ანი დვალიშვილი
პოლარიზაციის დასრულება დასავლელ პარტნიორებს მთავარ მიზნად რომ აქვთ დასახული, იქიდანაც გამოჩნდა, რომ გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა პირდაპირ თქვა, ყველაზე დიდი გამოწვევა სწორედ დეპოლარიზაციაა, რომელიც მოითხოვს პოლიტიკოსებისგან, პარტიებისგან ქცევის შეცვლას, ასევე ქცევის შეცვლას მედიასაშუალებებისგანაც და ხანდახან მესმის, რომ მედიაში უფრო დიდი დაპირისპირებაა, ვიდრე პოლიტიკაშიო. ქნირშმა ისიც თქვა, პოლარიზაციამ სხვადასხვა სფეროც მოიცვა და ასე განსაჯეთ, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაც კიო. ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ დასავლეთი მძლავრად გაიბრძლებს პოლარიზაციის დასრულებისთვის, მაგრამ გაიბრძოლებს ერთხელ და შემდეგ უკვე ნებაზე მიუშვებს ყველაფერს, რადგან ხელისუფლების უმაღლესი პირები დასავლეთს ყურს აღარ უგდებენ, ოპოზიცია კი საბოლოოდ მიხვდა, რომ არჩევნებით რაიმეს შეცვლას ვერ მოახერხებს და ამიტომ, როცა დეკემბერში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე უარს გვეტყვიან, შეეცდება რევოლუცია მოახდინოს. რა თქმა უნდა, აუცილებლად ითქმება, რომ რევოლუცია მშვიდობიანი იქნება, თუმცა ოპოზიცია ხელისუფლებაში დასაბრუნებლად ყველაფერზე რომ არის წამსვლელი, თავადაც კარგად იცის.
ბოლო დროს, ნაცმოძრაობის კრიზისზე ალაპარაკდნენ და ამბობენ, რომ პარტიაში დიდი განხეთქილებაა და ნიკა მელიას პარტიის თავმჯდომარის პოსტზე დიდი დღე არ უწერია. მელია უკან არ იხევს, მაგრამ ეტყობა, რომ წასასვლელად ნიადაგს იმზადებს და უკვე საკუთარ ამომრჩეველსაც აკრიტიკებს. ნაც-მოს რამდენიმე ლიდდერი იმასაც გვეუბნება, ეს ჩვენი ახალი სტრატეგიაა, ამომრჩეველი უნდა „ავაგდოთ“, სულ იმას რომ გვიჩიჩნებენ, რას აკეთებთ, ახლა ჩვენ ვეტყვით – თქვენ რას აკეთებთ, რა დამსახურება გაქვთო. ასეა თუ ისე, ოპოზიციის პრაქტიკულად ყველა ლიდერი ჩრდილშია გადასული და მხოლოდ 12-პუნქტიან გეგმაზე თუ აკეთებს კომენტარს, დანარჩენი კი…
აი, დანარჩენს რაც შეეხება. როგორც გვეუბნებიან, საქართველოდან საპარლამენტო უმრავლესობის თითქმის არცერთი წევრი არ არის გასული. მიზეზი მარტივია – მათ მკაცრი მითითება აქვთ, რომ საქართველოში იყვნენ, რადგან თავად „ოცნებაშიც“ არ იციან, როდის დაუდგებათ საჭიროება და როდის შეიძლება მოიწვიონ რიგგარეშე საპარლამენტო სხდომა. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ოპოზიცია იტყვის, რომ პოლარიზაციის დასრულებისთვის მზად არის და საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთვება. ამ შემთხვევაში, „ოცნება“ ერთ დღეში მოახერხებს მობილიზებას. ჰო, შემთხვევითი არ არის ისიც, რომ პარტიის თავმჯდომარე და სხვა ლიდერები რეგიონებში დადიან და აქტივს ესაუბრებიან. ისინი რაოდენ უცნაურადაც და უდროოდაც არ უნდა მოგეჩვენოთ, იმისთვისაც მზად არიან, რომ თუნდაც ხვალ ჩატარდეს არჩევნები. ჰო, ყველაზე კარგად სწორედ „ოცნებაში“ იციან, რომ სიტუაცია იმდენად არაკონტროლირებადია, რომ ვადამდელი არჩევნების საკითხი დღის წესრიგში მართლაც შეიძლება დადგეს. რეალურად, სწორედ ამას ემსახურებოდა „ოცნებიდან“ ჯერ სამეულის გასვლა, შემდეგ კი აქტივის ნაწილის გადასვლა მათ მხარეს.
„სუბარი-ყაველაშვილი-ხუნდაძის სამეულს უკვე შეუერთდა გურამ მაჭარაშვილი და რეგიონებში აქტივის ნაწილი. ეს ის ხალხია, ვისაც რეგიონებში მმართველ პარტიასთან პირდაპირი კავშირი აქვს, ისინი გამოცდილები და შემოწმებულები არიან, ანუ რეალურად, „ოცნების“ საქმეს აკეთებენ. შესაბამისად, საპარლამენტო უმრავლესობიდან გასული დეპუტატები ჯერ დააფუძნებენ სამოქალაქო მოძრაობას, შემდეგ ეს მოძრაობა პარტიად გარდაიქმნება და არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ამ ძალას პრეტენზია ექნება, რომ საპარლამენტო უმცირესობაში ნაციონალური მოძრაობა ჩაანაცვლოს. „ოცნება“ მიდის ვა-ბანკზე და ცდილობს, ისეთი რესურსი გამონახოს, რომელიც შესაძლებლობას მისცემს, ხელისუფლებაც თავად იყოს და ოპოზიციაც“, – ეუბნება „ალიას“ „ოცნების“ მაღალჩინოსანი.
კომენტარები