პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი, “პალიტრანიუსთან” ამბობს:
“მოგეხსენებათ, ქართული ოცნების 6 დეპუტატმა დატოვა პარტია და განაცხადეს, რომ გახარიასთან ერთად იწყებენ სრულიად ახალი პოლიტიკური ერთეულის ფორმირებას. რომ გითხრათ, რომ ეს რაღაც მოულოდნელობა იყო, ესეც არ არის, გახარიამ თავიდანვე გულწრფელად თქვა, რომ არ აპირებს პოლიტიკიდან არსად წასვლას და ანონსშიც ჩანდა, რომ დაიწყებს საკუთარი პოლიტიკური პარტიის ფორმირებას. სეგმენტიც განსაზღვრა – არ ჩაერთვება ამ ორპოლუსიან დაპირისპირებაში და პირიქით, შეეცდება სტაბილური პოლიტიკური გარემო შეიქმნას ქვეყანაში – რაც ლოგიკური და კანონზომიერია.
პოლიტიკურ ბაზარზე რომ დეფიციტია, ესეც ცხადია. ამომრჩევლის მნიშვნელოვან სეგმენტს არ მოსწონს არც ხელისუფლება და არც არსებული სახით ოპოზიცია. გახარია შეეცდება ამ ველზე გამოვიდეს არენაზე. მისი ეს გზავნილიც, რომელიც მოწოდებულია უფრო ზომიერი პოლიტიკური ტექნოლოგიისკენ, ესეც სწორია. ადამიანები დაიღალნენ დაუსრულებელი და ჩიხური პოლიტიკური კინკლაობისგან. ჯეჯრჯერობით ყველაფერი ლოგიკურად ვითარდება.
სხვა საკითხია, გახარიას მაღალი რეიტინგი, რაზეც მიდის აპელირება და ეს მატებს ინტრიგას მთელ ამ პროცესს – ეს არის ე.წ. მოლოდინის რეიტინგი, ის არ არის ჯერ პოლიტიკურ ველზე შემოსული, მოხოვნილება კი დიდია და მის გარდა არავინ ჩანს, ბუნებრივია, ინტრიგა არის ძალიან მაღალი. ის იზომებოდა ადრეც და ქართველ პოლიტიკოსებში მაღალი რეიტინგით სარგებლობს, მაგრამ ეს არის ძალიან მყიფე. პოლიტიკურ ველზე შემოსვლის შემდეგ, შეიძლება პროცესები წავიდეს დეგრადაციისკენ. ამის ბევრი მაგალითი გვახსოვს. მას მოუწევს გარკვეული განსაწმენდელის გავლა, ორმხრივი ცეცეხლის ქვეშ აღმოჩნდება. რა დოზით და რამდენად მოხდება მისი რეიტინგის სტაბილიზაცია, ამას პროცესი გვიჩვენებს, როგორ მოახერხებს არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემას, კომპრომატების მოგერიებას და ამ ორი პროპაგანდისტური მონსტრის შემოტევის ასხლეტას. ეს რთული ამოცანაა, კარგად დალაგებული მატრიცაა, ორივე მხარე შეეცდება შეტენოს მოწინააღმდეგის ბანაკში, “ქართული ოცნება” იტყვის, რომ გახარია შეეკრა მიშას და ოპოზიცია იტყვის და უკვე ამბობს, რომ ის არის ბიძინა ივანიშვილის პროექტი.
უდაოდ საინტერესო შეთავაზებაა და უნდა დაველოდოთ რამდენად დამაჯერებელი იქნება პასუხები კითხვებზე, იმ ჩავარდნების შესახებ, რაც მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო და ბუნებრივია, მასზე აქვს პასუხისმგებლობა, 20 ივნისის მოვლენებზე და ა.შ. ასე რომ საინტერესო პროცესები გველის გახარიას ირგვლივ. შეგვიძლია ვუყუროთ და შევაფასოთ.
კომენტარები