თამო კეშელავა
სუს–ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, პატიმრობაში მყოფმა სოსო გოგაშვილმა განაცხადა, რომ მას 4–ჯერ დაურეკეს – ოთხივე ზარი განხორციელდა მაშინ, როცა საშხაპეში შეიყვანეს და ოთხივეჯერ მას შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური ესაუბრებოდა და ოჯახის განადგურებით ემუქრებოდა, თუ მათთვის სასურველ ჩვენებას არ მისცემდა.
გოგაშვილის ადვოკატების მტკიცებით, პირველი ზარი შედგა 28 ივლისს და საუბარი 40 წუთამდე გაგრძელდა, მეორე ზარი განხორციელდა 29 ივლისს, მესამე ზარი – პირველ აგვისტოს, ბოლო ზარი კი 5 აგვისტოს.
სოსო გოგაშვილის სახელით წერილი, სოციალურ ქსელში 11 აგვისტოს გამოქვეყნდა, სადაც ეწერა: „კეთილი ფილანტროპი არა…? მე-12 დაწესებულებაში მივიღე მუქარა ბიძინა ივანიშვილისაგან, რომ თუ არ გავჩერდებოდი და სასურველ ჩვენებას არ მივცემდი, მოხდება ჩემი და ჩემი ოჯახის განადგურება. შეიძლება გავიგო, რომ ჩემი ოჯახი ცეო-თი გაიგუდა, ხანძარს ემსხვერპლა ან ავტოსაგზაო შემთხვევას.“
შეგახსენებთ, სოსო გოგაშვილი დააკავეს 16 ივლისს, თუმცა, მასთან, მისივე მტკიცებით, ზარი განხორციელდა გომელაურისგან მხოლოდ 28 ივლისს.
მაინც, რა მოხდა 28 ივლისამდე?
დაკავების დღესვე, გოგაშვილის ადვოკატმა განაცხადა, რომ სოსო გოგაშვილს მიწოდებული აქვს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატებისათვის, არჩევნების გაყალბების სქემები, არჩევნების პერიოდში ადამიანების დაშინების და მოსყიდვის სქემები. თუმცა, მაშინ, „ოცნების“ მომხრეები ჯერ კიდევ იძახიან, რომ ეს ტყუილია და არაფერიც არ აქვს მას არავისთან მიტანილი.
21 ივლისს ეს დოკუმენტაცია არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოაქვეყნა და მათივე მტკიცებით, დოკუმენტაციაში ათასობით ადამიანის პირადი მონაცემია, ზოგს წაართვეს რაღაც და მერე დაუბრუნეს, ზოგი დააჯარიმეს და მერე ჯარიმა გაუუქმეს, ზოგი მოისყიდეს, ზოგს პატიმარი გამოუყვანეს, ზოგს სამსახური მისცეს, ზოგს სამსახურის დაკარგვით დაემუქრნენ და ა.შ. სია წარმოუდგენლად დიდია და რაც ყველაზე მთავარია, ამ სიაში არის სრული პირადი მონაცემი, სახელი გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი – ანუ, მისი გადამოწმება სრულიად შესაძლებელია.
რა ხდება 22 ივლისს?
არაფერი, არ ურეკავს გომელაური გოგაშვილს – უკაცრავად და, კიდია.
დიდი საქმე ახლა, არჩევნებისას ხალხის მოსყიდვა და დაშინება – სიცილადაც არ ეყოთ, როგორც ჩანს.
პირველი წერილი, სოსო გოგაშვილის სახელით სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა 22 ივლისს, სადაც ის წერდა, რომ დროებითი დაკავების იზოლატორსა და ციხეში კარგად ექცევიან, მადლობას ეუბნებოდა ოჯახსა და მეგობრებს, სახალხო დამცველს და სასულიერო პირებს სთხოვდა, ლოცვებში მოეხსენიებინათ.
არც ამ წერილის მერე დაკავშირებია გოგაშვილს გომელაური (გოგაშვილისვე ცნობით) და არ უთქვამს, მეგობარო, ჩვენ წლები გვაკავშირებს, ჩემი შვილი შენი შვილიშვილის ნათლიაა, ხომ გექცევიან ისე, როგორც კანონი და სამართალი მოითხოვსო?
