დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოში პოლიტიკური და უსაფრთხოების კუთხით არსებულ სიტუაციაზე დებატები მიმდინარეობს. დებატების გამართვის ინიციატივით კონსერვატიული პარტიის წევრი ადამ ჰოლოუეი გამოვიდა.
“საქართველოს მმართველი პარტია – ქართული ოცნება პროპუტინური და პრორუსული ჯგუფია, რომლის ხელმძრვანელებიც საქართველოს რისკს უქმნიან, რომ რუსეთის მარიონეტი გახდეს გლობალური უსაფრთხოების ამ კრიტიკულ პერიოდში. ქართული ოცნება იქცევა ორგანიზაციად, რომელიც დადებითადაა განწყობილი და მზარდად კონტროლირებული რუსეთის ხელისუფლების მიერ, მაშინ როცა აცხადებს, რომ დასავლური და დემოკრატიულია” – განაცხადა დეპუტატმა.
ჰოლოუეიმ ისაუბრა ბიძინა ივანიშვილზეც და აღნიშნა, რომ ოლიგარქმა ხელისუფლებაში ქართული ოცნების მოსვლისთვის რუსეთში ნაშოვნი ფულით ხმები იყიდა და მიუხედავად იმისა, რომ დღეს ოფიციალურად პოლიტიკაში არაა, მას დიდი გავლენა აქვს „ქართულ ინსტიტუტებზე“.
„მისი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი, ოლიგარქია, რომელმაც, სავარაუდოდ, ფული რუსეთში ურთიერთობებით გააკეთა. სავარაუდოდ, მან თავისი დიდძალი ქონება გამოიყენა, რომ ეყიდა ხმები და მისი ლობისტები საქართველოს ხელისუფლებაში დაესვა. მიუხედავად იმისა, რომ ახლა არ უკავია არჩეული თანამდებობა, მას დიდი გავლენა აქვს საქართველოს ინსტიტუტებზე. საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში აყვავებულ კორუფცია ახლა ნათელი ეფინება. ახლახან აშშ-მ პირადი სანქციები დაუწესა 4 მოსამართლეს, რომელიც საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ დანიშნა“ – განაცხადა ჰოლოუეიმ.
მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობას კვლავ სურს ევროკავშირსა და NATO-ში ევროინტეგრაცია. მისი თქმით, ამ პროცესს რუსეთმა ხელი არაერთხელ შეუშალა ახლა კი ქართული ოცნება საკმარისს არ აკეთებს, რათა ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს.
„ქართველი ხალხისთვის NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია კვლავ პრიორიტეტულია, მაგრამ როგორც ჩანს, ამ მიმართულებით საკმარისი ნაბიჯები არაა გადადგმული. ქართული ოცნების მთავრობამ მიზანმიმართულად არ გადადგა შესაბამისი ნაბიჯები ევროკავშირის კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად“ – განაცხადა ჰოლოუეიმ.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ დაუწესა სანქციები რუსეთს საქართველოს მთავრობამ სანქციებში მონაწილეობა არ მიიღო და პირიქით, რუსეთთან ვაჭრობა გაზარდა.
„ვაჭრობის ზრდა, რა თქმა უნდა, საფრთხეს უქმნის იმ სანქციებს, რომლებიც ჩვენ რუსეთს დავუწესეთ“ – განაცხადა დეპუტატმა.
წყარო – ფორმულა
კომენტარები