ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა ჩხარტიშვილი.
– ბუღალტრები რომ ბიუჯეტის ფულით ტოტალიზატორზე თამაშობდნენ, ამის მერე მეგონა აღარაფერი გამიკვირდებოდა. ხარაგაული საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, დავით კიკნაძის არასრულწლოვანი შვილები სოცდახმარებას იღებენ, მამას 4 000 ლარი აქვს ხელფასი. ამ დროს, ქვეყანაში 100 000 ადამიანი ითხოვს სოცდახმარებას და ბევრს ისეთს არ აძლევენ, რომელთაც ეკუთვნით. რა ჰქვია ახლა ამას?
– ამას უნამუსო ხელისუფლების სახე ჰქვია. ცხადია, ეს ყველაზე მასშტაბური კორუფცია არ არის, მილიონებს და მილიარდებს იპარავენ ზოგიერთები, მაგრამ ასე დაუფარავად, უსირცხვილოდ და უტიფრად, ეს როგორ უნდა გაკეთო, როცა 60 ლარიანი დახმარებას ამადლიან ხალხს, წლობით ალოდინებენ მის მისაღებად. კაცი, როდესაც ამხელა ხელფასს იღებს და 4 000 ლარი დიდი ხელფასია საქრთველოში, ასეთ რაღაცას კადრულობს და ბოდიშს კი არ იხდის, პირიქით. იმდენად კადნიერია, უსირცხვილო, ხარაგაულში ჩასულ ლევან ხაბეიშვილს თავად, მისი თანამშრომლები და თანამოაზრეები ხვდებიან, ხალხს ახვედრებენ და შეურაცხყოფას აყენებენ. მოკლედ, ასეთ უმსგვსობას სჩადის ეს ადამიანი და არც უნდა გააპროტესტოო, ამას გვეუბნებიან. თან ხაბეიშვილს „ნაციონალს“ ეძახდნენ და ამას დიდ დანაშაულად უთვლიდნენ, რამდენადაც ვიცი, კიკნაძე „ნაცმოძრაობის“ მმართველობისას სახელმწიფო სამსახურში მუშაობდა და ხაბეიშვილზე ნაკლები „ნაციონალი“ მაშინ არ ყოფილა. მე ასე გავიგე. გპარავენ ფულს, პასუხს მოსთხოვ და მერე კიდევ იქით გიტევენ. საერთოდ, ეს ცუდი ტენდენცია დამკვიდრდა ჩვენში. კორუმპირებულ ჩინოვნიკებსა და პოლიტიკოსებს, ერთი ხელისუფლებიდან მეორე გადაიბარებს და გრძელდება ასე. „ქართული ოცნების“ დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე „ნაცმოძრაობის“ დეპუტატი იყო, 2012 წელს ოპოზიციას, „ქართულ ოცნებას“ ებრძოდა, სააკაშვილის რეჟიმს ჩაყვა ლამის საფლავში, რამდენიმე დღის წინ კი, „ნაცმოძრაობაზე“ გამარჯვების 10 წლისთავს ულოცავდა ხალხს. ამნაირ ხალხს რომ შეირგებ, ეს უკვე პირველი პირის დანაშულია, ამ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილისა. ამნაირ ხალხს რომ გადაიყვან პარტიაში, ისევ დეპუტატად აქცევ თუ აღმასრულებელ ხელისუფლებაში დანიშნავ საკვანძო პოსტზე, მაშინ სამრთლიანობის იდეასა და დროშაზე აღარ უნდა ილაპარაკო. იდეა მოკვდა და დროშა მაშინ დაიწვა, როცა ლევან მურუსიძე საჯაროდ ჩაიხუტა ბიძინა ივანიშვილმა. მაშინ ყველასთვის გასაგები უნდა ყოფილიყო, რომ ქვეყნაში სამართლიანობაზე ლაპარაკსაც კი აზრი აღარ ექნებოდა. ამის მერე ბიძინა ივანიშვილსა და მის პარტიას რატომ მისცა ხალხმა ხმა ან მერე რატომ აძლევდა, რა გითხრათ, ჩემთვის მათი პოზიცია გაუგებარია.
კომენტარები