დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ „ფორმულას“ ეთერში მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას, თქვა:
„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ევროპელების გუშინდელ დასკვნაში მიხეილ სააკაშვილი თემა. ვფიქრობ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები საბოლოო ჯამში ყალიბდებიან მიშასთან დაკავშირებით, რომ ის არის მსხვერპლი, ის არის ტუსაღი მარტო ბიძინა ივანიშვილის კი არა, ვლადიმერ პუტინის და ის არის ძალიან სერიოზული ფიგურა, რომელმაც ადრე სერიოზული როლი ითამაშა და რატომღაც მგონია, რომ მომავალშიც ითამაშებს.
მე ამაზე რამდენიმე წელია ვლაპარაკობ, ჩემს კოლეგა ოპოზიციონერებსაც ვეუბნებოდი, რომ სტრატეგიული შეცდომაა, როცა ხდება ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილის მიერ მიხეილ სააკაშვილის პერსონის იგნორირება. თითქოს არ ყოფილიყოს, თითქოს არ არის, ჭიტას თამაშობდა ოპოზიციაც, ხელისუფლებაც და საზოგადოებაც.
აგერ ნახეთ ამის დამადასტურებელი საბუთი, ვინ ესწრებოდა გუშინდელ სხდომას? დედამისი, ქალბატონი გიული ალასანია. ქართული პოლიტიკური სპექტრი იქ წარმოდგენილი არ იყო. ეს შეფასებაა. ევროპა არის ქმედებების სამყარო, კულტურაა. სიმბოლიზმს დიდი მნიშვნელობა აქვს. იქ არ ისხდნენ ქართველი პოლიტიკოსები, იქ იჯდა მისი ოჯახის წევრი.
ამითაც ხაზი იქნა გასმული რაღაც-რაღაცებზე, რომ ქართულ ოპოზიციას მაინცდამაინც ბევრი დრო არ აქვს დარჩენილი. ამ სახით, რა სახითაც ოპოზიცია დღეს არის, ცოტა ხანში აღარ იქნება. ბევრი ჩამოშორდება ამ საქმეს. იმიტომ რომ ბევრს ჰგონია პოლიტიკა არის სპრინტი, 100 მეტრზე სირბილი, არადა პოლიტიკა არის მარათონი. მარათონს ვერ უძლებენ ხოლმე. ვიღაცები გაქრებიან, ვიღაცები დარჩებიან“
კომენტარები