სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობას 56 სამედიცინო დაწესებულება აღარ გააგრძელებს – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ბრიფინგზე განაცხადა.
„მიმდინარე წლის იანვარში მიღებულ იქნა მთვრობის დადგენილება, რომელიც მიზნად ისახავდა თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში პირველადი ჯანდაცვის ქსელში სელექტიური კონტრაქტის ამოქმედებას საყოველთაო ხელმისაწვდომობის პროგრამის ფარგლებში. დღეს იყო მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი დაწესებულებები უნდა დარჩეს სერვისის მიმწოდებლად პროგრამაში იმ კრიტერიუმების გათვალისწინებით, რასაც ითვალისწინებდა ეს დადგენილება. აქ საქმე შეეხება მიმაგრებული მოსახლეობის რაოდენობას.
ოპტიმალური რაოდენობა განისაზღვრა 13 ათასი და მეტი მოსახლე, ასევე მონაწილეობა პრევენციულ სერვისებში, ადამიანური რესურსის განათლების პროგრამებში მონაწილეობა. ეს კრიტერიუმები დაწესებულებების ნაწილმა დააკმაყოფილა.
სულ 117 დაწესებულება არის თბილისის ფარგლებში, ასევე 20-მდე დაწესებულება ბათუმის და ქუთაისის ფარგლებში.
გარდა იმისა, რომ მოსახლეობის რაოდენობა მნიშვნელოვანია, ასევე ვიმსჯელეთ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობაც მოსახლეობისთვის, თუ რომელი დარჩეს. აქ საქმე შეეხება დაბების მოსახლეობას. მაგალითად, დაბა წყნეთი, ფონიჭალა, ლილოს დასახლება, სადაც 13 ათასი მოსახლე არ არის, მაგრამ მნიშვნელოვანია რომ იქ ჯანდაცვის ხელმისაწვდომობისთვის დაწესებულება დარჩეს. ასევე ვისმჯელეთ იმ დაწესებულებებზე, სადაც მოსახლების რაოდენობა არის 7 ათასზე ზემოთ, ანუ ზღვარი არის 7-დან 13 ათასამდე
ის ადამიანები, რომლებიც ამ დაწესებულებებით სარგებლობდნენ, სხვა, გეოგრაფიულად მათთვის ხელმისაწვდომ დაწესებულებებში გადანაწილდებიან. საუბარია 90 000-მდე ადამიანზე.”
“ალია” არც მინისტრს, არც მინისტრის მოადგილეს არ უთქვამს და იქნებ კონკრეტული მაგალითებით გვითხრათ – აი, წყნეთის პოლიკლინიკა რომ გაუქმდება, სად უნდა წავიდეს წყნეთში მაცხოვრებელი პენსიონერი?
ან, ოჯახის ექიმს მიმართეთო, რომ გვეუბნებით და ამ გაგანია პანდემიის დროს 56 პოლიკლინიკას აუქმებთ… – ეგ რა სამართალია? კარანტინის დასრულებამდე მაინც გადაგედოთ, ტრანსპორტი არ დადის, სად გინდათ რომ იარონ პაციენტებმა და რით მივიდნენ ათეულობით კილომეტრით დაშორებულ კლინიკამდე?
დაახლოებით ვიცით, რომელ ქსელში გადაამისამართებთ ამ პაციენტებს და საყოველთაო დაზღვევის ფულს და ამაზე მოგვიანებით დავწერთ, მანამდე კი კიდევ ერთი, ამ მომენტისათვის უკვე მთავარი კითხვა – ვის დარჩება 56 პოლიკლინიკის შენობა?
ძველი პოლიკლინიკების უმეტესობას დიდი შენობები აქვს და როგორც წესი, თავისი საკუთარი ეზოც უმეტესად – რამდენად გაიყიდება ახლა იმ პოლიკლინიკის შენონები, რომელი პოლიკლინიკაც უკვე გააუქმა მინისტრმა და ხაზი გადაუსვა? ვინ იყიდის კაპიკებში და რის აშენებას აპირებენ მათ ადგილას?
ალია
კომენტარები