„ალიას“ ესაუბრება საზოგადოებრივ–პოლიტიკური მოძრაობა „ქართული მისიის“ დამფუძნებელი, გია კორკოტაშვილი.
– ბატონო გია, „ქართული მისიის“ ერთ–ერთმა ლიდერმა, რამაზ გაგნიძემ მითხრა, რომ ეროვნულ ძალებს შორის გარკვეული მოლაპარაკებები დაიწყო, რომ გავერთიანდეთ და ერთად გამოვიდეთ არჩევნებზეო. „ქართული მისიაზე“, ლევან ვასაძეზე, გურამ ქართველიშვილსა და კოკა მორგოშიას „ალტ–ინფო“ ჯგუფზე მითხრა. რა პერსპექტივა აქვს ამ მოლაპარაკებას და შეძლებთ გაერთიანებას?
– ერთიანობის სურვილი ყველას გვაქვს, ყველას გვინდა, საქართველო იყოს ძლიერი, არ იყოს ლიბერასტთა სათარეშო ადგილი, დასავლეთის ათასგვარი ექსპერიმენტების ადგილი. ევროპულ ცივილიზაციასაც, ამერიკულ დემოკრატიასაც და შუააზიურ ტრადიციებსაც პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენ, ქართველები, ვართ კავკასიური ტომი, რომელთაც ჩვენი ტრადიციები გვაქვს, ოჯახის პატივისცემა და სიყვარული, უფროს–უმცროსებს, ნათესავებს, მეგობრობს შორის უნიკალური დამოკიდებულება. ძალიან ბევრი კარგი ტრადიცია, ადათ–წესები გაგვაჩნია, რომელთაგან ბევრი მივიწყების გზაზეა, გადაგვარების გზაზეა. უნდა ვიბრძოლოთ მათ შესანარჩუნებლად. ამ ბრძოლის მოგებას კი ცალ–ცალკე, დაფანტულები და გაფანტულები ვერ შევძლებთ, უნდა გავერთიანდეთ, სხვა გზა არ არის. ვინც ჩამოთვალეთ, ყველანი ვთანხმდებით მთავარ პრინციპებზე, ყველანი მზად ვართ, ამ ლიბერასტებს ვებრძოლოთ და ყველანი კონსერვატიულ პოზიციებზე ვდგავართ. თუმცა, რაღაც ნიუანსებზე ჯერ ვერ შევთანხმდით, რაღაც–რაღაცები ჯერ ვერ დავძლიეთ. სხვაზე არ მინდა ლაპარაკი, არავის არაფერს ვაბრალებ. ჯერ ლაპარაკის თუ მოლაპარაკების დონეზე ვართ. მე ვფიქრობ, გონს მოვლენ ყველანი, ყველაფერს დათმობენ ქვეყნის მართლა გადასარჩენად, ყველაფერს პიროვნულს, ყველა ამბიციას გადადებს გვერდით, ვისაც რა გააჩნია. მეც მათ შორის. კი, განსხვავებული მოსაზრებები არის, მაგრამ ყველას სიგიჟემდე უყვარს ეს ქვეყანა და მისთვის ყველაფერს გააკეთებენ.
– კონსულტაციის რეჟიმში როდის გადახვალთ? კონკრეტულ პოლიტიკურ და საარჩევნო საკითხების განხილვას, როდის დაიწყებთ? არჩევნებამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა.
– ვფიქრობ, პატარა ბიძგის ამისთვის საჭირო და ეს ბიძგიც უკვე გამოჩნდა. აგერ, „ქართული ოცნება“ გიგა ბოკერიას „ევრონაცებს“ ეკვრება და როგორც ჩანს, ერთად აპირებენ კოალიციურ რეჟიმში ქვეყნის მართვას. „ქართულ ოცნებას“ აღარ აქვს რესურსი, მარტომ მოიგოს არჩევნები, პარლამენტში მანდატების უმრავლესობა მოიპოვოს და მოკავშირედ გიგა ბოკერია შეიგულა. მეტი რაღა უნდა მოხდეს? „ნაცებს“ აბრუნებენ ხელისუფლებაში. აქ უკვე ცალკეული „ნაცების“ დეპუტატობაზე და აღმასრულებელ ხელისუფლებაში დანიშვნაზე აღარ არის ლაპარაკი. იმის საფრთხეა, რომ ოფიციალურად გაუყოფენ ბოკერიას ხელისუფლებას და მასთან ერთად დააკომპლექტებს ბიძინა ივანიშვილი მთავრობას. აქეთკენ მიდის საქმე და მეტი რაღა ბიძგი გვინდა? ქართველი კაცის ხასიათი ხომ იცი? მუდამ ასე იყო. იცდიდა, იცდიდა, ჩუმად იყო და მერე გაერთიანდებოდნენ ქართველები, ერთად ეძგერებოდნენ მტერს და დაიფრენდნენ. ახლაც ასე მოხდება, ვატყობ. ღმერთს ვთხოვ, გონება გაგვიხსნას ყველას, გავითავისოთ ბოლომდე, რომ საერთო მტერი გვყავს, ბოროტი ძალები, რომელთა მიზანი ამ ქვეყნის დანგრევა, ეკლესიის დასუსტება და მერე დაშლაა, რადგან ხედავენ, რომ ამ ქვეყნის ფუნდამენტი და ხალხის შემკვრელი, მართლმადიდებლური ეკლესიაა. იმასაც ვიტყვი, რომ მათ ყველა რელიგია ეზიზღებათ, ყველას ებრძვიან. ვნახოთ, ცოტა დრო კი დარჩა არჩევნებამდე, ეგ მართალია, მაგრამ უქმად არ ვართ. ჩვენ ვხვდებით ერთმანეთს, ვლაპარაკობთ საქმეებზე, ვცდილობთ, გადავდოთ გვერდზე ყველაფერი, რაც გაერთიანებას ხელს შეუშლის. ეს უნდა მოვახერხოთ საბოლოოდ და მერე უკვე კონკრეტულ პოლიტიკურ და სხვა თემებზე კონსულტაციებიც იქნება შესაძლებელი.
