საბიძინოს ამბები
“მინისტრი ამბობს, მე ვარ კორონავირუსთან ბრძოლის ხელმძღვანელი და სარდალი, ოღონდ, კორონავირუსზე თუ რამე კითხვა გაქვთ – ვერ გიპასუხებთ, არ ვარ კომპეტენტურიო და რა თქვას მეტი ადამიანმა? მეტად როგორ გვითხრას, რომ უცოდინარია და “გამოხრული კბილის” იქეთ, მარტო ბიძინას ცნობს?”
მევიდა შენს საბიძინოში კორონა, ბიძინა ბატონო?
რავა ყველაფერი შენს სახლთან ახლოს მიგაქვს, რა უნდოდა საჩხერეში კარანტინის სივრცეს? თუ ასეთი კარგი იყო საჩხერე, რას მოგყავდა ტიკარაძე თბილისში, დაგეტოვებინა მანდ.
გამოვიდა საჩხერის კლინიკის დირექტორი და განაცხადა, კარანტინში (რომელიც საჩხერის საავადმყოფოს გვერდით აშენებულ სასტუმროში მოაწყვეს), ნომერში რომ შედის სანიტარი, იქვე ზღურბლთან ხვდება ბახილები, ხალათი და პირბადეო, მერე იცვამს და იხურავსო.
ზღრუბლამდე რომ დახვდეს და ნომერში შესვლამდე რომ გაიკეთოს პირბადე, რავა, ცუდად გახდება? იმის არ იყო, იმერელი პატრული რომ მძღოლს ეძახის, რა იყო „ოპელი“, წრე რომ დაგერტყა, გული აგერეოდაო?
მომხვეჭელობა გამიგია, ყველაფერი კარგის წაღების სურვილიც გამიგია, მარა, ვირუსი რაღამ წაგაღებინა საჩხერეში?
„გამეიარე, შენ არ გეიარე“ – სულ ასე უნდა ეძახო ჯანმრთელობის მინისტრ ტიკარაძეს, სულ შენელებულია, ვერასოდეს გაიგებ, რა უხარია, რა სწყინს და რაც მთავარია, რა უნდა.
გამოვიდა და არ არსებობს მიზეზი იმისათვის, რომ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს და სასწავლებლები დავითხოვოთ, ასე ვთქვი და ასე იქნება, რადგან მე ვხელმძღვანელობ კორონავირუსის საფრთხესთან ბრძოლას და მე უკეთ ვიციო.
ა, კორონავირუსის საფრთხეზე მე კითხვები არ დამისვათ, მაგდენი არ ვიციო – დააყოლა ზუსტად ორ წამში.
თუ არ იცის, როგორ ხელმძღვანელობს?
საერთოდ, ძალიან უცნაური მდგომარეობაა საბიძინოში, იქეთ გახარიამ დაიჩემა – მე შევქმენი სპეციალურ საბჭო, სადაც ჯანდაცვის რგოლის გარდა, სხვა უწყებების მონაწილეობენ და ხელმძღვანელი კორონავირუსთან ბრძოლის მე ვარო.
აქეთ, გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, მე ვიცი ჯანრთელობის მსოფლიოს ორგანიზაციის რეკომენდაციები და მე მკითხეთო.
აქეთ ტიკარაძემ, რომელსაც, ეკუთვნის ცნობილი ფრაზა – „მე ვიცი, რომ ვარ მინისტრი“, განაცხადა – მე ვარ ხელმძღვანელიო და ბოლოს და ბოლო, ვინ არის კორონავირუსთან ომის მთავარსარდალი, ბატონო ბიძინა?
