საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ისაუბრა:
„სხვადასხვა ეტაპზე იმართებოდა 40-50 000 პაციენტი ბინის პირობებში, რაც იყო დიდი დატვირთვა პირველადი ჯანდაცვის რგოლისა და ოჯახის ექიმებისთვის. ჩვენამდე მოდიოდა შემთხვევები, როდესაც ოჯახის ექიმმა დაგვიანებით გასცა პასუხი პაციენტს, ან შედარებით გვიან დაუკავშირდა, ახლა შედარებით შემსუბუქდა დატვირთვა და ასეთი ზარებიც შედარებით ნაკლებია. ჩვენ ვმუშაობთ დეცენტრალიზაციის კიდევ უფრო გაფართოებაზე. სამომავლოდ მუშავდება მოდელი, როდესაც თითოეული ოჯახის ექიმი მასთან რეგისტრირებული მოსახლეობის მართვას უზრუნველყოფს. კოვიდპაციენტი მიიღებს სერვისს თავისივე ოჯახის ექიმისგან, ვისთანაც ის რეგისტრირებულია. თუ მოქალაქე არ არის რეგისტრირებული ოჯახის ექიმთან, ამ შემთხვევაში მას მოემსახურება ონლაინ კლინიკა, ან ექნება შესაძლებლობა დარეგისტრირდეს. ეს სისტემას კიდევ უფრო გააფართოებს და მეტად ადვილი იქნება თითოეული ოჯახის ექიმისთვის შემთხვევების მართვა. ქსელი საკმარისად მზად არის იმისთვის, რომ თითოეული ოჯახის ექიმი ჩაერთოს მასთან რეგისტრირებული პაციენტის მართვაში“
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ “ალიაში” დაიბეჭდა მედიცინის დოქტორის სოფო ბერიძის ინტერვიუ, სადაც ის ამბობს:
“ვერ დავრჩები ლოიალური თამარ გაბუნიას შემთხვევაშიც, რეალურად, ჩანს, რომ სწორედ ის არის მინისტრის კლინიკური მრჩეველი და მე კი მესმის, რომ სადაც კომპეტენციის ნაკლებობაა, იქ პასუხისმგებლობის ნაკლებობაცაა, მაგრამ… სწორედ თამარ გაბუნიას ხარვეზია ის, რაც დღეს ხდება, სწორედ მას ებარა პირველადი ჯანდაცვა და ის, რომ ოჯახის ექიმები ვერ ახერხებენ პაციენტების ბინაზე მართვას, მისი პასუხისმგებლობაა. შესაძლოა, ჯანდაცვის მინისტრმა სულაც არ იცის ეს დეტალები, სწორედ ამიტომ ჰყავს მას კლინიკური მართვის კუთხით მრჩეველი, თამარ გაბუნიას სახით და მან კი ზუსტად უნდა იცოდეს რა არის სიკვდილიანობის განმსაზღვრელი, როგორ უნდა მოიქცეს სისტემა, რომ პაციენტები არ დაუმძიმდეს კლინიკაში მისვლამდე. დიახ, კლინიკაში მისვლამდე მძიმდება პაციენტების დიდი ნაწილი. რაც უფრო გვიან ხდება იმის გარკვევა, რომ პაციენტის მდგომარეობა მძიმდება, მით უფრო რთული ხდება მისი მოვლა და გადარჩენა. რატომ ვესაუბრებით კერძო კლინიკებს და დაზღვევებს ენის მოჩლექით? ვინ გადაამზადა ონლაინ ექიმები? კარგად რომ ჩაეკითხოთ, არც არავინ, არარსებული გადამზადება აქვთ გავლილი, დღეს უთხრეს, რომ ონლიან ექიმები უნდა ჰყოლოდათ და ხვალ დასვეს, ასე მოხდა რეალურად. გარდა კვალიფიკაციისა, თითო ექიმს ერთ მორიგეობაზე აძლევენ 80 პაციენტის სიას, ამ 80 პაციენტს უნდა მიჰყვეს 12 დღე, ოთხი დღის მერე, მეორე მორიგეობაზე რომ გავა, ისევ მისცემენ სხვა 80 პაციენტის სიას და ასე გრძელდება….”
კომენტარები