მეცნიერი, თელ ავივის უნივერსიტეტის, ებრაისტიკის ევროპული ინსტიტიტუტის „პაიდეია“ და ოქსფორდის უნივერსიტეტის იშვიათ ებრაულ ენათა სკოლის კურსდამთავრებული, ბრიტანული Polonsky-ის პრიზიორი, ლაშა შაყულაშვილი:
ომში სხვანაირი საღამოები ყოფილა. მზე ჩადის, ქუჩები ყრუვდება, ხალხს გართობის ერიდება და არც მუსიკა ისმის. შენ, ძალაუნებურად, შენი სახლის წინა სახლებს უყურებ და ძალიან გინდა, რომ ფანჯრებიდან ისევ იმდენი სინათლე გამოდიოდეს – რამდენიც წინა ღამეს იყოს. ხალხი სახლშია, შესაბამისად, არც ომში გაუწვევიათ და არც ქვეყანა დაუტოვებიათ. ქუჩის ბოლოს რომ საყვავილეს ჭორფლებიანი გოგო ამუშავებდა, შოშანა, ის ჩრდილოეთში იბრძვის. გვერდითა ეზოში რომ მაღალი ბიჭი, როი, გიტარაზე უკრავდა – ის ღაზის სექტორის სიახლოვეს გაუშვეს. ვერც ტელეფონის ანგარიშს შეავსებ, რადგან შონი ტანკის მძღოლად წასულა. ავტობუსში რომ ბათ იამიდან ამოსული ბიჭი თავისი მაღალი მუსიკით ყველას ნერვებს გიშლიდათ – არც ის ჩანს. ფლორენტინის უბნის მუსიკოსი და ხელოვანი ხალხი კი სამხრეთ ისრაელში მოხალისედ წასულა და იმ ფერმათა მოსავლის გადარჩენას ცდილობენ, სადაც მუშები დახოცეს ან გაიტაცეს.
ასე ამოიკეტა უამრავი კაფე, მაღაზია და დაწესებულება.საღამოობით გინდა რომ ადამიანებზე იკითხო.ომში ყველაზე საოცრებებს ქალები ახდენენ, თურმე.აგერ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მეძუძური ქალები რძეს აბარებენ, რადგან დედის რძის გარეშე ბევრი ისეთი ბავშვია დარჩენილი, რომელსაც დედა ტერორისტებმა საკუთარ სახლში, ქუჩაში ან ფესტივალზე მხეცურად მოუკლეს; ან ღაზის სექტორში გაიტაცეს. ყველაფერს აკეთებენ რომ არცერთი ჩვილი დედის რძის გარეშე არ დარჩეს.საღამოს ბოლოს კი დასაძინებლად მიდიხარ. ვინ რა ღმერთს სთხოვს დახმარებას – აზრი არ აქვს, ყველას ერთი ცა გახურავთ, ერთი ქვეყნის ცა. ქვეყანას კი ისრაელი ჰქვია. ამ ცას კი ამ ღამეს, წინა ღამეებივით, რაკეტებს ესვრიან. მეორე დილას სამყაროს ვითომ ჰუმანური ნაწილი ადგება და თითს დაგვიქნევს – ისევ ცოცხლები რატომ ხართ და ამ რაკეტებს როგორ თუ არ შეეწირეთ, აბა, თქვენი სიმართლე სისხლის გარეშე როგორ დავიჯეროთო?!ჩვენ, ქართველები, როგორ ვართ? ჩვენც აქ ვიყავით, როცა ჩვენს მეორე სახლს, ისრაელს, ჰამასი დაესხა და ადამიანები წარმოუდგენელი სისასტიკით დახოცა. იგივე ჰამასი, რომელმაც ჩვენს სამშობლოში, საქართველოში, ეთნიკურ წმენდას, სიკვდილს და ტანჯვას შეწირული 300,000-ზე მეტი ადამიანის მშობლიური კერა, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, რუსეთთან ერთად დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.არც ჩვენი, ქართველების, დაიჯერა სამყარომ როცა ჩვენს მტერზე ვუყვებოდით და ვუმტკიცებდით, რომ ეს მტერი სამყაროსაც მისწვდებოდა. ახლა კი ვხედავთ როგორ ებრძვის ისრაელი იმ მტერს, რომელიც სამყაროს ემუქრება.ვუყურებთ და გულით გვინდა, რომ სამყარომ ამჯერად მაინც გაიღვიძოს და ხვალ, დილით, ცოცხლები რომ ავდგებით – ეგ მაინც გვაპატიოს.მშვიდობიან ღამეს და მშვიდობიანად გაღვიძებას გისურვებთ.
עם ישראל חי
კომენტარები