„გამეიარეთ, თქვენ არ გეიარეთ“ – იანვრიდან მოყოლებული ვიძახით, დაცალეთ ერთი საავადმყოფო მაინც, მოაწყვეთ ერთ საავადმყოფოში მაინც საკარანტინო სივრცე და არ გესმით. იანვრიდან მოყოლებული ვითხოვთ, გადაამზადოთ ექიმები და ექთნები, სანამ ირანელი პაციენტი, რომელიც როგორც ექთანმა მერე გვამცნო „ვერ ყოფილა მთლად კარგად“ არ გამოვარდა პალატიდან და ინტერვიუ არ მისცა ჟურნალისტებს, მანამდე ყური არ შეიბერტყეთ. იანვრიდან მოყოლებული ვიძახით, გააიაფეთ იმუნოსტიმულატორები, დაურიგეთ უფასოდ ასაკოვან ადამიანებს და სოციალურად დაუცველებს, ჩვენზე კარგად არ იცით, როგორი იმუნური სისტემა აქვს საქართველოს მაცხოვრებელთა უმრავლესობას? ჩვენზე კარგად არ იცით, რომ საკვები უჭირს ხალხს, არათუ იმუნიტეტის ასამაღლებელი წამალი? ხომ იცით, რომ იმ ადამიანებს დაემართება, ვისაც სუსტი იმუნური სისტემა აქვს? – რად გინდა, არც ამაზე გაქვთ ჯერ რეაქცია, მანდაც გვიან დაიწყებთ მოქმედებას.
აგერ, გამოვიდა აჭარის ტელევიზიის საინფორმაციოს ახალი უფროსი, ნინო ხაჟომია (აკაკი გოგაჩიაშვილის ყოფილი მეუღლე) და რომ ჰკითხეს, რას აკეთებდი ბოლო წლებიო – ვტ…ნაურობდიო, განაცხადა ეთერში. რად უნდა მაგას იმუნოსტიმულატორი? რად უნდა მაგას წამალი?
მარა, როგორც დასავლეთში იტყვიან, ტ…ვნა და შიმშილი – უნდა იყოს ერთობლიობაში, მარტო ტ…ვნა, ან მარტო შიმშილი არ შველის.
მეგონა „წარბებს გამოუქნიდით“ მინისტრს ტიკარაძეს, მაგრამ, პირიქით, მოგწონს, როგორც გავიგეთ. მერე რა, რომ როგორც ამბობენ, ტიკარაძეს, კორონავირუსი თქვენს კარიესში ერევა და აინუნშიც არ აგდებს? მაგას არც გულით ავადმყოფების ბედი აწუხებს, ამიტომ მოუსვა ხელი 520-ე დადგენილებას და ამიტომ შეამცირე გულის ოპერაციებისთვის თანხა. კორონავირუსი მომკლავს, თუ გულის გაჩერება – მაგისთვის რა მნიშვნელობა აქვს? მაგისთვის რა – შენთვის რა მნიშვნელობა აქვს?
საჩხერეშიც იმიტომ წაასხით ხალხის პირველი ნაწილი, რომ საჩხერეს კარგად იცავთ და თუ დაინფიცირებულზე ინფორმაციასაც სათანადო დაიცავდით, ასე არ არის?
პანიკაა საქართველოში, იმიტომ რომ ხალხმა პროდუქტი იყიდაო…
თქვენი არაერთი პოლიტიკოსი ვიცი, 5 ათასს რომ ხარჯავს თითო მისვლაზე მარკეტში, ერთხელ ერთ პოლიტიკოსს, მოლარე არ მოემსახურა, გავიდა, პროტესტის ნიშნად. განა ბევრი ჰქონდა ნაყიდიო, მაგრამ ყველაფერი საუკეთესო და ძვირადღირებულიო. მერე სხვა მოლარე მოემსახურა იმ პოლიტიკოსს და კი იმუქრებოდა პოლიტიკოსი ჩივილით, მაგრამ არ იჩივლა, იმ ჩეკის გამოქვეყნების შეეშინდა, 5 ათასის შენაძენი რომ გააკეთა, იმის დამადასტურებელი ჩეკის.
ხოდა, ახლა ვიღაცამ 5 კილო ლობიო იყიდა – გახადეს სალაპარაკო, არიქა პანიკაა და გაჩუმდით, ხმა აღარ გაიღოთ, თორემო…
თორემ, რა – 10 კილო ლობიოს იყიდიან 5 კილოს ნაცვლად?
