ენმ-ის განცხადებით, გუშინ, 4 აპრილს, ბათუმში, მოძრაობა სირცხვილიას და სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ოფისთან ჩატარებულ აქციებში ქართული ოცნების წევრები მონაწილეობდნენ, რომლებიც, პარალელურად, საჯარო სამსახურებშიც მუშაობენ.
პარტიის ინფორმაციით, თავდასხმაში მონაწილეობდნეენ:
გურამ დუმბაძე;
ანზორ დავითაძე – ონი-გარადოკის გამგებელი,
კობა ცინცაძე – მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი;
მერიის თანამშრომლები: გალაქტიონ ორმოცაძე და გოჩა ბარამიძე;
ასევე, უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, გვარად ვაშაძე და კობახიძე;
პარტიის წევრების თქმით, საპროტესტო ტალღას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე უძღვებოდა.
ქართული ოცნების აქტივისტებმა ბათუმში “ცოცხების აქცია” გამართეს – მათი განცხადებით, ეს არის კონტრაქცია და პასუხი მოძრაობა სირცხვილიას მიერ გუშინ გამართულ დაუმორჩილებლობის წვეულებაზე.
აქციის მონაწილეებმა მოძრაობა სირცხვილიას და სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ოფისებთან სტიკერები გააკრეს. ენმ-ის ოფისთან მათ გამოჩენას ხმაური მოჰყვა.
„არცერთი ქართული ოცნების მხარდაჭერი არ მისულა მათ ოფისში და არ მიუყენებია შეურაცხყოფა. 4-5 ბავშვი რატომ დაწანწალებს ასე ქუჩაში, თუ მხარდაჭერა არ აქვთ. მივმართავთ მთელ ოპოზიციურ სპექტრს, ვინც თამაშობს მიხეილ სააკაშვილის თამაშს. ახლა ვნახოთ, სტიკერი როგორ უნდა და ვის ოფისს ვინ როგორ დალუქავს, და ვის მხარდაჭერებს ვინ როგორ შეაშინებს და უწოდებს მონას.
ამოგვივიდა უკვე ყელში ნაციონალური მოძრაობის საქციელი. რისი ღირსიც არიან, ის გამოვხატეთ – ცოცხებით აუპატიურებდნენ ხალხს და ანალოგიურად ვუპასუხეთ. მეტის ღირსი არ არიან”, – ამბობდნენ აქციის მონაწილეები.
წინა დღეს, 3 აპრილს, კომენდანტის საათის გასაპროტესტებლად მოძრაობა სირცხვილიამ ბათუმში დაუმორჩილებლობის წვეულება მოაწყო. აქტივისტების თქმით, წვეულება პოლიციამ დაშალა და რამდენიმე აქტივისტი დააკავა.
კომენტარები