ზაზა გახელაძეს წინასწარი პატიმრობა 2 თვით გაუხანგრძლივდა – ეს გადაწყვეტილება ციხინვალოს დეფაქტო სასამართლომ ცოტა ხნის წინ მიიღო.
“ნიუპოსტის” ცნობით, ოჯახს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან დაუკავშირდნენ და ცხელი ხაზით ინფორმაცია გააცნეს.
გახელაძეებს მოლოდინი ჰქონდათ, რომ მამაკაცის ბედი დღეს გაირკვეოდა. ისინი თვლიან, რომ კონკრეტული სამთავრობო უწყებების მიერ გადადგმული ნაბიჯები ეფექტური არ არის.
ზაზა გახელაძე მიმდინარე წლის ივლისში, სხვილოს ციხესთან ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს, მას ამ ბრალდების გარდა, რუს ე.წ. მესაზღვრეებზე შეიარაღებულ თავდასხმასაც ედავებიან, იმ ფონზე რომ მამაკაცი ოკუპანტებმა ფეხში თავად დაჭრეს და ცხინვალში გადაიყვანეს.
სუს-ს ამ მომენტისთვის ოფიციალური განცხადებაც კი არ გაუვრცელებია.
“ალია” შეგახსენებთ, 8 დეკემბერს სუს-მა განცხადება გააკეთა და თქვა:
“ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის 7 დეკემბერს, ოკუპირებულ აფხაზეთში, უკანონო პატიმრობაში მყოფ ირაკლი ბებუას, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, უკანონოდ მიესაჯა. აღნიშნულ ფაქტზე დაუყოვნებლივ მოხდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება.”
მაშინაც არავის უთქვამს რა გააკეთა სახელმწიფომ იმისთვის, რომ ბებუასთვის ე.წ. სასჯელის მაქსიმუმი არ მიესაჯათ. ვიძახოთ რომ სასჯელი ეგრეთ წოდებულია და უკანონო, ფაქტი და რეალობა ისაა, რომ ისინი ოკუპანტების ციხეებში სხედან და რაო, რა თქვეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა? გავიგეთ, რომ მოახსენეთ, მაგრამ რა გიპასუხეს და რა გააკეთეს, ვინ გვეტყვის???
ადამიანის უფლებათა დამცველ საერთაშორისო ორგანიზიებს, ელჩებს მიმართეთ?
რაც შეეხება “ცხელ ხაზს” – როგორც თავის დროზე, მინისტრმა ციხელაშვილმა გაგვანათლა, ცხელი ხაზი არის ეს – სუსი ურეკავს ევროკავშირის მისიას, ისინი უკავშირდებიან ოკუპანტებს ოფიციალური კითხვით, ოკუპანტები პასუხობენ ევროკავშირის მისიას და ევროკავშირის წარმომდგენლები ურეკავენ სუს-ს პასუხით. სულ ესაა “ცხელი ხაზის” საიდუმლოება!
კომენტარები