მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენელი შოთა დიღმელაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის მიერ, ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
„გადმომცეს, გრიგოლ ვაშაძეს უთქვამს, ჩემი მოთხოვნილია პროპორციული არჩევნები, არაფერი შეგეშალოთო. შეგახსენებთ, ეს ის კაცია, რომელიც ზაფხულში, აქციებზე, სცენაზე კი არა, სცენის უკანაც არ შემოუშვა ჩვენმა დაცვამ. ორჯერ გამარჯობის თქმას მოსდევს ხოლმე თავში ავარდნა რიგ შემთხვევებში. კარგია, რომ ნოდარ რუხაძემ წინდახედულობა გამოიჩინა და შეინახა ის ისტორიული დოკუმენტი, რომელზეც ჩამოვწერეთ 21 ივნისს წამოყენებული სამი მოთხოვნა. პარტიებთან პირობა ერთი იყო: ისარგებლებდნენ ჩვენი სცენით თუ იზიარებდნენ ჩვენს მოთხოვნებს, არაფერს აკლებდნენ და არაფერს ამატებდნენ მათ. აგრეთვე, ყველა პარტიიდან თანაბარი რაოდენობის სპიკერი იქნებოდა და ამ სპიკერებს არა ისინი, არამედ ჩვენ შევარჩევდით. ძალიან არასწორ ეგოს შეეხო“
კომენტარები