნიკა გვარამიამ ტელეკომპანიის ინტერესების საწინააღმდეგოდ იმოქმედა და მას ზიანი განზრახ მიაყენა.
სასამართლომ უგულებელყო მასთან წარდგენილი სასამართლოს მეგობრის არაერთი მოსაზრება, რომელთა მიხედვითაც კომპანიის დირექტორის მიერ მიღებული მსგავსი მენეჯერული გადაწყვეტილების მართლზომიერების შეფასება, პირველ რიგში, კორპორაციულ-სამართლებრივ ჭრილში და დირექტორის უფლება-მოვალეობების მხედველობაში მიღებით უნდა მომხდარიყო.
კორპორაციული მართვის პროცესში დირექტორისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება, იმ მოტივით, რომ მისმა გადაწყვეტილებამ საწარმოს წინა წლის მსგავსი შემოსავალი არ მოუტანა, ეწინააღმდეგება სამეწარმეო განსჯის წესს. კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე, დირექტორს უფლება აქვს მიიღოს სარისკო გადაწყვეტილებები. მას არ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა მხოლოდ იმიტომ, რომ მისი გადაწყვეტილება საწარმოსათვის მოგების მომტანი არ აღმოჩნდა. დირექტორის გადაწყვეტილებამ შესაძლოა საწარმოს მოგება არ მოუტანოს, თუმცა იგი გამართლებული იყოს საწარმოს ეფექტიანად ფუნქციონირების გაგრძელებისათვის. ნიკა გვარამიას სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლებოდა დაკისრებოდა, თუ დადასტურდებოდა, რომ იგი მოქმედებდა ერთპიროვნული გადაწყვეტილების, მისი პირადი დაინტერესების, თაღლითობის, კორუფციული თუ სხვა დანაშაულებრივი ქმედების საფუძველზე.
გარდა ამისა, მოსამართლემ უგულებელყო ის ფაქტი, რომ „რუსთავი 2-ის“ პარტნიორს (მფლობელს) რეკლამის გაყიდვის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით თანხმობა ჰქონდა გაცხადებული. მიგვაჩნია, რომ განაჩენში მითითებული არაერთი დასკვნა ზოგადი ხასიათისაა ანდა არ შეიცავს მსჯელობას თუ რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მივიდა სასამართლო ამ დაშვებამდე.
3. 2019 წლის ეპიზოდი (ე.წ. ავტომანქანის საქმე)
ამ ეპიზოდში სასამართლომ ნიკა გვარამია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში სცნო დამნაშავედ და სასჯელის სახედ 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ 2019 წელს ნიკა გვარამიამ „რუსთავი 2-ის“ კუთვნილი სარეკლამო დრო საბაზრო ფასზე ნაკლებად გაყიდა, რათა ბარტერის სანაცვლოდ, შუამავალი კომპანიისაგან (შპს „პროესკო მედია“) მისი ოჯახის ფაქტობრივ საკუთრებაში ავტომანქანა მიეღო. გარდა ამისა, განაჩენის თანახმად, ნიკა გვარამიასთან წინასწარი შეთანხმებით, შუამავალი კომპანია სამი თვის განმავლობაში განზრახ ამცირებდა „რუსთავი 2”-ისათვის გადასახდელ თანხას, რის შედეგადაც ტელევიზიამ 2019 წლის აპრილიდან ივლისამდე პერიოში 66 271 ლარის ზიანი განიცადა.
წინა ეპიზოდის მსგავსად, მოსამართლეს, პირველ რიგში, არ უმსჯელია კომპანიის დირექტორის ქმედება რამდენად იყო სამეწარმეო სამართლით შესაფასებელი კატეგორია. კერძოდ, მას უნდა დაედგინა მოქმედებდა თუ არა დირექტორი სამეწარმეო განსჯის წესის ფარგლებში და დარღვეული იქნა თუ არა დირექტორის ფიდუციური ვალდებულება (ზრუნვის, კეთილსინდისიერებისა და ერთგულების მოვალეობა). მხოლოდ აღნიშნული საკითხების შემოწმებისა და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი იმის შეფასება, თუ რამდენად არსებობდა სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის რელევანტური საფუძველი.
გასათვალისწინებელია, ის გარემოებაც, რომ ავტომობილის ფაქტობრივ მფლობელობაში მიღებასთან დაკავშირებით სასამართლო წინააღმდეგობრივ დასკვნას აკეთებს. მოსამართლე განმარტავს, რომ ნიკა გვარამიას შეეძლო ავტომობილი პრემიის სახით მიეღო, თუმცა მან კომპანიისათვის საზიანო დანაშაულებრივი სქემა აირჩია. გაუგებარია, რატომ უნდა გაუჩნდეს ადამიანს დანაშაულის ჩადენის განზრახვა იმ შედეგის მისაღწევად, რაც მას კანონიერი გზითაც შეუძლია მიიღოს. მოსამართლის განმარტებით, პრემიის გამოწერის გზით ავტომანქანის მიღება მართლზომიერი იქნებოდა, ხოლო ხელშეკრულების დადებით „რუსთავი 2”-ს მატერიალური ზიანი მიადგა. გაუგებარია, როგორ მივიდა სასამართლო ამ დასკვნამდე, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ პრემიის მიღების შემთხვევაში ტელეკომპანიას შესაძლოა ნაკლები შემოსავალი მიეღო. გარდა ამისა, სასამართლომ არ იმსჯელა ნიკა გვარამიას მოტივაციასა და განზრახვის ელემენტზე – ამ საკითხზე განაჩენში სიღრმისეული და საკმარისი დასაბუთება არ არის.