– თუ ბოკერიასთან გაერთიანება მართლა მოხდა, მერე რას აპირებთ?
– მაქეეთკენ მიდის საქმე და უკვე ათეთრებენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები გიგა ბოკერიას. ბოკერია იყო სააკაშვილის რეჟიმის მთავარი იდეოლოგი, „თავისუფლების ინსტიტუტში“ დაფრთიანდნენ ბოკერია და სოროსის სხვა წიწილები და მოვიდნენ მერე ხელისუფლებაში. რაო, აღარ არის ბოკერია სულხან მოლაშვილის მწამებელი? „ციხის ბუნტის“ მოთავე და მომწყობი? უშიშროების საბჭოს მდივანი რომ იყო, მილიონები რომ მოიპარა, ეს აღარ ახსოვთ „ქართულ ოცნებაში“? ეს ხომ პირდაპირ ეთერში აღიარა გენპროკურორის ყოფილმა მოადგილემ, ლაშა ნაცვლიშვილმა? კიდევ ბევრი ცოდვა, კრიმინალი აქვს ჩადენილი გიგა ბოკერიას და მაგისი ვითომ პოლიტიკური გუნდის წევრებს, სხვა, უამრავი. არ რცხვენიათ „ქართული ოცნების“ ლიდერებს,რომ ამ საკითხს საერთოდ განიხილავენ? ეს რომ დასაშვები გახადეს? ეკლესიის მტრებს, ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების მომხრეებს, ქართული ოჯახის, ტრადიციების მტრებს როგორ შეიძლება შეეკრა, თუ შენში სულ მცირე ეროვნული მაინცაა? ეგ თუ მოხდა, გამოვა, რომ ბოკერია შეისრუტავს „ოცნებას“ და არა პირიქით, როგორც ამ ყეყეჩ „მეოცნებეებს“ ჰგონიათ. „ოცნება“ იმ პატარა ხიდსაც ჩატეხავს, რაც ჯერ კიდევ აკავშირებს ხალხთან და გახდება „ნაცმოძრაობა“–2, ისევე შეზიზღდება ხალხს, როგორც „ნაცები“ ეზიზღებათ. სრულად გაშიშვლდება ივანიშვილი, სრულად. მაგის საშუალებას არ მივცემთ, რომ ბოკერია დაბრუნდეს ხელისუფლებაში თავისი ლიბერასტებითა და ჯალათებით. არც ჩვენ, არც ხალხი ამას არ დაუშვებს.
– მაგას გეკითხებით, ეს თუ მაინც მოხდა, რას დაუპირისპირებთ ამას?
– სახლში ნამდვილად არ დავჯდები და არ დაველოდები, როდის გაიმყარებენ კოალიციურ ხელისუფლებას, მერე როდის დაგვიწყებენ ისევ ფაშისტებისა და ჰომოფობების ძახილს, მერე როდის დაგვაპატიმრებენ მოგონილი ბრალდებებით და შეთითხნილი საქმეებით ციხეებში როდის გაგვიშვებენ. მეც გამოვალ, ვინც ზემოთ ჩამოვთვალეთ, ის ხალხიც გამოვა თავიანთი მხარდამჭერებით. მტერს რატომ უნდა შევეგუოთ? გამოვალთ, ხალხიც ბევრი გამოვა და ამათ პარპაშს არ დავუშვებთ. მერე გინდა სახალხო აჯანყება დაარქვან ამას და რაც უნდა, ის დაუძახონ. ამ ქვეყნის მტრები არიან ბოკერია და მისი გუნდის წევრები და შენი სამშობლოს მტერთან ბრძოლა ყოველთვის გამართლებულია, მათ შორის, ზოგიერთისთვის მიუღებელი მეთოდებითაც. გიგა ბოკერიას დაჯგუფება არ არის პოლიტიკური ძალა, პოლიტიკას ამოფარებული, დასავლეთის აგენტურაა, დაგეშილები საქართველოს დასანგრევად, ქართველი ერის გადასაგვარებლად.
ლევან ჯავახიშვილი, ალია №22
კომენტარები