21 იანვარს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ კახა მურადოვის წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი გამოაცხადა. ის დამნაშავედ ცნეს “სისხლის სამართლის კოდექსის” ორი მუხლით – „სამშობლოს ღალატი“ და „ცეცხლსასროლი იარაღით უკანონო ვაჭრობა“. ე.წ. სასამართლომ მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში.
თავად მურადოვს ბრალი არც წინასწარი გამოძიების დროს და არც “სასამართლოში” არ უღიარებია.
საოკუპაციო რეჟიმის მტკიცებით, მურადოვი “აფხაზეთის მოქალაქეა”, თუმცა, მისი დაკავების შემდეგ, “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა” განაცხადა, რომ მას ქართული პასპორტიც ჰქონდა.
მურადოვი სოხუმში 2024 წლის 14 მაისს დააკავეს. საოკუპაციო რეჟიმის “უსაფრთხოების სამსახურმა” მისი დაკავებისა და დაკითხვის ვიდეო გაავრცელა, სადაც მურადოვი, ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან კავშირებზე საუბრობდა.
კომენტარები