„ალიას“ ესაუბრება საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფოს“ თავმჯდომარე ზვიად ტომარაძე:
– რატომ მოუხსნა პარლამენტმა მეორედ იმუნიტეტი ნიკანორ მელიას და რატომ გადადგა გახარია, ზოგადად რა პროცესთან გვაქვს საქმე?
– საფუძვლიანი ეჭვი მიჩნდება, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ნიკანორ მელიას ნიკანორ მანდელად გადაქცევა სურთ და ოცნების ხელისუფლებაც ქვეყნის გარედან წამოსულ დავალებას ასრულებს. სხვაგვარად წარმოუდგენელია რატომ უნდა აქციონ მელია დევნილად და რატომ უნდათ გააცოცხლონ ისევ მიძინებული ოპოზიცია? მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ იმუნიტეტის მოხსნაზე კანონს დავემორჩილეთო, მთელ ოპოზიციას რომ არ მოუხსნეს დეპუტატის უფლებამოსილება და პარლამენტის რეგლამენტი დაარღვიეს, მაშინ არ იყო კანონის დარღვევა? თან რა საოცარი ლოგიკის ფონზე, ოპოზიცია არასახელმწიფოებრივად აზროვნებსო, საბოტაჟს აწყობსო და აი ამ ანტისახელმწიფოებრივ ელემენტებს უფლებამოსილებას არ შევუჩერებთ, პარლამენტში უნდა შემოვიყვანოთო… როდესაც მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეს აკავებენ, რომელმაც არჩევნებზე 27% აიღო და მეორე ადგილზე გავიდა, თან იმ ფონზე, როდესაც ოპოზიციური სპექტრი (მოგვწონს თუ არა) არ შედის პარლამენტში, როგორ ფიქრობთ, რა რეზონანსი ექნება ამ დაკავებას საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში? განა სწორედ მაგ მეგობარი ქვეყნების ელჩების ზეწოლის საფუძველზე არ გამოუშვეს შარშან ციხიდან ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა? განა მათ არ აიძულეს ოცნება არჩევნები 120/30–ზე ჩაეტარებინათ? ახლა, როგორ ფიქრობთ, რა პოზიციას დაიკავებდნენ? გახარია ხვდებოდა ამას და წინააღმდეგი იყო მიძინებული ოპოზიციის გამოცოცხლების. ეს პარლამენტი 4 წლიან ციკლს ვერ დაასრულებს, საკითხავია თარიღი, თუ როდისთვის ჩაინიშნება ვადამდელი არჩევნები. წელს 100 წელი სრულდება დამოუკიდებლობის დაკარგვიდან და ფრთხილად უნდა ვიყოთ, ისტორიას გამეორებები უყვარს!
ნანა სულავა, ალია
კომენტარები