არც ერთ ჩემს მეზობელს, არც ერთ ჩემს მეგობარს არაფერი მოუმარაგებია, სადა აქვს ხალხს მაგის ფული?
სოციალურ ქსელში წავიკითხე ცოტა ხნის წინ:
„-შენც ირანში აიკიდე კორონავირუსი.? -გაგიჟდი გოგო? მილანში..!“
ხო, ასეა, ირანთან მიმოსვლა ავკრძალეთ, იტალიასთან მიმოსვლა – არა. სავსე თვითმფრინავები მიფრინავენ იტალიაში. უფასო კუბოსავითაა ახლა იტალია, კაპიკები ღირს იქ მოგზაურობა და მიდიან და მიდიან.
ჩამოფრინდა იტალიიდან 95 ქართველი – სახლებში გაუშვეს, რეპორტაჟში გვიყვებიან, მაღალი სიცხე არ ჰქონდათო! ისა და – დაბალი? საერთოდ ჰქონდათ სიცხე? აბა, უსიმპტომოდ მიდის და ამ სამი ადამიანიდან, რომელიც დაინფიცირებულია, ორს სიმპტომი არ ჰქონდა, მაგრამ რაკი ერთი იტალიიდან ჩამოვიდა და ორი ირანიდან, მაინც შევამოწმეთ და აი, ვირუსიც ვიპოვნეთო?
რავა, ეს სხვა იტალიაა და ის სხვა?
ბიჭო, ბიძინა რომ ხარ და საბიძინო რომ გინდა გქონდეს, დადე რამდენიმე მილიონი ლარი და ყველას, ვინც ჩამოფრინდება – ყველას აუღე ანალიზი. კარანტინი მყოფ ადამიანებსაც კი არ უღებენ ანალიზებს, იცოდი?
თბილისში, კარანტინში მყოფ ადამიანებს ერთ დღეს სუპი აჭამეს მარტო, მეორე დღეს ერთი ნაჭერი კარაქიანი პური და პატარა ჭიქით ჩაი მისცეს – დადე, ბიჭო, რამდენიმე ათასი ლარი დადე და საკვები მაინც უყიდე კარანტინში ხალხს, ან ჩვენ მოგვეცი შეგზავნის უფლება, თორემ, რაც აქვთ იმუნიტეტი ისიც დაუქვეითდებათ, კარგი და სრულფასოვანი კვება სჭირდება ვირუსს, არც ეგ გითხრა სტომატოლოგმა მინისტრმა?
იქ რომ იქაჩებოდი, არიქა ავსტრალიას უნდა ვუშველოო, არიქა, მსოფლიოს წამყვანი ბიზნესმენები ეხმარებიან ავსტრალიას და მარაქაში უნდა გავერიოო, იმ ბიზნესმენებს საკუთარ ქვეყანაშიც აქვთ ფული ჩადებული ქველმოქმედებაში, მით უფრო, რომ უმეტესობა განვითარებული ქვეყნიდანაა და შენ კიდევ, დადე, საკუთარ სამშობლოში დადე ეგ მილიონები, ნუ ამოახოცვინებ ამ უცოდინარ მინისტრს ხალხს.
რატო უცოდინარი?
მინისტრი ამბობს, მე ვარ კორონავირუსთან ბრძოლის ხელმძღვანელი და სარდალი, ოღონდ, კორონავირუსზე თუ რამე კითხვა გაქვთ – ვერ გიპასუხებთ, არ ვარ კომპეტენტურიო და რა თქვას მეტი ადამიანმა? მეტად როგორ გვითხრას, რომ უცოდინარია და გამოხრული კბილის იქეთ, მარტო ბიძინას ცნობს?
