„ალიას“ ქუთაისიდან დაუკავშირდა თეიმურაზ შალამბერიძე, რომელიც ბეწვზე გადარჩა დაბრმავებას:
„ბავშვობიდან მქონდა მხედველობის პრობლემა, პატარა ვიყავი, როცა ცალი თვალი დავკარგე და მხოლოდ ერთი თვალის იმედად ვიყავი. თითქმის ნახევარი საუკუნეა ცალი თვალით ვუყურებ სამყაროს. შეშას ვჩეხავდი რამდენიმე კვირის წინ, ასხლტა ნაფოტი და სწორედ იმ თვალში მომხვდა, რომლის იმედად ვიყავი დარჩენილი. ექიმთან რომ მივედი, მითხრა, ძალიან რთული მდგომარეობაა, თვალი გეშლებაო. მირჩიეს „ნიუ ჰოსპიტალსში“ წავსულიყავი, შეშინებული და უიმედო ვიყავი, სრულ სიბნელეში დარჩენილი.
2 ოპერაცია გამიკეთეს ნიუ ჰოსპიტალსის ექიმებმა, პირველი ოპერაცია გადაუდებელი იყო და იგი გამიკეთა ოფთალმოლოგმა, ოფთალმოქირურგმა ილონა ჭაფანძემ, მეორე – გეგმიური, ვიტრეორეტინალურმა ქირურგმა, მიხაილო გავურამ.
2 კვირა დავყავი კლინიკაში, 2 კვირა დავყავი შიშში, რომ სიბნელეში დავრჩებოდი და თავის მოვლასაც ვერ შევძლებდი, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მამხნევებდა, იმედი მცირე მქონდა. სასწაულს დავარქმევდი იმას, რომ უკვე ვხედავ, მართალია, ჯერ ცოტა ბუნდოვნად, ბოლომდე უნდა დაიწმინდოს თვალი, მაგრამ გადაადგილებაც შემიძლია, თავის მოვლაც და არც სიბნელის მეშინია.
არ შემიძლია ბოლომდე გამოვხატო ის სიხარული, რაც ამ ექიმებმა მომანიჭეს, სიცოცხლის დამთავრების ტოლფასი იქნებოდა ჩემთვის მეორე თვალის დაკარგვა. მადლობას ვწირავ უფალს, რომ ამ დიდი განსაცდელის ჟამს, სწორ ადგილას და პროფესიონალი ექიმების ხელში მოვხვდი. გაუფრთხილდით, ადამიანებო, ჯანმრთელობას, არაფერი გვაქვს ჯანმრთელობის ფასი. დააფასეთ ექიმები, რომლებიც სიცოცხლეს და სიცოცხლის ხალისს გვინარჩუნებენ. მთელი ცხოვრება მემახსოვრება ამ ორი ექიმის, ილონა ჭაფანძეს და მიხაილო გავურას სახელები, მათი წყალობით, მე ისევ ვხედავ სამყაროს.”
კომენტარები