გავრცელებული ინფორმაციით, საგანგებო-სახანძრო სამსახურების წარმომადგენლები ხანძრის რამდენიმე კერას ებრძვიან ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში. ხანძრები ქართული სოფლების მიმდებარე სოფლებში გაჩნდა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო „რეს”-ს საგანგებო სიტუაციების ე.წ. სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, პარასკევს ხანძრის რამდენიმე კერა გამოვლინდა. ძირითადად ხმელი ბალახი და ბუჩქები იწვოდა.
„სოფელ ხელჩუასა და დისევსთან მშრალი ბალახი იწვის. ხანძრის ადგილზე ერთი სახანძრო ბრიგადა იყო მობილიზებული. დილით კიდევ სოფელ კორკულაში იყო ხანძარი. ვინაიდან ხანძარი დიდი იყო, სამაშველო სამსახურის მეორე სახანძრო ბრიგადა მივიდა ადგილზე. ხანძართან ბრძოლა ახლაც გრძელდება”, – განაცხადეს სააგენტო „რეს”-თან დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების ე.წ სამინისტროში.
ოკუპირებული სოფლები ხელჩუა და დისევი ქართულ სოფლებს ზარდიანთკარს და გუგუტიანთკარს ესაზღვრებიან და როგორც ცხინვალში აცხადებენ, ხანძრები სოფლებთან ახლოს გავრცელდა. საგანგებო სიტუაციების ე.წ. სამინისტროში ისიც აღნიშნეს, რომ წინა კვირაშიც არაერთი ხანძრის კერის ლიკვიდაცია მოხდა ცხინვალის რეგიონის სოფლებში.
ცხინვალის რაიონის სოფელ ხეთაგუროვოში ტყის მასივთან ახლოს ბუჩქნარსა და ხმელ ბალახს გაუჩნდა ცეცხლი. მეორე კერა კი ცხინვალის ტბის სიახლოვეს იყო. დე ფაქტო სამინისტრო არ აკონკრეტებს რა ფართობზეა ხანძრები გავრცელებული. საგანგებო სიტუაციების ე.წ სამინისტროში აღნიშნეს, რომ მსგავსი ხანძრების მიზეზი, როგორც წესი, ხანძარსაწინააღმდეგო წესების დარღვევა და ცხელი ამინდია.
კომენტარები