23 ივლისს ქვეყნდება წერილი, სადაც გოგაშვილი წერს, რომ ივანიშვილი მას სთხოვდა შეესრულებინა ყველანაირი დავალება, მათ შორის უკანონო და 3 გზა ქონდა – ან წამოსულიყო სამსახურიდან, ან ყველაფერზე ხელი მოეწერა და ან დარჩენილიყო, მტკიცებულებები შეეგროვებინა და სისტემა ემხილებინა – ამბობს, რომ სწორედ ეს მესამე აირჩია – მან შეაგროვა მტკიცებულებები და სისტემას ამხელს.
რა ხდება 24 ივლისს?
ისევ არაფერი, არც ამჯერად ურეკავს გომელაური გოგაშვილს, ბიძინას და ვახოს, ეგეც ჰკიდიათ, კაი, ახლა, არ იცოდით, სუს–ის მაღალჩინოსნებს რომ ყველაფერზე წასვლას ვთხოვთო? ვის უკვირს უკანონო დავალებების შესრულება რომ უწევთო? – სიცილად არ ეყოთ ალბათ. ივანიშვილის ნებისმიერი დავალება, ისედაც უკანონოა, რადგან, ამჯერად მას არც ერთი თანამდებობა არ უკავია და რა სტატუსით უნდა გასცეს ბრძანება? ოლიგარქის სტატუსით? ხოდა, მაგიტომაა უკანონო.
მომდევნო წერილი ქვეყნდება უკვე 26 ივლისს, რომელსაც აღარ აწერია სოსო გოგაშვილის მისალმება, ან სოსო გოგაშვილის მიმართვა – მას უკვე აწერია სოსო გოგაშვილის განცხადება, რადგან, როგორც ჩანს, გოგაშვილი თვლიდა, რომ ამ წერილის გამო მაინც დაკითხავდნენ და ფორმალურად მაინც კითხავდნენ, რას ამბობ, კაცო, მართლა ასე მოხდა?
26 ივლისის წერილში სუს–ის უფროსს და შს მინისტრ ვახოს (როგორც გოგაშვილი მოიხსენიებს), ივანიშვილის უკანონო დავალებების შესრულებაში ადანაშაულებს. იგი ამტკიცებს ამ წერილში იმასაც, რომ პროკურატურაც და სასამართლოც ივანიშვილის ჯიბეშია და ახლა მათზეა ჯერი, როგორ აკინძავენ ყალბი მტკიცებულებებით საქმეს. ამ წერილით, გოგაშვილი ღიად წერს, რომ გელა ხვედელიძე ტელეფონზე საუბრისას, ივანიშვილის გინების გამო სცემეს და ეს უკანონო ბრძანება შეასრულა „ფარცხალაძის ბანდამ, მტკიცებულებები კი ოტო-მ გააქრო“. გარდა ამისა, იგი წერს, ასევე კიდევ ერთ გახმაურებულ საქმეზე და ამტკიცებს, რომ მუხთარლი სუს–ის ზონდერებმა გაიტაცეს ივანიშვილის დავალებით.
26 ივლისის წერილით, გოგაშვილი სწორედ გომელაურს მიმართავს და ახსენებს მას 2012 წლამდე რა იყო მისი ფუნქცია – გოგაშვილის მტკიცებით, ივანიშვილს მერცხლები უშლიდნენ ნერვებს და ამიტომაც, ეს ჩვენი შს მინისტრი, თურმე, ტირის თოფით დასდევდა მერცხლებს და ხოცავდა. „ახლა ბიძინას ადამიანები უშლიან ნერვებს, შენ კი ტირის თოფის ნაცვლად 40 000 კაციანი შსს გიჭირავს ხელში“ – წერს ამ წერილში გოგაშვილი და არ აკონკრეტებს, რას უშვრება ამჯერად შს მინისტრი ადამიანებს, რომლებიც მის უფროსს უშლის ნერვებს, მერცხლებივით ხოცავს, თუ მახეს უგებს, თუ გალიაში ამწყვდევს? გარდა ამისა, ამ წერილში, გოგაშვილი ამტკიცებს, რომ 6 წლის წინ გომელაურმა საკუთარი ქალიშვილის საქმრო სუს-ის ზონდერებს შარაძესა და „მოზგის“ გაატაცებინა, აწამებინა და ქვეყანა დაატოვებინა, რადგან, იგი ეროვნებით ქართველი არ იყო. იგივე წერილში გოგაშვილი წერს: „სანამ მე მანდ ვიყავი, ყველა თქვენი გაფუჭებული მე მეტენებოდა…“, თუმცა, არ წერს, რა საქმეები შეიტენა და რატომ.