ნუ ეძახით სტომატოლოგსო, რეიზა? სირცხვილია სტომატოლოგობა? სტომატოლოგი რომ მინისტრი გახდა ეგ არაა სირცხვილი და მინისტრს რომ სტომატოლოგი დავუძახო ეგაა სირცხვილი?
დაიწყებენ ახლა, რაც ბიძინამ საბიძინოს ხელოვნებს ფული გადაუხადა, მეტი ქველმოქმედება რა გინდაო. ხოო… ამ ქველმოქმედებამ სალომე გახადა პრეზიდენტი, ამ ქველმოქმედებამ ბიძინა ორჯერ გააბიძინა და რანაირი ქველმოქმედებაა, თუ სამაგიეროდ, ერთ საყვედურს ვერ ათქმევინებ? ქველმოქმედება ვიცი მე, მარჯვენამ რომ არ იცის, მარცხენა რას არიგებს და საერთოდ, მარცხენა ხელით და მარცხენა გზით დარიგებული ფულის არ მწამს.
ამ ხალხს ისე აღარ სჯერა შენი, სასაცილო ჭორიც კი გაავრცელეს, ჩემო ბიძინა, ამბობენ, საპონის გაყიდვა უნდა, საპნის ბიზნესი აქვს და ამიტომ ატყდა ყველა – დაიბანეთ ხელიო. მერე ამის თქმა, შალვას დააბრალეს თან, ნათელაშვილს. ნათელაშვილმა კიდევ უპასუხა, ყველაფრის ბიზნესს დავაბრალებდი, საპნის ბიზნესის გარდა, არაფერი სუფთა მაგას არ უყვარს, მაგას ნაღდად ვერ დავაბრალებო.
კიდევ, ხმები დადის, უხარია კორონავირუსი, რომ გაზაფხულზე ხალხი აქციებზე აღარ გამოვიდესო.
ისეც ნუ იზამთ ახლა, აქციაზე გამოსასვლელი ხალხი აღარ დარჩეს, ისე ნუ იზამთ, არჩევნებზე მოსასვლელი ხალხი აღარ დარჩეს, ისე ნუ იზამთ, ხალხი აღარ დარჩეს.
ისე, ბიძინა ბატონო, ხალხის ქვეყნიდან გაქცევის გეგმა ჩაგივარდება ახლა, სად სცალია ახლა გერმანიას ემიგრანტების დასასაქმებლად? მეორეს მხრივ, რად გინდა ემიგრაცია, ისე ამოვიჟუჟებით და თქვენც დაისვენებთ და ჩვენც.
ახლა ის უნდა გითხრა, რაზეც „ალიას“ გარდა არავინ წერს და როგორც ვხედავ, არც არავინ დაწერს:
1. მიუხედავად იმისა, რომ არ მოგვწონს აზრი, სიმპტომების მქონე პაციენტებმა მიმართონ ოჯახის ექიმს, (რადგან მეტწილად პოლიკლინიკაში ასაკოვანი ადამიანები დადიან, ან ქრონიკული დაავადებების მქონე და მათთვის გადადების საფრთხე დიდია) სხვა გზა არ გვაქვს, სამწუხაროდ, მიიყვანეთ საქმე აქამდე და ა- პოლიკლინიკებისკენ უნდა მივმართოთ ხალხი. ხოდა, ქვეყნის სამ დიდ ქალაქში – ბათუმში, ქუთაისში და თბილისში, პოლიკლინიკაში, ის პაციენტი, რომელიც ჯერ არ არის დაზღვეული, საყოველთაო დაზღვევის პროგრამით ვეღარ ისარგებლებს, რადგან, ბრძანება გამოსცა ქვეყნის მთავარმა სტომატოლოგმა, ვისაც 13 ათასი პაციენეტი ჰყავს დაზღვეული, ის ახალს ვეღარ დააზღვევსო. ყველა პატარა უბანშიც კი ვიკითხე და ყველაზე პატარა პოლიკლინიკასაც კი 17 ათასი პაციენტი ჰყავს უკვე დაზღვეული, ანუ, ხალხი, რომლებიც არ სარგებლობდნენ პოლიკლინიკებით – საყოველთაო დაზღვევით ვეღარ ისარგებლებენ.
