ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა აფხაზეთსა და რუსეთს შორის სოხუმის საერთაშორისო აეროპორტის საინვესტიციო გეგმის განხორციელებისა და მომდევნო ექსპლუატაციის შესახებ რატიფიცირება მოახდინა.
შესაბამის დოკუმენტს მხარი დაუჭირა ე.წ. პარლამენტის 30-მა წევრმა, ორმა წინააღმდეგ მისცა ხმა, ერთმა კი თავი შეიკავა. დოკუმენტი შემუშავებული იყო საოკუპაციო რეჟიმის იუსტიციის, ფინანსთა და ეკონომიკის უწყებებთან ერთად.
აფხაზური მედიის ცნობით, ე.წ. შეთანხმება არეგულირებს აეროპორტში რუსეთის იურიდიული პირის მიერ საინვესტიციო პროექტის განხორციელების საკითხებს და ასევე განსაზღვრავს მხარეთა უფლებებსა და ვალდებულებებს. შეთანხმების მოქმედების ვადა 49 წელია, ამასთან 25 წელი იმოქმედებს განსაკუთებული საგადასახადო რეჟიმი.
„აეროდრომი და აეროდრომის ინფრასტრუქტურა დარჩება სახელმწიფო საკუთრებაში და სარგებლობაში გადაეცემა ინვესტორს. აეროპორტის ინფრასტრუქტურა, მათ შორის აეროსადგური ძველი შენობა, რომელიც ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ობიექტს წარმოადგენს, გადაეცემა ინვესტორს საკუთრებაში. მთავრობათაშორისი შეთანხმების მოქმედების ვადა 49 წელია. განსაკუთრებული საგადასახადო რეჟიმის მოქმედების ვადა 25 წელია, შეღავათების ნაწილი შენარჩუნდება შეთანხმების მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში“, – განაცხადა აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავჯმდომარემ, ალხას ბარციცმა.
ბარციცის თქმით, უკვე არის ორი ინვესტორი, რომელიც დაინტერესებულია პროექტით, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას, თუ რომელთან გაფორმდება კონტრაქტი, სპეციალური კომისია მიიღებს.
კომენტარები