ამ წერილის გამოქვეყნების შემდეგ, მინისტრ გომელაურს ისევ უბრად სიარული მოუწია, რადგან როგორც ჩანს, არ იცოდა რა ეთქვა პასუხად, ან არ იცოდა, როგორ ეთქვა. თუმცა, ისევ არ გადის ციხეში მყოფ გოგაშვილთან კონტაქტზე. როგორც ჩანს, ეს საქმეებიც, უკაცრავად და, კიდიათ, ხვედელიძემაც და მუხთარლიმაც ისედაც იცოდნენ, რომ მათი გატაცების უკან სუს-ი იდგა და სუს–ის უკან რომ ბიძინა დგას, საიდუმლოა? ისიც კიდიათ, გოგაშვილი რომ წერს, გაფუჭებული საქმეები შევიტენეო, რადგან, მან ეს საქმეები უკვე შეიტენა ჯერ ერთი და ახლა რომც გამოიტენოს უკან, ანუ რომ უარჰყოს, სხვას ნახავენ, ვინც ასევე შეიტენის.
და აი, 27 ივლისიც და სოსო გოგაშვილის მორიგი წერილი სათაურით – „რუსული ოცნება ქართული ეკლესიის წინააღმდეგ“, სადაც გოგაშვილი ღიად ადანაშაულებს „ქართულ ოცნებას“ რუსეთთან კავშირში და ამბობს, რომ „ვითომდა დაზარალებულები რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირში მყოფი რუსეთის მოქალაქეები არიან.“ გარდა ამისა, ის ამტკიცებს, რომ პირები, რომელთა საჩივრის გამო დააკავეს – „რომანოვსკი და ადამია არიან პუტინის ახლო გარემოცვის – მატვიენკოს, პოლტავჩენკოს და ასევე ეფ ეს ბე-ს გავლენის აგენტები, რომლებსაც აქვთ დავალება საქართველოში მოახდინონ პატრიარქის სასურველი კანდიდატით ჩანაცვლება.“
ხო, აი, ისიც, რუსეთთან კავშირი და საპატრიარქო – ის, რაშიც ივანიშვილმა საფრთხე დაინახა, ის, რაზეც იმაზე მეტი იცის გოგაშვილმა, ვიდრე დაწერა.
ამის შემდეგ 11 აგვისტომდე გოგაშვილის წერილები წყდება.
სწორედ ამ წერილის შემდეგ, მას ციხეში ურეკავს, გოგაშვილის ადვოკატების თქმით, შს მინისტრი ივანიშვილის დავალებით და ემუქრება.
აი, ის, რუსეთთან კავშირი და პუტინის გარემოცვის მიერ საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის სასურველი კანდიდატით ჩანაცვლების გეგმა – ეს ორი ისეთი თემაა, რომელიც მაგრად „აეწვათ“.
იგივე წერილში, გოგაშვილი წერს, რომ 2021 წელს პატრიარქი აპირებდა გადადგომას და „ხელისუფლებასაც ამ დროისთვის არ აწყობდათ პატრიარქის გადადგომა და მათ შეძლეს პატრიარქის გადარწმუნება“ – ანუ, ხელისუფლებამ ეს „თემა“ შემოინახა და აპირებს მაშინ გამოიყენოს, როცა რამე ძალიან დიდის გადაფარვა დაჭირდება, ან როცა მზად იქნება ეს თავის სასარგებლოდ გამოიყენოს და ამ დროს რა მოხდება? – ამ დროს უკვე ნათქვამია, რომ ეს პუტინის გარემოცვის გეგმაა და ისინი აპირებენ პატრიარქის ჩანაცვლებას თავისი კანდიდატით – რა მოყვება ამ ორი ინფორმაციის გააზრებას მრევლში? კი, ბიძინას ბევრი ფული აქვს, კი, ბევრი იყიდა, მაგრამ ამდენსაც ვერ იყიდის. კი, ბევრი მღვდელი ქადაგებს ღიად რუსეთი ძმააო და კარგიაო, თითქოს კაენი და აბელიც ძმები არ ყოფილიყვნენ – მაგრამ, ვერც ერთი მღვდელი გაბედავს იმის თქმას, პუტინმა უნდა დაგვინიშნოს თავისი სასურველი კანდიდატი პატრიარქადო!