2. სოციალური მუშაკები შევამცირეთ. არადა, ახლა უნდა დადიოდნენ სახლებში სოციალური მუშაკები და მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ, მარტოხელა პენსიონერებს, მარტოხელა, ქრონიკული დაავადებებით დაავადებულ ადამიანებს დახმარებას სთავაზობდნენ. კი, თუნდაც, სადეზინფექციო ხსნარებით, თუნდაც საპნით, თუნდაც მედიკამენტებით და პროდუქტით. იცი რამე მსგავსი ტიპის დახმარებაზე? რამე იცი, პრევენციაზე?
რატო, კაცო, რატო, არჩევნების პრევენციაზე თუ იცი და 5 კილო კარტოფილს თუ არიგებ არჩევნების წინ, ვირუსის პრევენციაზე რატო არაფერი იცი?
ხოდა, შენ რომ არ იცი, ისეთი მინისტრი უნდა დაგესვა, ვინც იცის.
ან, იმ გახარიას, რომ გადაუდია ცხვირი და ენა მხარზე, იმან მაინც არ იცის? ევროპაში გავლით ხომ არიან ნამყოფნი? როგორ მუშაობს ევროპა მსგავს შემთხვევებში, არც ეგ უნახავთ? აბა, თავს იდებილებენ?
კორონავირუსის გავრცელებისას, რამ შეგაწყვეტიათ პოლიკლინიკებში საყოველთაო დაზღვევა? თან პირველ მაისამდეო.
პირველ მაისამდე გვიჭირს, ყველაზე მეტად, როგორც ექიმები ამბობენ.
რამ გაგაშვებინათ სოციალური აგენტები? იმას მაინც აღწერდით, რამდენ ადამიანს არა აქვს საპნის ფული, ხელის დაბანას რომ გაიძახით.
ჩემი თვალით მყავს ნანახი ოჯახი, რომელსაც სოციალურ დახმარების სახით ჩაერიცხა 30 ლარი საბავშვო ბარათზე და ტუალეტის ქაღალდი არ გაატარებინეს ამ ბარათით, ჰიგიენური საშუალებების ყიდვა არ შეიძლება ამ ბარათითო და დედას ვფიცავარ, ვერ იყიდეს ტუალეტის ქაღალდი, ისე გავიდნენ მაღაზიიდან. ნამუსი იქონიეთ, რა დეზინფექცია, საპონი არა აქვს ხალხს.
რაც წაახდინეთ უკვე და დააგვიანეთ იმას აღარ ეშველება, მაგრამ დანარჩენს ახლაც შეიძლება ეშველოს, თუ ჯიბეზე ხელს გაიკრავ…
ოღონდ, როგორც მიჩვეული ხარ, ისე არა, ჩემს ჯიბეზე ნუ გინდა ისევ ხელის გაკვრა, შენს ჯიბეზე გაიკარი ხელი, შენი ჯიბე ისედაც დიდია და როცა შენი ჭკუით გინდა ქვეყნის მართვა, შენს ჯიბეში უნდა ჩაიხეო.
ბიჭო, „გეიარეთ, თქვენ არ გამეიარეთ“, თორემ თუ უნდა „გავწყდეთ და ამევითაქოთ ყველა ერთ დღეს“, ჯავრს არ დავტოვებთ, „გამოგიქნით წარბს“ და „სიკვდილშიჩაგიდგამთფეხებს“…
იმერული გამონათქვამები:
გამოვუქნი წარბებს – ჭკუას ვასწავლი.
გამეიარე შენ არ გეიარე – გამოადგი ფეხი
სიკვდილში ჩაგიდგამ ფეხებს – გაბრაზებული იმერელის მუქარა. გაწყდით და ამეითაქეთ ერთ დღეს სუყველა – ცუდის მოლოდინი
თამო კეშელავა
ალია №8
კომენტარები