ქალაქ ნიუ-იორკში, დახურულ სივრცეში საქმიანობისთვის, მათ შორის რესტორნებსა და სპორტულ დარბაზებში შესასვლელად, ვაქცინაციის მტკიცებულების წარდგენა გახდება საჭირო. ამის შესახებ ქალაქ ნიუ-იორკის მერმა, ბილ დე ბლაზიომ განაცხადა.
კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის გავრცელების ფონზე, ქალაქ ნიუ-იორკში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვმა მკვეთრად იმატა.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია იმის მკაფიოდ განცხადება, რომ თუ ვაქცინირებული ხარ, სარგებელს ყველანაირად მიიღებ. უკეთესი ცხოვრება გექნებათ. ჯანმრთელობის მდგომარეობის გარდა, თქვენ მონაწილეობას ბევრ რამეში მიიღებთ. თუ არ ხართ ვაქცინირებული, სულ უფრო და უფრო ნაკლები რამ იქნება, რის გაკეთებასაც შეძლებთ“, – აღნიშნა ქალაქ ნიუ-იორკის მერმა.
ბილ დე ბლაზიოს თქმით, აღნიშნული პროგრამის განხორციელება 13 სექტემბერს დაიწყება.
კორონავირუსის „დელტა“ შტამის გავრცელების ფონზე, აშშ-ში კორონავირუსის ახალი შემთხვევების დღიურმა მაჩვენებელმა გასული წლის ზაფხულის პიკის მაჩვენებლებს გადაუსწრო.
აშშ-ის ზრდასრული მოსახლეობის 70%-მა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების, სულ მცირე, ერთი დოზა მიიღო.
კომენტარები