წარმატებული ტრავმატოლოგებისგან შემდგარი „სამედიცინო წყვილი“ ბევრისთვის კარგად ცნობილი და მისაბაძია. ნინო გამცემლიძეს და ნიკოლოზ თევდორაშვილს კოლეგებთან და პაციენტებთან წარდგენა არ სჭირდებათ, საკუთარ საქმეზე უზომოდ შეყვარებულები ათასობით განკურნებულ პაციენტს ითვლიან და მათი სამუშაო დღე კლინიკის კედლებში არასდროს მთავრდება. წყვილი ოჯახშიც და სამსახურშიც ერთნაირ ჰარმონიაშია. ამჯერად, პროფესიის ირგვლივ არსებული აქტუალური საკითხების პარალელურად, პაციენტების საყვარელ ექიმებს სხვა რაკურსითაც გაგაცნობთ.
– ქალბატონო ნინო, ტრავმატოლოგობა მამაკაცურ ძალას, განსაკუთრებულ გამჭრიახობასა და ძალიან დიდ ანალიტიკურ უნარს მოითხოვს, ამიტომ ტრავმატოლოგ ქალებს ხშირად ვერ შევხვდებით, რატომ გადაწყვიტეთ ამ პროფესიაში წასვლა?
ნინო გამცემლიძე: სამედიცინო ინსტიტუტში იმ მიზნით ჩავაბარე, რომ პლასტიკური ქირურგი გავმხდარიყავი. 20 წლის წინ ეს დარგი საქართველოში ჯერ კიდევ კარგად არ იყო განვითარებული. რეზიდენტურის მეორე კურსზე ძვლის პლასტიკას გავდიოდი და ღუდუშაურის სახელობის ეროვნული ცენტრის ტრავმატოლოგია-ორთოპედიის განყოფილებაში მოვხვდი. აქტიურ მონაწილეობას ვიღებდი სხვადასხვა სახის ოპერაციებში როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში და ეს მიმართულება ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის, უცებ შეიცვალა ჩემი შეხედულებებიც და პლასტიკური ქირურგიის რეზიდენტურიდან ტრავმატოლოგიის რეზიდენტურაში გადავინაცვლე.
– ქალისთვის პლასტიკური ქირურგია განსაკუთრებით მიმზიდველია, ალბათ, ძალიან ემოციურია, როდესაც ადამიანს სასურველი ვიზუალის მიღებაში ეხმარები, როგორ დათმეთ ეს ბედნიერება და წახვედით ტრავმატოლოგიაში?
– სინამდვილეში ორთოპედია და პლასტიკური ქირურგია ძალიან ახლო დარგებია. პლასტიკური ქირურგია გაძლევს საშუალებას, გააბედნიერო პაციენტი სასურველი ვიზუალით, მაგრამ ამაზე დიდი სიამოვნებაა, გაასწორო დეფორმაცია, დაეხმარო პაციენტს ტკივილის მოხსნაში, აღუდგინო სახსარში მოძრაობები და მოსპო კოჭლობა ანუ პაციენტს დაუბრუნო და გაუუმჯობესო სიცოცხლის ხარისხი, რასაც ორთოპედიაში ვაკეთებთ.
– ხშირად გაქვთ საქმე დეფორმაციებთან, როგორი შედეგებია ამ მიმართულებით?
– დეფორმაციები არის როგორც თანდაყოლილი (მაგალითად, კიდურების სიმოკლეები), ასევე შეძენილი (არასწორად შეხორცებული ძვლების შედეგად წარმოქმნილი და პოსტტრავმული). თითქმის ყველა სახის დეფორმაცია გამოსწორებადია და გასაოცარი შედეგები გვაქვს.
– საოპერაციო მაგიდასთან ერთად დგახართ?
– დიახ, როდესაც ნიკაა ოპერატორი, მე ასისტენტი ვარ და – პირიქით.
– ბატონო ნიკოლოზ, რა ოპერაციები კეთდება ყველაზე ხშირად თქვენს განყოფილებაში?
