ჩვენი კვლევებით 22 პროცენტამდე ამბობს, რომ ვაქცინას არასდროს არ გაიკეთებს, 20-მა პროცენტმა ჯერ არ იცის, რას იზამს, 55-დან 60 პროცენტამდე კი დაბეჯითებით ამბობს, რომ ვაქცინაციას ჩაიტარებს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ახალი დღე“ განაცხადა.
„ეს ცუდი მაჩვენებელი არ არის, თუმცა იმდენი რამ ვრცელდება, განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში. ხალხის ნაწილს ამ შეთქმულების თეორიების სჯერა. ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ისევ და ისევ თქვენი დახმარებით, მეტი მუშაობაა საჭირო მოსახლეობასთან, მეტი განმარტება, ახსნა, თუ როგორი და რა ტიპის ვაქცინებია. ბუნებაში არ არსებობს ძალა, რომ ვაქცინა უკან წავიდეს, ბირთვში შევიდეს და დეენემი შეცვალოს. ბიოლოგიის საფუძვლებს ხომ ყველა არ იცნობს, მაგრამ რაღაცნაირად, ეს ინფორმაცია მოსახლეობამდე უნდა მივიტანოთ“
შეგახსენებთ, რომ “ალიასთან” ინტერვიუში ექიმმა ზაზა თელიამ, დაწვრილებით განმარტა, რატომ არ შეუძლია ვაქცინას დნმ-ის შეცვლა და ბევრად უფრო ადრეც. შესაბამისად, ცუდი არ იქნებოდა, დაავადებათა კონტროლის ცენტრს, მეტი დრო დაეთმო ვაქცინაზე საუბრისთვის, არ არის საჭირო, ბატონო პაატა, ამ ინფორმაციის რაღაცნაირად მიტანა საზოგადოებამდე, დიდი ხანია მოგონილია გზა, როგორ უნდა მიაწვდინო საზოგადოებას ხმა და ამისათვის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიც გყავთ, რომელიც, სხვათა შორის, “ალიას” გვემდურის. “რაღაცნაირად” კი არა, აპრობირებული გზებით სცადეთ ჯერ, საზოგადოების ნდობის მოპოვება და საზოგადოებასთან საუბარი, აი, თუ არ გამოგივათ, მერე გამოიგონეთ “რაღაცნაირი” გზები!
გვთხოვეთ, ბატონო პაატა ვაქცინაზე ინტერვიუს ჩაწერა და უარი გითხარით? – აბა, გთხოვეთ, ინტერვიუ და უარი გვითხარით? – რომელია აქედან მართალი, აღარეთ! რამდენი თანამშრომელი, რამდენი მეცნიერი გყავთ სპიკერად ამ თემაზე?
რა შეეხება შეთქმულების თეორიებს – ამას იწვევს ინფორმაციის დაბლოკვა, სტატისტიკის არ გამოქვეყნება, პასუხი – ვიცი და არ გეტყვით, არასწორი პროგნოზები. არც ის დაგვვიწყებია, ქართველ ექიმებს რომ პასუხიც არ გაეცით ვაქცინაციის გეგმის მოთხოვნაზე და ამერიკის ელჩმა რომ ღიად მოგიწოდათ, დროულად შეგემუშავებიათ ვაქცინაციის გეგმა.
კომენტარები