COVID-19-ით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისით მიღებულ ზარალთან გასამკლავებლად, ეკონომისტმა ირაკლი ყიფიანმა ანტიკრიზისული გეგმის პროექტი წარადგინა, რომელიც ადამიანების, ოჯახების მხარდაჭერასა და ხელშეწყობაზე გულისხმობს. გეგმის მიხედვით, ოჯახების მხარდაჭერა უნდა გამოიხატოს თანხის, და არა ვაუჩერების გადაცემით, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ თავისუფლება, თავად გადაწყვიტონ, დაფარავენ კომუნალურ გადასახადს, შეიძენენ საკვებს, მედიკამენტებს თუ სხვა პროდუქტებს. გარდა ამისა, გამომდინარე იქიდან, რომ კრიზისი შეეხო მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, შეუძლებელია იდენტიფიცირება და გაზომვა, ვის უფრო მეტად გაუჭირდა და ვინ დაკარგა სამსახური, როცა ქვეყანაში მილიონამდე თვითდასაქმებულია, ამიტომ ფულადი დახმარება უნდა იყოს საყოველთაო ხასიათის.
ეკონომისტი ირაკლი ყიფიანის თქმით, ფულადი დახმარება უნდა იყოს საყოველთაო ხასიათის მათთვის, ვისი შემოსავალიც წლის განმავლობაში 40 000 ლარზე ნაკლებია, რადგან დახმარების სამიზნედ კონკრეტული ჯგუფების აღება, მოგვცემს შედეგად იმას, რომ გამოგვრჩება იმ ოჯახების დიდი ჯგუფი, რომლებსაც კრიზისი შეეხო და ეს მოხდება მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ქვეყანაში მონაცემთა ბაზები არ არის სრულყოფილად შექმნილი.
„ოჯახების მხარდაჭერა უნდა გამოიხატოს თანხის და არა ვაუჩერების გადაცემით. საქართველოში 840 ათასი ადამიანი მიეკუთვნება თვითდასაქმებულთა კატეგორიას. სახელმწიფო არ ფლობს ინფორმაციას, რა შემოსავალს იღებენ თვითდასაქმებულები და დაკარგეს თუ არა შემოსავლის წყარო. ეკონომიკის გაჩერება, პირველ რიგში, სწორედ თვითდასაქმებულებს დააზარალებს, ამიტომ ჩვენი ანტიკრიზისული გეგმა ითვალისწინებს მათთვის, ასევე უმუშევრად დარჩენილი დაახლოებით 45 ათასი ადამიანისთვის, 450 ათასი სოციალურად დაუცველისთვის და 760 ათასი პენსიონერისთვის, საშუალოდ 1000-ლარიანი დაფინანსების გამოყოფას
საქართველოში დასაქმებულთა 67% მცირე და საშუალო ბიზნესში მუშაობს. კრიზისის დროს, ბიზნესს უმცირდება შემოსავლები და ხდება იძულებული შეამციროს სამუშაო ადგილები. მთავრობამ უნდა გაუიაფოს კომპანიებს თანამშრომელთა შენახვა, რაც გულისხმობს საშემოსავლო გადასახადის გაუქმებას, ანუ 20%-ით მათი ხარჯების შემცირებას, რაც მათ საშუალებას მისცემს უფრო ნაკლები თანამშრომელი გაუშვას სამსახურიდან. საშემოსავლო გადასახადების დატოვებით, ვამცირებთ იმის ალბათობას, რომ ადამიანებმა სამსახური შეინარჩუნონ. მაგალითად, თუ კომპანია აპირებდა 5 ადამიანის გაშვებას, საშემოსავლო გადასახადების გაუქმებით, იმ ადამიანების რაოდენობა რომელთაც სამსახური უნდა დაეკარგათ მნიშვნელოვნად შემცირდება. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ მსგავსი ტიპის პოლიტიკა იყოს საყოველთაო ხასიათის და ჩვენ არ დავიწყოთ დაყოფა, მაგალითად, დავეხმაროთ ერთს და არ დავეხმაროთ რომელიმე სხვა სექტორს, რადგან დღეს ეკონომიკა გაჩერებულია და ყველა სექტორს თანაბრად, ვისაც კი მცირე და საშუალო მეწარმის სტატუსი აქვს, გადასახადი ყველას უნდა გაუუქმდეს, რადგან ეს თანხები დღეს ყველაზე მეტად ბიზნესს სჭირდება. ბიუჯეტი ამით ქამრების შემოჭერის პოლიტიკას ახორციელებს, რომლის მიხედვითაც ეს რეფორმა დაახლოებით 1,6 მილიარდამდე დაუჯდება.
მთავრობამ აქტიურად უნდა დაიწყოს მუშაობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, თანხების მობილიზებისათვის. პანდემიის დროს საერთაშორისო ორგანიზაციებმა მნიშვნელოვანი თანხები გამოყო, შესაბამისად მთავრობის ეფექტურობაზეა გამოკიდებული ამ თანხების მოიძიების საკითხი, IMF-მა და მსოფლიო ბანკმა კრიზისის დასაძლევად უკვე გამოყვეს შესაბამისი თანხები, განვითარებული ქვეყნების დასახმარებლად. ჩვენ უნდა მოვიზიდოთ არანაკლებ 1 მილიარდი დოლარი. დონორი ორგანიზაციებიდან რესურსების მოძიება კრიზისის პერიოდში ლარის გამყარების ერთ-ერთი ინსტრუმენტიცაა. გეგმაში აქცენტი ასევე გაკეთებული არის ეფექტურ საბიუჯეტო ხარჯვაზე. ფაქტიურად ორივე ინსტრუმენტი თანაბრად გასათვალისწინებელია, მათგან სწორი ხარჯვის დაწყება მთავრობას დღესვე შეუძლია, რითაც ბიზნესს და მოსახლეობას ახლავე დაეხმარება, 1-2 თვის შემდეგ კი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული თანხებით დააბალანსებს. გრანტების მოძიება მყისიერად არის დასაწყები და სხვა პრიორიტეტები ეკონომიკაში ახლა არ არსებობს“
კომერსანტი
კომენტარები