ნიკოლოზ თევდორაშვილი: საოპერაციოში ჩვენი დროის 90 პროცენტი მსხვილი სახსრების ოპერაციულ მკურნალობას ეთმობა. შესაძლებელია სახსრის პრობლემების ადრეულ ეტაპზე კონსერვატიული მკურნალობით მოგვარება, მაგრამ როგორც წესი, საქართველოში პაციენტები საკმაოდ გვიან მოდიან ექიმთან, როდესაც ერთადერთ გამოსავლად ქირურგიული ჩარევა რჩება. მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრების ყველაზე პოპულარული ოპერაცია ენდოპროტეზირებაა. ეს სტანდარტული, საშუალო სიმძიმის ოპერაციაა, როგორც ექიმისთვის, ისე პაციენტისთვის, თუმცა, ყველა პაციენტს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. ოპერაციის შემდგომ პაციენტი უკვე მეორე დღეს იწყებს სიარულს დამხმარე საშუალებებით, უტარდება სამკურნალო ვარჯიშების კურსი, ჰოსპიტალიზაციის პერიოდი 4-5 დღეა, თუმცა მსუბუქი პაციენტების შემთხვევაში, მესამე დღესაც არის შესაძლებელი სახლში გაწერა.
– რა სიმპტომებით ხასიათდება სახსრების პრობლემები?
– პირველ რიგში ტკივილი სახსარში, რომლის შედეგად პაციენტები ხშირად იწყებენ თვითმკურნალობას სხვადასხვა ჯგუფის ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტებით, რომელთა მიღების პერიოდში კარგად გრძნობენ თავს, მაგრამ როგორც კი შეწყვეტენ წამლის მიღებას, ტკივილი ისევ ბრუნდება. ტკივილს მოჰყვება მოძრაობის შეზღუდვა და შემდეგ უკვე კიდურის დამოკლება, დეფორმაცია და კოჭლობა. სამწუხაროდ, ჩვენთან მოსული პაციენტების 90 პროცენტისთვის ერთადერთი გამოსავალი ოპერაციაა. თუმცა, ახალგაზრდა პაციენტებში მაქსიმალურად ვცდილობთ, სხვადასხვა მეთოდების დახმარებით გავწელოთ დრო რათა, რაც შეიძლება გვიან ასაკში გაკეთდეს ოპერაცია, ვინაიდან ხელოვნურ სახსარს არ აქვს თვითაღდგენის ფუნქცია და მოგეხსენებათ, რომ გამოყენების პროცესში ნებისმიერ ხელოვნურ ნივთს და მექანიზმს ახასიათებს ცვეთა. ამგვარად, თანამედროვე პროთეზი 15-25 წელი მუშაობს და როდესაც მოდიან, მაგალითად, 35 წლის პაციენტები, ყოველთვის ვაფრთხილებთ, რომ ცხოვრების განმავლობაში 2-ჯერ მაინც მოუწევთ პროთეზის გამოცვლა. გარკვეული დროის შემდეგ ყველაზე ძვირადღირებული პროთეზიც კი ცვდება, მოირყევა და შეცვლას საჭიროებს.
– ტრავმის შედეგად არასწორად შეხორცებული მოტეხილობის გამოსწორება რამდენად შესაძლებელია?
– ასეთ შემთხვევებს ინდივიდუალური მიდგომა ესაჭიროება, რადგან ნებისმიერი მოტეხილობა არასოდეს ხორცდება ერთნაირად. ასეთ დროს რიგ შემთვევაში შესაძლებელია დახმარება, მაგრამ არის შემთხვევები, მაგალითად, როდესაც საქმე ეხება კოჭ-წვივის სახსარს, პაციენტმა არჩევანი უნდა გააკეთოს – ჰქონდეს პატარა ტკივილი და მოძრაობა სახსარში ან, თუ ეს ტკივილი ძალიან შემაწუხებელია – ჩაიკეტოს სახსარი და ამის ხარჯზე მოეხსნას ტკივილი. ყოველთვის უკეთესია დროულად გაკეთდეს ოპერაცია და მოტეხილობა სწორად შეხორცდეს.
ნინო: დღევანდელ დღეს ძალიან აქტუალური თემაა ძვლის განლევა, ანუ ოსტეოპოროზი. არსებობს კვლევის ასეთი მეთოდი – დენსიტომეტრია, რომელიც ადგენს ოსტეოპოროზის ხარისხს და შესაბამისად ტარდება მკურნალობის კურსი. რაც შეეხება ართრიტებს და ართროზებს, სამწუხაროდ, ჩვენთან ბევრი ახალგაზრდა პაციენტიც მოდის ამ პრობლემით, თუმცა, ასაკოვნებში იგი უფრო ხშირია. მნიშვნელოვანია, პაციენტმა დროულად აღიქვას პრობლემა და მიმართოს შესაბამის ექიმს. ართროზების ადრეულ სტადიაზე საკმაოდ წარმატებულია კონსერვატიული მკურნალობა სახსარშიდა ინიექციებით როგორც ჰიალურონის მჟავით, ასევე ჰომეოპათიური მედიკამენტებით, რაც აბსოლუტურად უვნებელია, მათ შორის ორსულებშიც.
