“მთავარი არხის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია დღეს სტრასბურგში ევროპარლამენტარებთან საჯარო დისკუსიას გამართავს. ასევე, საღამოს, დაგეგმილია პრესკონფერენცია, რომლის სახელიცაა “ვითარება საქართველოში – პლურალიზმისა და მედიის თავისუფლების შესახებ”. მას მოდერატორობას ევროპარლამენტარი, პეტრას აუსტერვიჩუსი გაუწევს.
შეხვედრას დაესწრებიან ევროპარლამენტარები რასა იუკნევიჩიენე და ნაჩო სანჩესი, ევროპის სოციალისტური ჯგუფიდან, საიდანაც “ქართული ოცნება” ცოტა ხნის წინ გარიცხეს.
რასა იუკნევიჩიენე:
“ნიკა გვარამიას აქ დაპატიჟება ნიშნავს, რომ ყველა ევროპელი, მათ შორის ქართველებიც იზიარებენ ერთსა და იმავე ფასეულობებს. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, პრესის თავისუფლება არის ის ფასეულობები, რომელთა გარეშეც დემოკრატია არ არსებობს. ასე რომ, ნიკას ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვინც ყურადღებით აკვირდება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. ნიკას გათავისუფლება ყველა ჩვენგანის გამარჯვებაა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ამაზე არ გავჩერდეთ. მე ვცდილობ ბოლო წლებში ასეთი კარგი ამბავი გავიხსენო საქართველოდან და არ მახსენდება. მხოლოდ ცუდი ამბები მოდიოდა და ამიტომ ჩვენთვისაც, საქართველოს მეგობრებისთვისაც ძალიან რთულია ასეთ ვითარებაში მუშაობა. ამას ახლა დაემატა ისიც, რომ საქართველო ნატოს სამიტზე ჯეროვან დონეზე არ არის წარმოდგენილი. თუმცა, დავუბრუნდეთ ნიკას თემას და მინდა ვთქვა, რომ ეს ნამდვილად პოზიტიური მესიჯია. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს მისი შეწყალებისთვის და მინდა მოვუწოდო, რომ ამაზე არ გაჩერდეს და კიდევ გააკეთოს კარგი საქმეები, რათა საქართველო ევროკავშირს მაქსიმალურად დაუახლოვდეს”
კომენტარები