მეანგინეკოლოგი პაატა ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ ორსულ ქალებს ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ აქვთ.
მისი თქმით, ორსულებთანაც იგივე რეკომენდაციებია, რაც სხვა არაინფიცირებულ ადამიანებთან.
“არ არსებობს ინფორმაცია, რომ ორსულების მიმღებლობა ახალ კორონავირუსზე არის მაღალი არაორსულ ქალბატონებთან შედარებით. მიუხედავად იმისა, რომ ორსულებში მიმდინარეობს იმუნოლოგიური, ფიზიოლოგიური ცვლილებები და შეიძლება ვთქვათ, რომ იმუნური სისტემა დაქვეითებულია, ასეთი ინფორმაცია არ არსებობს და ამისთვის პანიკის საფუძველი არ არის. მათთან იგივე რეკომენდაციებია, რაც შეიძლება იყოს სხვა არაინფიცირებულ ადამიანთან.
თავის გაფრთხილება საჭიროა ყველა იმ რეკომენდაციით, რასაც გვაძლევს დაავადებათა კონტროლი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ეს არის ხელის დაბანა, პირბადე და ასე შემდეგ, თუმცა თუ ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ვირუსი არის ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები, საჭიროა ზედაპირების დასუფთავება, ხელების დაბანა ხშირად და ა.შ”, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.
მისი თქმით, დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულმა ქალმა იმშობიარა, თუმცა ახალშობილს COVID 19 არ აღმოაჩნდა.
“რაც შეეხება შემთხვევას, როდესაც ორსული დაინფიცირებული იყო ახალი კორონავირუსით, მშობიარობის შემდეგ ახალშობილში ეს ვირუსი არ იყო. ასევე, რეკომენდაცია არ არის გაცემული, რომ რძით კვება შეზღუდოს დედამ. მთავარია, დაცული იყოს ყველა რეკომენდაცია. პანიკის საფუძველი ნამდვილად არ არის და მოვუწოდებდი ყველა დედას, ყველა ორსულს, რომ დაიცვან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები”,- განაცხადა პაატა ჟორჟოლიანმა.
“ინტერპრესნიუსი”
კომენტარები