უფლებადამცველი ბაია პატარაია:
„პოლიტიკოსებს ვთხოვ – ახსენით თქვენი ქმედებები და მიმდინარე მოვლენები. დაცინვა და ნაც-ქოცების ძახილი ახსნა არ არის. ირონია და ოპონენტის დაცინვა ახსნა არ არის.
გახსოვდეთ – ერთმანეთს როცა მიმართავთ, სინამდვილეში მოგვმართავთ ხალხს. ყველა ლანძღვა და გინება, რითიც ერთმანეთს ამკობთ, სინამდვილეში ჩვენ მოგვემართება, ხალხს და არ მოგვწონს.
ხელისუფლებისგან მოველი: ისტერიკის და გინება-ფურთხების გარეშე აგვიხსნან, რა ხდება. შუა ომის დროს დრო ვიხელთეთ ფულის საკეთებლად თუ რუსეთი ცალმხრივად გვიხსნის ყველა სანქციას, რომ ერთთავად რუსეთუმე ქვეყნად გამოგვიყვანოს? პირველ ვარიანტშიც და მეორე ვარიანტშიც მაინტერესებს რა პასუხი აქვს ხელისუფლებას.
ოპოზიციისგან მოველი არა წივილ-კივილს, არამედ უნარს დიალოგში შევიდეს ხელისუფლებასთან, დაუსვას კითხვები ინფორმაციის მიღების მიზნით და შეყვეს საგნობრივ მსჯელობაში, შესთავაზოს ალტერნატივები და დაგვანახოს, რომ პრობლემის მოგვარების ხედვა გააჩნია. მარტო ხელისუფლების კრიტიკა არ კმარა, იქვე თქვით რა უნდა გაკეთდეს რეალურად, ოღონდ სიფსიხეები არ თქვათ, თორემ ხალხის მცირე ნდობასაც გახარჯავთ.
ყველა პოლიტიკოსს უნდა ახსოვდეს, რომ ყელში გვაქვს ამოსული ეს შიდა პოლიტიკური პორჭყვნები, როდესაც უპრეცედენტო გადალაგება მიდის მსოფლიოში და ისიც ვერ გაგვიგია, სად ვართ და რატომ? ეხლავე ჩანს, რომ ოცნებას არასწორად უდევს ფსონი – უკრაინა იგებს ამ ომს.
ომში წაგებული რუსეთი (დიახ, უკვე წაგებული აქვს ომი უკრაინასთან) გვექაჩება თავისკენ, “პა ხაროშემო” უნდათ ჩვენი მიწებება, რადგან “პა პლახომუს” თავი აღარ აქვთ – ჩვენთან მეორე ფრონტის გახსნა არანაირად არ აწყობთ.
ამასობაში ევროკავშირში გაიხსნა ფანჯარა, სადაც უკრაინა უეჭველი გაძვრა და ჩვენ ძალიან გაგვეწელება. ვიყოთ რეალისტურები. ჩვენ რას ვთავაზობთ ევროკავშირს წიხლების გარდა? წიხლი იყო ოცნების საზეიმო გამოსვლა შარლ მიშელის დოკუმენტიდან და წიხლი იყო ენმ-ის მხრიდან თვეობით ხელის არ მოწერა იმავე დოკუმენტზე.
მოკლედ, პოლიტიკოსებო, თავი ხელში აიყვანეთ და იმუშავეთ. დაგვანახეთ საგნობრივი მუშაობა, კონკრეტული გეგმები და მოსალოდნელი შედეგები.“
კომენტარები