ლევან ჯავახიშვილი
ხელისუფლებისა და ოპოზიცის პერსპექტივაზე, დასავლეთის რეაქციებზე, მათ მოლოდინებსა და სავარაუდო დასჯის მეთოდებზე „ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, გია ხუხაშვილი:
– თქვენ ხომ აკვირდებით ევროპისა და ამერიკის რეაქციას. ისინი ყველაფერს თავის სახელს არქმევენ, მაგრამ არ უტევენ ხელისუფლებას აგრესიულად. იცით, ამას რატომ აკეთებენ? რატომ არ უტევენ აგრესიულად? იმიტომ, რომ ისინი არ თვლიან, რომ „ქართული ოცნება“ ამ ხელშკრულებიდან გასულია. ხელშეკრულებიდან გასვლა ასე, ცალმხრივად არ ხდება. ისინი ელოდებიან ადგილობრივ არჩევნებს და თუ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ 43% ვერ გადალახა, მერე მოსთხოვენ ამ მუხლის შესრულებას – ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გატარებას. აი, მერე მოსთხოვენ ძალიან მძიმედ და კატეგორიულად. ეს მოხდება, მეტი არაფერი. ამათ კი გამოაცხადეს, გავედითო, მაგრამ ეგრე სად არის ხელშეკრულებიდან გასვლა? ახლა მე და თქვენ რომ დავდოთ ხელშეკრულება რაღაცაზე, მერე მე რომ გამოგიცხადო, გავდივარ ხელშეკრულებიდან–მეთქი, თქვენ რას იზამთ? წახვალთ სასამართლოში და დამაკისრებთ მთელი ზიანის ანაზღაურებას, რაც ხელშეკრულების ცალმხრივად დარღვევით მოგადგათ. ასე უდგება დასავლეთი ამგვარ თემებს და ახლა ელოდებიან ვადამდელ არჩვნებს, მის შედეგებს.
– ევროკავშირი სასამართლოში ვერ უჩივლებს „ქართულ ოცნებას“ და შეთანხმება რომ შეასრულებინოს, რა საშუალებები გააჩნია საამისოდ?
– ყველა სასამართლოზე უარესია „ქართული ოცნებისთვის“ ის ბერკეტები, რაც ევროკავშირს გააჩნია მათ ჭკუაზე მოსაყვანად. თუ არჩევნებში 43% ვერ აიღო „ქართულმა ოცნებამ“, მაშინ დასავლეთი მოსთხოვს პირობის შესრულებას, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. თუ ევროკავშირს ეტყვიან, ჩვენ არ შევასრულებთ შეთანხმებით აღებულ ვალდებულებას, ცალმხრივად გავაუქმეთო, ევროკავშირი ეტყვის, ჩვენ დავამთავრეთ თქვენთან ურთიერთობაო. რას ნიშნავს ამ ურთიერთობის დამთავრება, ეს მგონი გესმით. ყველაფერი გაწყდება. მათი გაგებით, ცალმხრივად ხელშეკრულებას ვერ გაწყეტ და თუ გაწყვიტე, მაშინ პირგასამტეხლო უნდა გადაიხადო ათმაგი ოდენობით.
– კონკრეტულად, რას მოიმოქმედებს ევროკავშირი?
– ფინანსურ და სხვა სახის დახმარებებს შეგვიწყვეტენ, საგარეო ვალების სასწრაფოდ გადახდას მოგვთხოვენ, ამ ვალების გადავადებაზე ლაპარაკი აღარ იქნება. ვიზალიბერალიზაციას შეგვიჩერებენ და ეს რამხელა დარტყმა იქნება ქვეყნისთვის, თავად განსაჯეთ. ფაქტობრივად, იზოლაციაში მოგვაქცევენ და სხვა, დამატებით სანქციებს კიდევ ამერიკიდან უნდა ველოდოთ. ესენი რომ ამბობენ, აი, რუსეთში წავალთ, რუსეთთან დავალაგებთ ურთიერთობას, ამის თავიც და მანევრიც არ აქვთ. რუსეთში არა, იმაში წავლენ… საკუთარი ჩრდილისაც ეშინიათ. ამით ვითომ ვაჭრობენ დასავლეთთან, თორემ რუსეთში წასვლის თავიც არ აქვთ. ყველაფერს მოსთხოვენ, ის ფინანსური დახმარებები, რაც უკვე მოგვცეს, სად წავიდა და რაში დაიხარჯა, იმასაც გაარკვევენ. ვალდებულებების არ შესრულებას მოჰყვება ურთიერთობების გაწყვეტა.
– იმ ლოგიკით, რითაც თქვენ საუბრობთ, ოპოზიციამ ყველა ვარიანტში უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და არჩევნების ბოიკოტი არაფრის მომცემი იქნება. ასეა?
– კი, ყველა ვარიანტში უნდა მიიღოს მონაწილეობა, უნდა იბრძოლოს თითოეული ხმისთვის, რომ ხელისუფლებამ ვერ მიიღოს 43%.
– თქვენი აზრით, ოპოზიციის ერთიანი გუნდით გასვლა სჯობს თუ ცალ–ცალკე პარტიებისა?
– არა მგონია, გაერთიანება და საარჩევნო ბლოკის შექმნა უკეთესი იყოს. ვფიქრობ, ფრონტის გაშლა და ცალ–ცალკე მონაწილეობა უკეთესი იქნება. გამომდინარე ცნობილი მატრიციდან, ჩემი აზრით, პარტიების ცალ–ცალკე აღებული ელექტორალური ჯამი უფრო მეტია, გაერთიანებული პარტიების ჯამური რეიტინგი. აგიხსნით, რატომ. ზოგიერთ პარტიას ჰყავს ამომრჩეველი, რომელიც „ნაცმოძრაობას“ არ აძლევს ხმას, „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველი სხვა ოპოზიციურ პარტიებს არ აძლევს ხმას. შესაბამისად, ამომრჩევლის რაღაც რაოდენობა იკარგება. რადგან ოპოზიციის ამოცანაა, ჯამურად 48%–ის აღება, რათა 43% არ აიღოს „ქართულმა ოცნებამ“, ცალ–ცალკე, ვფიქრობ, მეტსაც მოაგროვებენ, ვიდრე ერთიანი ფრონტით.
კომენტარები