14 მარტის საღამოს, როცა დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე ქილერმა ლევან ჯანგველაძეს 14-ჯერ ესროლა, დაცხრილა მისი ავტომობილიც, რომელშიც შეიარაღებული მძღოლი, გია ჩადუნელი იჯდა – ის ფეხში დაიჭრა.
ტვ პირველის ცნობით, სწორედ გია ჩადუნელია ახლა საგამოძიებო უწყებისთვის ოქროს მოწმე – გამოძიება მისი მობილურით და კონტაქტებით უკვე დაინტერესდა. ჩადუნელის გარდა არაოფიალური ინფორმაციით, პოლიციამ ამოიღო კახა ძანძავას ტელეფონიც, რომელიც მოკლულთან ერთად იმ ღამეს პანაშვიდზე მივიდა.
ჩადუნელი არ პასუხობს “შაბათის ეთერის” კითხვას, რატომ არ მოახდინა საპასუხო გასროლა 14 მარტის ღამეს, რომელიც კრიმინალური ავტორიტეტის ძმისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.
საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი, მედიის ცნობით, მოკლული ბიზნესმენის ლევან ჯანგველაძის ქონებების გადაფორმების დროს, წარმომადგენლად საჯარო რეესტრის არაერთ დოკუმენტში სწორედ გია ჩადუნელია მითითებული.
ირკვევა, რომ 2022 წლის 22 ნოემბერს გია ჩადუნელმა კომპანია “დიდგორი 12” დააფუძნა, დაახლოებით ერთ თვეში, 29 დეკემბერს ჩადუნელი კომპანიას სახელს უცვლის, “დელტა დიდგორი 12”-ს არქმევს და წილის 25 პროცენტს თავდაცვის სამინისტროს იარაღის და საბრძოლო მანქანებს მწარმოებელ კომპანია “დელტას” ჩუქნის.
ჩადუნელი “შაბათის ეთერს” ეუბნება, რომ თავდაცვის სამინისტროსთან ერთად დაფუძნებულ კომპანიას არ უმუშავია და ის მხოლოდ ფურცელზე შეიქმნა, თუმცა, კიდევ ერთი დოკუმენტის მიხედვით, მოკლული ბიზნესმენის ლევან ჯანგვეალაძის გარემოცვასა და თავდაცვის სამინისტროს მიერ ერთობლივი კომპანიის დაფუძნებიდან რამდენიმე თვეში, 2023 წლის იანვარში, “დელტა” კიდევ ერთს “დელტა სეიფთს” აფუძნებს და დირექტორად, “კანონიერი ქურდის” ძმის მძღოლს გია ჩადუნელს ნიშნავს.
ჩადუნელი ამტკიცებს, რომ ორივე კომპანიას საქართველოს იარაღის მწარმოებელი კომპანია უნდა დაეცვა, მაგრამ შემდეგ გეგმები შეიცვალა.
ჩადუნელის ინტერვიუდან მტკიცდება, რომ რომ ის ამ კომპანიის მესაკუთრედ ფორმალურად გააფორმეს, და სავარაუდოდ, “დელტასთან” ბიზნეს ინტერესები შესაძლოა, ლევან ჯანგველაძეს ჰქონოდა. ორივე გარიგება “დელტასა” და ჯანგველაძის მძღოლს შორის ჯუანშერ ბურჭულაძის მინისტრობის დროს დაიდო. ამ პერიოდში პრემიერი იყო ირაკლი ღარიბაშვილი.
მედიაში ასევე აქტიურად საუბრობენ იმაზეც, რომ მკვლელობა შეკვეთილი იყო და მსროლელი, მხოლოდ და მხოლოდ შემსრულებელია, თუმცა, უცნობია, რამდენად მუშაობს გამოძიება ამ ვერსიაზე და შეძლებს, თუ არა, სიმართლის დადგენას.
14 მარტის ღამეს თბილისის ცენტრალურ გამზირზე 10 ტყვიით მოკლული “კანონიერი ქურდის” ძმა გუშინ დაასაფლავეს, მედია კი აქტიურად წერს სავარაუდო “კრიმინალურ ვენდეტაზე”, სახელდება ე.წ. შაქრო კალაშოვის კლანი, რადგან ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა სწორედ ის იდგეს ამ მკვლელობის უკან, ამ ვარაუდს ჯანგველაძის და “შაქარო მალადოის” კლანებს შორის წლების წინ დაწყებული დაპირისპირება აჩენს.
სხვადასხვა წყაროების მიხედვით, ლევან ჯანგველაძის მკველობა დაუკავშირდა ლაშა შუშანაშვილის და მინდია გორაძის იგივე “ლავას ოღლის” სახელსაც. “ლავას ოღლი” “სოხუმსკის” წლებია ებრძვის, რადგან გავრცელებული წყაროების თანახმად, მას 64 წლის კრიმინალურმა ავტორიტეტმა “ქურდის” სტატუსი ჩამოართვა.
კომენტარები