“ოცნებიდან” წასულმა დეპუტატებმა დღეს სპეციალური ბრიფინგი გამართეს, რომელზეც მათი რიგების გაფართოებაზე განაცხადეს. კერძოდ, მათ დღეს 5 ახალი დეპუტატი შეუერთდათ და ახლა 9 წევრისგან შედგებიან. ამასთანავე, დღესვე “ოცნებიდან” წასულების ლიდერმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ მათმა წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ ტელეკომპანია POSTV-ის საკონტროლო პაკეტი შეიძინა.
“ჩვენი მოძრაობის წევრმა, ვიქტორ ჯაფარძემ შეიძინა ტელეკომპანია POSTV-ის 52%. აღნიშნული გარემოება ხელს შეგვიწყობს, რომ საზოგადოებამდე ჩვენი სათქმელი კიდევ უფრო ფართოდ მივიტანოთ”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
ეს ცვლილება უკვე ასახულია ტელევიზიის ამონაწერშიც. მისი მიხედვით, ვიქტორ ჯაფარიძემ არხის 52%-იანი წილი 520,000 ლარად შეიძინა. კერძოდ კი ვიქტორ ჯაფარიძემ ეს წილები შალვა რამიშვილისგან (24%) და თემურ ჭარელაშვილისგან (28%) იყიდა.
არხში დარჩენილი 48%-იანი წილები ასე ნაწილდება:
ნუგზარ რუხაძე – 16%;
ზვიად ბლიაძე – 16%;
ანა შენგელია – 8%;
ვახტანგ კომახიძე – 8%.
თავის მხრივ ტელეკომპანიამაც გააკეთა განცხადება:
„დაარსების დღიდან ჩვენი ტელევიზია ღიად და დაუფარავად აცხადებდა თავისი მიზნებისა და ამოცანების შესახებ. ჩვენს უპირატესობად ვთვლით, რომ მაყურებელს პატიოსნად ვეუბნებოდით, თუ ვის და რა იდეას ვუჭერდით მხარს. ასევე, თავიდანვე ცხადი იყო ის იდეოლოგიური პლატფორმა, რომელზეც არხი იდგა. ჩვენი გულწრფელობა დაფასდა და ძალიან დიდი მადლიერებით გვინდა აღვნიშნოთ, რომ დღითიდღე იზრდება ჩვენი არხის ერთგული მაყურებლის რიცხვი და შესაბამისად რეიტინგიც.
ახალ დროს ახალი გამოწვევები მოაქვს. ჩვენი უცვლელი პრინციპია, ვემსახუროთ ხალხს და ქვეყანას იქ, სადაც სიმართლეა და ისე როგორც ჩვენ გვწამს. ამიტომაც, „პოსტვ“-ის გუნდმა მივიღეთ გადაწყვეტილება, ღიად და აქტიურად დავუჭიროთ მხარი ახლადშექმნილ საზოგადოებრივ მოძრაობა „ხალხის ძალას“. მიგვაჩნია, რომ მათ მიერ გაცხადებული მიზანი, ქართველმა ხალხმა გაიგოს მეტი სიმართლე, ამ რთულ და ფეთქებადსაშიშ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ემთხვევა ჩვენი არხის შექმნის იდეას. არხი დღეიდან ხდება მოძრაობა „ხალხის ძალას“ მედიაპლატფორმა, ჩვენი არხის რამდენიმე სახე უშუალოდ გახდა ორგანიზაციის წევრი. არხს ჰყავს ახალი დამფუძნებელი, არხის საკონტროლო პაკეტი ეკუთვნის ვიქტორ ჯაფარიძეს, რომელთანაც გვაქვს სრული იდეოლოგიური თანხვედრა. ღრმად გვწამს, რომ ამ ნაბიჯების გადადგმით ჩვენს წვლილს შევიტანთ საქართველოს უკეთესი მომავლის შექმნაში“
კომენტარები