– რა როლი აქვს კვებას და წონის კონტროლს?
– საჭიროა ჩვეულებრივი, ნორმალური კვება. აუცილებელია წონის კონტროლი და ფიზიკური აქტივობა. სამწუხაროდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში კოვიდპანდემიით გამოწვეული ჩაკეტილობის ფონზე ადამიანები ფიზიკურად ვერ იხარჯებიან და ბევრი ჩვენი პაციენტი მოვიდა წონაში მნიშვნელოვნად მომატებული.
– ხშირი არ არის, განსაკუთრებით სამედიცინო სფეროში, როდესაც ორი წარმატებული პროფესიონალი საკუთარ ბედს ერთმანეთს უკავშირებს და წარმატებული სამსახურებრივი ტანდემის პარალელურად, სამაგალითო ოჯახის სტატუსიც აქვთ. როგორ დაიწყო თქვენი ისტორია?
ნინო: ერთმანეთი ღუდუშაურის კლინიკაში გავიცანით. ჩემთვის ადამიანის ინტელექტს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და ვფიქრობდი, მამაკაცი ვისთან ერთადაც ვიქნებოდი, აუცილებლად უნდა ყოფილიყო ისეთი, ვისგანაც ბევრის შემეცნებას შევძლებდი. მახსოვს, ჯერ კიდევ რეზიდენტი ვიყავი და ნიკასთან ერთად მომიწია ოპერაციაზე დგომა. მისმა პროფესიონალიზმმა, სიდინჯემ, თავდაჯერებულობამ და ხელის ტექნიკამ ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ურთიერთობა მეგობრობით დავიწყეთ, რაც შემდგომ დიდ სიყვარულში გადაიზარდა და თვრამეტი წელია ერთად ვართ. საოცრად კომფორტული ადამიანია.
– ბატონო ნიკოლოზ, თქვენ როგორ მოგხიბლათ ქალბატონმა ნინომ?
– პირველად მისმა გარეგნობამ მომხიბლა. თუ არსებობს იდეალური ადამიანი, ეს ჩემთვის ნინოა. ოჯახში, სამსახურში, სამეგობრო წრეში, ყველგან გამორჩეულია. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია სიმშვიდე და სწორედ, ეს მაქვს ნინოსთან. ერთმანეთის მიმართ ნდობა, ვფიქრობ, ჩვენი ოჯახის უდიდესი მონაპოვარია.
– მთელი დღე ერთ სივრცეში, პაციენტების გარემოცვაში ხართ, რა ხდება თავისუფალ დროს?
ნინო: გაგეცინებათ და საღამოს სახლშიც პაციენტებზე ვაგრძელებთ საუბარს, განსაკუთრებით რთული შემთხვევების დროს, ჩვენდა უნებურად გვეფიქრება მათ მდგომარეობაზე. ჩვენი საქმის ფანატიკოსები ვართ და ალბათ, ამანაც დაგვაახლოვა.
– ბატონო ნიკოლოზ, რთულია ასეთი წარმატებული და პოპულარული მეუღლე გყავდეთ?
– რთული არ არის, პირიქით, ძალიან სასიამოვნოა.
ნინო: ჩემთვისაც საამაყოა, ვიყო ნიკას მეუღლე.
– თქვენი ჰობი რამდენად ემთხვევა ერთმანეთს?
ნინო: მე მოგზაურობა და შოპინგი მიყვარს, ნიკა ფოტოგრაფიითაა გატაცებულია. ბევრი წელია, ფოტოაპარატებს აგროვებს და საკმაოდ დიდი კოლექცია მოუგროვდა. კლინიკაშიც გვაქვს გამოფენილი ნიკას ნამუშევრები.
– არსებობს მოსაზრება, რომ თუ ცოლ–ქმარი ერთ სამსახურში მუშაობს, ეს მათ ურთიერთობაზე დადებითად არ აისახება, თქვენ დაამსხვრიეთ ეს სტერეოტიპი.
ნინო: დიახ, როგორც გითხარით, თვრამეტი წელია, ერთად ვართ და ჩვენს შემთხვევაში, აბსოლუტურად პირიქითაა.
ნინო მახარაძე
კომენტარები