პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ფონდი „ფეა თრიიზი“, რომელმაც ონში ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკის გახსნის პროექტი შეაჩერა, მან ოთხი წლის წინ დატოვა.
„ოთხი წლის წინ ვარ გადამდგარი, მე შემიძლია, ეს გითხრათ, მაგრამ დანიელების გადაწყვეტილება არის ძალიან მარტივი. ისინი ამბობენ, „ჩვენ ვეწეოდით ქველმოქმედებას“, – მათ შორის ჩემი თხოვნითაც – „ქველმოქმედების გამო არ გვინდა, დაგვერქვას უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი და არ დავრეგისტრირდებით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად იმის გამო, რომ ბავშვებს ვეხმარებით“. ეს არის მათი ძალიან ცხადი პასუხი. არ არის ონში სტომატოლოგიური კლინიკის აშენება უცხოური ძალის ინტერესების გატარება, ეს ხომ ნათელია“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
„28 მაისს, საქართველოს ხელისუფლების მიერ კანონზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებული გადაწყვეტილება უკვე უარყოფითად აისახა ჩვენი ფონდის მუშაობაზე და იძულებული ვართ შევწყვიტოთ 2023 წელს დაწყებული თანამშრომლობა ონის მუნიციპალიტეტის მერიასთან ონში ბავშვთა უფასო სტომატოლოგიური კლინიკის გახსნასთან დაკავშირებით“, – აცხადებენ ფონდში.
კომენტარები