რატომ არ მიდის პანკისელების ხმა ხელისუფლებამდე და რატომ მიაჩნია ძალადობა ყველა ხელისუფლებას, თანაც ყოველთვის, პანკისის ხეობაში პრობლემების გადაჭრის გზად?! – ეს ის მთავარი კითხვაა, რომელიც პანკისის ხეობის უხუცესმა ხასო ხანგოშვილმა, „ადამიანების უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ გვერდზე ონლაინ-ჩართვისას, საქართველოს ხელისუფლების მისამართით გააჟღერა.
„ჩვენ საკმაოდ რთული გზა განვლეთ ,,ეროვნული მოძრაობიდან“ დღემდე. პირველივე დღიდან ქისტებმა გამოვავლინეთ, თუ საით უნდა დავმდგარიყავით.
ყველას გვახსოვს, პანკისის კრიზისი რა მდგომარეობაში მიმდინარეობდა, შემდეგ სააკაშვილის პერიოდში და მის შემდეგაც, მაგრამ ეს გადავლახეთ.
ამ პოლიტიკაში ერთი მაგისტრალული ხაზის გავლება შეგვიძლია. ქართველ და ქისტ საზოგადოებას შორის აზრთა სხვადასხვაობა არ იყო, მაგრამ ყველა ხელისუფლებას ყოველთვის პანკისის ხეობაში ძალადობა მიაჩნდა პრობლემების გადაჭრის გზად.
როდესაც პანკისის კრიზისი დასრულდა, ძალოვნებმა გადაწყვიტეს, ამ საკითხის გადაჭრა თავად აეღოთ საკუთარ თავზე.
პანკისის ხეობის უხუცესები ყოველთვის მივიჩნევდით, რომ ძალოვნები არ უნდა წყვეტდნენ, როგორ წარმართონ ხეობაში პროცესები. გვინდოდა ხელისუფლებამდე ხმა მიგვეწვდინა.
დარწმუნებული ვარ, არც სპეცოპერაციები და არც ჰესების საკითხი ასე არ წავიდოდა ხმის მიწვდენა, რომ შეგვძლებოდა.
ხეობაში ბევრი რამ გაკეთდა მაგრამ ინფრასტრუქტურული პროექტები არ არის საკმარისი, საჭიროა იდეოლოგიური პროექტების განხორციელებაც.
ჩვენ გვინდა, რომ ქართველმა ხალხმა არ იფიქროს, რომ ჩვენ ტერორისტები და მკვლელები ვართ. ეს არის ჩვენი მიზანი. ამავე დროს გვინდა, რომ არ გვკლავდნენ.
დავარღვიეთ კანონი? უნდა ვაგოთ პასუხი. მაგრამ როცა ძალადობაა, ძალადობას ძალადობა უპირისპირდება“
კომენტარები