ანი დვალიშვილი
ეს უკვე სასაცილოც აღარ არის – კვარტალში ერთხელ, მიხეილ სააკაშვილის მომხრეები ახმაურდებიან, ექსპრეზიდენტი სიკვდილის პირასაა, ბოლო დღეებს და საათებს ითვლისო, მასთან სიარულს იწყებენ ექიმები, ოჯახის წევრები, სხვადასხვა სფეროს ექსპეტები და ბოლოს მივდივართ იქამდე, რომ მიშა ისევ ცოცხალია, საგანგაშო რეალურად არაფერია და მის არსებობას კარგა ხნით ივიწყებენ. ასე იყო ამჯერადაც – მიშას გარშემო ნამდვილი ქარიშხალი დაატრიალეს, ამერიკიდან საკუთარი ნებით ჩამოსულ ექიმებს გაასინჯეს და… არც არაფერი, მიშა ისევ მეათე თუ მეასე ხარისხოვანი გახდა. რატომღაც გვგონია, რომ ოპოზიციას საქმე რომ გამოელევა (და ბოლო დროს ხშირად ელევა), მიშას მაშინ იხსენებენ და მისით ცდილობენ ტელევიზორში გამოჩენას.
მმართველი გუნდის შიგნით მიძინებული კონფლიქტი ვაკის პარკში მომხდარმა ტრაგედიამ გააღვიძა. როგორც ამბობენ, კახა კალაძის მოწინააღმდეგეები, მზად არიან, დედაქალაქის მერის თანამდებობიდან წასვლას მხარი დაუჭირონ, ოღონდ ეს ისე უნდა გააკეთონ, რომ გარანტირებულად იცოდნენ, კალაძე მიდის. წინააღმდეგ შემთხვევაში, კახიმ შესაძლოა ბევრს პოლიტიკური სამარე გაუთხაროს. რეალურად, დღეს მმართველ გუნდში გადაწყვეტილებებს სამი კაცი, ორი ირაკლი და კალაძე იღებენ, ჰოდა, ნებისმიერის ჩაჩოჩება ნიშნავს იმას, რომ ახალი კადრი უბრალოდ არ იქნება, ვერ მოძილერდება ისე, როგორც ეს სამეულია გაძლიერებული და ორი კაცი უფრო მარტივად გადაინაწილებს გავლენის სფეროებს, ვიდრე სამი. მითუმეტეს, რომ ამ ორიდან ერთს დედაქალაქზე აქვს თათი დადებული. ჰო, სწორედ თათი, რადგან რამდენიც არ უნდა ვატრიალოთ ეს თემა, თავად კალაძემაც ხომ კარგად იცის (თუ არ იცის, ხვდება მაინც), რომ შეუძლებელია, ერთი და იგივე კომპანიები იგებდნენ ტენდერებს, როცა საქმე 7 და მეტციფრიან თანხებს ეხება და აგებდნენ იმ შეთავაზებებს, რომელიც რამდენიმე ათეულ ათასში მერყეობს. ისიც ხომ კარგად იცის კალაძემ, ლისის მიმდებარედ დაწყებულ მშენებლობებში, რამდენი მილიონია ჩასხმული და ამას შემთხვევით ვერავინ რომ ვერ დაიწყებდა. ჰოდა, ყველას გასაგონად, არ გვინდა ახლა გულუბრყვილოდ თვალების ფახული და გაოცებული სახეების მიღება – პატარაა საქართველო და ყველამ ყველაფერი იცის.
ჰოდა, „ოცნების“ შიგნით დაწყებულ ომს შესაძლოა… ერთ-ერთი მინისტრის სავარძელი შეეწიროს და ეს იყოს გამაფრთხილებელი ნიშანი იმისა, რომ რეალურად, ყველაფერი მხოლოდ ამ სამეულის კი არა, სხვისი გადასაწყვეტია და ის სხვა უსაქმოდ ნამდვილად არ არის. კი, ბიძინა ივანიშვილზე მოგახსენებთ, რომლისთვისაც უთქვამთ, რომ ურიგო არ იქნებოდა, თუ გარდაცვლილი გოგონას პანაშვიდზე მივიდოდა, მაგრამ ამ ეტაპზე, ჟურნალისტებთან მისი გამოჩენა არ შეიძლება, რადგან უსიამოვნო კითხვების მთელი კასკადია მომზადებული და ივანიშვილს ახლა არც ამის დრო აქვს და არც სურვილი. სამაგიეროდ, მუნიციპალიტეტებმა მიიღეს უმკაცრესი მითითება იმის შესახებ, რომ 2023 წელს, ყველა (აბსოლუტურად ყველა) სოფელში რაღაც უნდა გაკეთდეს და ეს რაღაც ყველამ უნდა იგრძნოს. გარე-განათებებისა და სკვერების მოწყობა მოდაში აღარ არის, მოსახლეობას ბევრად მეტი სურს და ღარიბაშვილის მიერ დაანონსებული, 2025 წელს, მთელ საქართველოში უწყვეტი წყალმომარაგება იქნებაო, სწორედ 2023-დან უნდა დაიწყოს, თორემ ვერ მოესწრება. ისე, ამ თემაზე წყლის კომპანიის წარმომადგენლებს ვესაუბრეთ და სიცილთ მოკვდნენ, გეგმა ამბიციურია, მაგრამ მხოლოდ პროექტების შედგენას და ჩვენთან გავლას, შემდეგ ამ ყველაფრის ინსპექტირება-შესწავლას, წელიწადნახევარი დასჭირდება და ჩვენთან ჯერ კონსულტაციებიც კი არ გამართულა, უბრალოდ ვიცით, რომ ღარიბაშვილს ბრძანებაზე აქვს ხელი მოწერილი და მეტი არაფერიო.
ჰო… სახალხო დამცველს რაც შეეხება, მმართველი გუნდი ამტკიცებს, ოპოზიციის მიერ წარდგენილი სამი კანდიდატიდან, „ოცნება“ მხარს არცერთს არ დაუჭერს და ისეთ პირს შემოაგდებს, ყველა პირს დააღებსო. აქამდეც არაერთხელ დავრჩენილვართ პირღია და ვინძლო ჩვენს გაოცებას ძალიან, ძალიან დიდი მონდომება სჭირდებოდეს.
კომენტარები