არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც პანდემიის დროს [2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით] გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვებიდან 1.7 მილიარდ ლარადამდე ტენდერთა გამარჯვებულებს შორის მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებული 210 კომპანია იყო.
“1.7 მილიარდი ლარის გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვებიდან, ქართული ოცნების და მის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შემომწირველებმა 156 მლნ ლარის კონტრაქტები მიიღეს. 156 მილიონი ლარი 210 კომპანიაზე და 11 ფიზიკურ პირზე ნაწილდება, რომლებმაც 2013-2021 წლებში პირდაპირ, ან დაკავშირებული პირების მეშვეობით ქართულ ოცნებას ჯამში 14 მილიონ ლარზე მეტი შესწირეს, მათ შორის 5 მილიონ ლარამდე პანდემიის დაწყების შემდეგ
უშუალოდ პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯების გარეშე, კერძო კომპანიებთან გაფორმებულ შესყიდვებში, სახელისუფლო პარტიის შემომწირველების მიერ მიღებული კონტრაქტების წილი 17%-მდე იყო.
2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პირდაპირი შესყიდვის გზით 9 მლნ ლარის კონტრაქტები 192-მა ახლად დაფუძნებულმა (6 თვეზე ნაკლები დრო რეგისტრაციიდან) კომპანიამ მიიღო. მათ შორის, 22 კომპანიას კონტრაქტი დაფუძნებიდან მაქსიმუმ 10 დღეში გაუფორმდა. მაგალითად, კომპანია დი ჯი ელს მოსავლის მართვის კომპანიამ დაფუძნებიდან 6 დღეში გაუფორმა 900,000 ლარის ღირებულების კონტრაქტი.
ახალდაფუძნებულ კომპანიებისთვის კონტრაქტების გაფორმებით ძირითადად ადგილობრივი მუნიციპალიტეტები გამოირჩევიან. ახალბედა კომპანიების სახელმწიფო შესყიდვებში, განსაკუთრებით, გამარტივებულ შესყიდვებში მონაწილეობა კორუფციის რისკებს ზრდის და საქონლის ან მომსახურების ხარისხის მიმართ კითხვებს აჩენს.
გამარტივებული შესყიდვის გზით ყველაზე მეტი თანხა – 486 მილიონი ლარი ჯანდაცვის სფეროს მომსახურებებზე დაიხარჯა, რაც ძირითადად კოვიდ პაციენტების მკურნალობას მოიცავს. შემდეგ მოდის სამშენებლო სამუშაოების მომსახურების შეძენა 276 მილიონი ლარით. სასტუმროების საკარანტინე სივრცეებად და კოვიდ სასტუმროებად დაქირავებაზე დაახლოებით 152 მილიონი ლარი დაიხარჯა.
გამარტივებულ შესყიდვებში ყველაზე მეტი თანხა – 355 მილიონი ლარი სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტომ დახარჯა. აღნიშნული სააგენტო სამედიცინო დაწესებულებებში კოვიდ პაციენტების მკურნალობაზე აფორმებს კონტრაქტებს.
მიმწოდებლებიდან ყველაზე მეტი თანხა სს ევექსის ჰოსპიტლებმა მიიღო – 44 მილიონი ლარი. შემდეგ მოდის აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა – 27 მილიონი ლარით”
კომენტარები