“პანდემიის პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 თეთრი არ დახარჯულა სტუდენტების დასახმარებლად,” – ასე ეხმაურება “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი სტუდენტების იმ მიმართვას, რომლის თანახმადაც ისინი საქართველოს პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას მიმართავენ.
“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი საზოგადოებას სთხოვს, რომ “ფეისბუქით” გამოქვეყნებულ ბმულზე გადავიდნენ და აღნიშნულ პეტიციას ხელი მოაწერონ.
“პანდემიის პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 თეთრი არ დახარჯულა სტუდენტების დასახმარებლად და მათთვის ფინანსური შეღავათების დასაწესებლად, რის გამოც უამრავი ახალგაზრდა იძულებული გახდა შეეჩერებინა აკადემიური სტატუსი. როგორც ჩანს, ქართული ოცნებისთვის განათლების სისტემა ბოლო ადგილს იკავებს პრიორიტეტულ დარგებში.
ჩვენი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ვერც მიზნობრივი სოციალური დახმარების ახალ ეტაპზე მოიძებნა სახსრები ასეთი მნიშვნელოვანი სფეროს ფუნქციონირების ხელშესაწყობად, რაც ჩვენი აზრით მომავალი თაობების მიმართ სახელმწიფო დანაშაულის ტოლფასია!
მოცემულ ბმულზე იხილეთ პეტიცია, რომელიც სტუდენტებმა თავად შეადგინეს და აგროვებენ ხელმოწერებს, რათა ამ ფორმით მაინც აიძულონ ე.წ. ხელისუფლება მიაქციოს ყურადღება განათლების სფეროს და ხელი შეუწყოს სტუდენტებს სწავლაში.
ვუერთდებით სტუდენტების ამ მოთხოვნას და ყველას მოგიწოდებთ გადახვიდეთ მოცემულ ბმულზე და ხელი მოაწეროთ პეტიციას.” – წერს ნათელაშვილი.
შეგახსენებთ, რომ – “მიეცეთ განათლების საშუალება სტუდენტებს”- ამ სახელწოდებით საქართველოს პრემიერს, გიორგი გახარიას სტუდენტები პეტიციით მიმართავენ.
კომენტარები