ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს:
“ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე ქრისტინე თაკალანძე.
უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და განხორციელდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება.
საქართველოს მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებით.
საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და უკიდურესად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს”
ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურის განცხადებით, გალის სოფელ ნაბაკევში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე 1998 წელს დაბადებული ქრისტინე თაკალანძე დააკავეს. აფხაზური მხარის მტკიცებით, ის ქართული მხარის სასარგებლოდ აფხაზეთში ინფორმაციას აგროვებდა.
ქრისტინე თაკალანძის ახლობლები “ჯაშუშობის” ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ და “მთავარ არხთან” ამბობენ:
ალბათ დასჭირდათ რუსებს, კერძოდ პუტინს, რეკლამის გულისთვის, რომ რაღაცა დაებრალებინათ მისთვის. ეს გოგო ამის გამკეთებელი არაა. რაღაცა ნივთები დაუდეს ყველაფერი. თვითონაც და ჩვენც ვიცით რა ხდება იქ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე და პუტინის სპეცსამსახური რას აკეთებს და რას მოქმედებს იქ ჩვენს გაჭირვებულ ხალხთან.
კომენტარები