ქობულეთში, რუსთაველის #260 – ში, სპორტსმენი და ყოფილი პარლამენტარი ლუკა, იგივე ელდარ კურტანიძე ორ სასტუმროს აშენებს. მის სახელზე რეგისტრირებულ ერთ საკადასტრო ნაკვეთზე ორი მშენებლობა მიმდინარეობს – სამსართულიანი, შედარებით მცირე მასშტაბის შენობა მანსარდით თითქმის დასრულებულია. შედარებით მასშტაბური შენობის კარკასი კი, რომლის თავზეც ორი ლურჯი დროშა ფრიალებს, დაუსრულებელი და მოსაპირკეთებელია.
ამ პერიოდისთვის, ხელოსნები იქ გადატიხვრის სამუშაოებს ასრულებენ. მოსაპირკეთებელია ფასადიც.
ქობულეთში, ისევე როგორც ბათუმში, სამშენებლო მოედანზე მშენებლებმა პასუხი თუ არ გაგცეს, ვერ გაიგებ, ვინ აშენებს და რას, რადგან უმეტეს შემთხვევაში სამშენებლო მოედანზე საინფორმაციო დაფა განთავსებული არ არის, ხოლო თუ არის, სრულყოფილ ინფორმაციას არ შეიცავს.
საინფორმაციო დაფა არც ქობულეთში, რუსთაველის #260-ში დაგვხვდა. მშენებლებმა გვითხრეს, რომ ის სპორტსმენს, ყოფილ პარლამენტარს, ლუკა, იგივე ელდარ კურტანიძეს ეკუთვნის.
ქობულეთის მერიის ინფორმაცით, რუსთაველის #260 – ში ორი სასტუმროს მშენებლობის ნებართვაა გაცემული. მათივე განმარტებით, ერთი ნებართვა ოთხსართულიანი, მეორე კი ხუთსართულიანი შენობის მშენებლობას გულისხმობს.
ადგილზე ექვსსართულიანი შენობა დაგვხვდა, დამატებით ერთი მანსარდული სართულით. ეს იმას ნიშნავს, რომ დამატებით ერთი სართული და მანსარდი პროექტის დარღვევით, უკანონოდ არის აშენებული.
მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ დროშები სწორედ ამ უნებართვო სართულზე ფრიალებს.
რეესტრის მონაცემებით, ლუკა კურტანიძე ქობულეთში, აღმაშენებლის #260-ში, ზღვასთან ახლოს, 1230 კვ.მეტრ ტერიტორიას ფლობს.
რეესტრის მონაცემებით, 799 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში ზღვის ხედით, შემაღლებულ ტერიტორიაზე ასევე ფლობს ლუკა კურტანიძის მეუღლე.
__
ლუკა კურტანიძე, ყოფილი დეპუტატი, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ევროპის და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი, ასევე ორგზის მესამე პრიზიორი ატლანტის [1996 წ.] და სიდნეის [2000 წ.] ოლიმპიურ თამაშებში.
კომენტარები