4. სასჯელის დანიშვნა
ნიკა გვარამიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით დადგა. 2015 წლის ეპიზოდზე, სადაც ბრალდების მტკიცებით ზიანმა 6 763 509 ლარი შეადგინა, მოსამართლემ სასჯელის სახედ 50 000 ლარის ოდენობის ჯარიმა გამოიყენა. ხოლო, 2019 წლის ეპიზოდზე, სადაც ბრალდების მტკიცებით ზიანმა 66 271 ლარი შეადგინა, ნიკა გვარამიას 3 წლისა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
სასჯელის დანიშვნისას მოსამართლის მსჯელობა არის ზოგადი და აბსტრაქტული, ხოლო მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და არაპროპორციული. მოსამართლის მიერ სასჯელის დანიშვნა უნდა ემყარებოდეს კანონიერების, სამართლიანობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპებს. საპატიმრო სასჯელის განსაზღვრა შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, თავისუფლების აღკვეთის გარდა, სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, გამასწორებელ სამუშაოს და შინაპატიმრობას.
სასამართლო სასჯელის განსაზღვრის დასაბუთებას მხოლოდ ერთ აბზაცს უთმობს. მოსამართლემ განმარტა, რომ ჯარიმის დაკისრება არ იყო მიზანშეწონილი, რადგან ნიკა გვარამიამ ჯარიმის გადახდაზე დეკლარირებულად განაცხადა უარი, ხოლო შინაპატიმრობის გამოყენებით ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი ვერ იქნებოდა დაზღვეული. ამგვარი განმარტება არ შეიძლება ჩაითვალოს სარწმუნო დასაბუთებად, რადგან, 2015 წლის ეპიზოდში მოსამართლემ სასჯელის სახედ სწორედ ჯარიმა გამოიყენა. გაუგებარია, ბრალდებულის განმარტებამ როგორ მოახდინა გავლენა მხოლოდ ერთ ეპიზოდზე სასჯელის დანიშვნაზე. გარდა ამისა, 2015 წლის ეპიზოდზე, სადაც ბრალდების მტკიცებით, ტელეკომპანიისათვის მიყენებული ზიანი დაახლოებით 100-ჯერ მეტი იყო, მოსამართლემ ჯარიმა გამოიყენა. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ჯარიმის დანიშვნისა და ნიკა გვარამიას მიერ მისი გადაუხდელობის შემთხვევაში სამომავლოდ შესაძლებელი იქნებოდა უფრო მკაცრი სასჯელის გამოყენების სამართლებრივი შესაძლებლობა.
რაც შეეხება შინაპატიმრობის გამოყენების მიზანშეუწონლობას, გაუგებარია სასამართლო რომელი დანაშაულის ჩადენის რისკზე მიუთითებს. იგი მხოლოდ ზოგადი მითითებით შემოიფარგლება, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს საკმარის და დამაჯერებელ დასაბუთებად. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო ჰქონდა შეფარდებული და საქმის თითქმის სამწლიანი განხილვის განმავლობაში მას გირაოს პირობები არ დაურღვევია.
5. სასამართლოს მეგობრის მოსაზრებების კრიტიკა
საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, რამდენიმე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება იქნა წარდგენილი. სასამართლოს შეხედულებით, მოსაზრებები ვერ პასუხობდა მიუკერძოებლობის კრიტერიუმს, რადგან მოსაზრებების წარდგენის წინადადებით დაცვის მხარემ მიმართა (სახალხო დამცველის გარდა) და ავტორებმა საქმის მასალებიც დაცვის მხარისგან მიიღეს. იმის გათვალისწინებით, რომ მოსაზრების ავტორისთვის საქმის მასალების შესასწავლად გადაცემა მხოლოდ ბრალდების ან დაცვის მხარეს შეუძლია, მოსამართლის ლოგიკით, მოსაზრება რომელიმე მხარის სასარგებლოდ ყოველთვის სუბიექტური იქნება. გარდა ამისა, სასამართლოს აზრით, მოსაზრებებში განვითარებული ცალკეული შეფასებები სუბიექტური იყო და მიზნად ისახავდა დაცვის მხარის მხარდაჭერას. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლომ არ დააკონკრეტა რომელი მოსაზრების რომელი შეფასება ჩათვალა მიკერძოებულად და მხოლოდ ზოგადი მითითებით შემოიფარგლა.
გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სასამართლო უფლებამოსილი იყო სასამართლოში ზეპირი განმარტების მისაცემად გამოეძახებინა მოსაზრების ავტორები. ამ გზით, მხარეებსა და სასამართლოს მიეცემოდათ შინაარსთან დაკავშირებით კითხვების დასმისა და სუბიექტურობასთან დაკავშირებული ეჭვების გაქარწყლების შესაძლებლობა. მიუხედავად იმისა, რომ მოსაზრების ავტორთა გამოძახებაზე მხარის მიერ შუამდგომლობაც იქნა დაყენებული, მოსამართლემ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. სასამართლომ განაჩენში განმარტა, რომ მიზანშეუწონლად მიიჩნია მოსაზრების ავტორების სასამართლოში გამოძახება, თუმცა არ დააკონკრეტა რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი.
კომენტარები