იგივე, 27 ივლისის წერილში, გოგაშვილი არ წერს, რატომ სურდა პატრიარქს გადადგომა, მაგრამ, წერს: „2020 წელს მე პირადად შევხვდი პატრიარქს და დეტალებში მოვუყევი მასთან დაკავშირებული შესაძლო საფრთხეების შესახებ… სუს-ში ყოფნის პერიოდში და შემდეგაც, მე ყოველთვის ვცდილობდი ამ ყველაფრისთვის ხელი შემეშალა“ – ანუ, ამბობს, რომ ჯერ კიდევ 2020 წელს, პატრიარქს საფრთხე ელოდა და ამის შესახებ გააფრთხილა – იყო, თუ არ ეს საფრთხე პატრიარქის 2021 წლის გადაწყვეტილების გამომწვევი მიზეზი – ამაზე გოგაშვილი ჯერ არ წერს… სამაგიეროდ იგი წერს, რომ მიიღო მუქარაც და გაფრთხილებაც. და ბოლოს იგი წერს: „ჩემთან შეხვედრა ითხოვა ვანო ჩხარტიშვილმა, საპატრიარქოს ტახტის სავარაუდო კანდიდატებთან დაკავშირებით სასაუბროდ. მე დავალებული მქონდა მისთვის მიმეწოდებინა ყველა ინფორმაცია. მან თავისი მოსაზრება გამოთქვა სხვადასხვა მეუფეებთან დაკავშირებით, ახასიათებდა სხვადასხვანაირად ყველა მათგანს როგორც საკუთარ კომპანიაში დასანიშნ კანდიდატებს. მან მთავარი აქცენტი გააკეთა მეუფე შიოზე, რომ ის იყო ყველაზე მისაღები კანდიდატი, რომ ეს იყო შეთანხმებული უფროსთან.“
„როგორც საკუთარ კომპანიაში დასანიშნ კანდიდატებს“, „იყო შეთანხმებული უფროსთან“, „– რომანოვსკი და ადამია არიან პუტინის ახლო გარემოცვის – მატვიენკოს, პოლტავჩენკოს და ასევე ეფ ეს ბე-ს გავლენის აგენტები, რომლებსაც აქვთ დავალება საქართველოში მოახდინონ პატრიარქის სასურველი კანდიდატით ჩანაცვლება“ – ეს ის სამი წინადადებაა, რომლითაც ივანიშვილის და პუტინის გზები იკვეთება და იკვეთება საპატრიარქოს გვირგვინთან, იქ, სადაც მათ არაფერი ესაქმებათ, ისევე, როგორც არაფერი ესაქმებათ ქვეყანასთან, რომელიც უკვე ფეხქვეშ გაიგდეს! და როგორც ჩანს, ეს ის წინადადებებია, რომლების განვრცობაც დღეს ყველაზე მეტად არ აწყობს ივანიშვილს.
და მაინც, რა მოხდება, ხვალ რომ უწმინდესის და უნეტარესის გადაყენება გაბედოს ივანიშვილმა და საპატრიარქოს ტახტზე მისი და რუსეთის მიერ შერჩეული კადრის აყვანა? – იფიქრებთ, ვერ გაბედავსო, მაგრამ ასე ვფიქრობდით, რომ ვერ გაბედავდა მის გუნდს ასე ღიად დაეჭირა მხარი რუსეთისთვის და ზურგი ექცია დასავლეთისთვის – მაგრამ გაბედეს, ვფიქრობდით, ვერ გაბედავდნენ საქართველოში ჩამოსული რუსეთის მოქალაქეები ხმის გაღებას, მაგრამ აგერ ქობულეთში ქუჩაში ქართულ ენაზე სიმღერა გააპროტესტეს „სტუმრებმა“, რა მოდის მამულს და ენის მერე? მამულსა და ენას უკვე მიადგნენ და რომელია შემდეგი? სარწმუნოება ხომ არა?.. აი, აქ არის დამარხული ძაღლის თავი…
კომენტარები