რას წერდა “ალია” 20 წლის წინ?
2002 წელი, “ალია ჰოლდინგი”, ავტორები თამარ დვალიშვილი, დარეჯან ლიპარტელიანი
2002 წლის 18 ივლისს, გიორგი სანაიას მკვლელობის წლისთავამდე 8 დღით ადრე, გამოძიებამ მუშაობა უხმაუროდ დაასრულა. ფართო საზოგადოებისთვის დღემდე ისიც უცნობია, რომ მხარეებმა საქმის გაცნობაც დაიწყეს.
“ქრონიკის საგამოძიებო ბიუროს” მიერ დღეს წარმოდგენილი მასალები მკითხველს რამდენიმე ისეთ ახალ ინფორმაციას მიაწოდებს, რომელმაც შესაძლოა, გენერალური პროკურატურის მიერ გამოძიებული საქმე სულ თავდაყირა დააყენოს. თუმცა მანამდე შეგახსენებთ, რა ხდებოდა მკვლელობამდე და მკვლელობის იმ პირველ დღეებში, როცა დღის წესრიგში ლამის სახელმწიფო გადატრიალების აუცილებლობა დადგა.
მკვლელობამდე
მკვლელობამდე სანაია თავისი სახლის გასაღებს კარგავს, ან ჰპარავენ. მაშინ მას ამ წვრილმანისთვის ყურადღება არ მიუქცევია. 25 ივლისს “ღამის კურიერში” ტრადიციულად ემშვიდობება მაყურებელს და სამსახურიდან მიდის. 26-ში კი, მას შემდეგ, რაც ჩვეულ დროს სანაია სამსახურში არ გამოცხადდა, ოჯახის წევრები პოლიციას გამოიძახებენ და ბინაში თავში ტყვიადახლილ გიორგის იპოვიან. იმ დღესვე გაირკვა, რომ გიორგი სანაიას მკვლელობიდან გვამის აღმოჩენამდე, დაახლოებით, 14-15 საათი მაინც იყო გასული. ცხადია, ამ პერიოდში მკვლელს მიმალვა საუკეთესოდ შეეძლო.
იმავე დღეს სისხლის სამართლის საქმე გენერალური პროკურატურის საგამოძიებო სამსახურში აღიძვრება.
“არშემდგარი რევოლუცია”
გამოძიებამ სანაიას მკვლელობასთან დაკავშირებით ყველა ცნობა მკაცრად გაასაიდუმლოვა. ხალხში საპროტესტო განწყობა “ვიღაცამ” “რაღაცით” ჩააცხრო. პირველ რიგში, ეს ისევ სამართალდამცველების “დამსახურებაა”, რომლებმაც ტრადიციას არ უღალატეს და გამოძიებისა და ვერსიების ყველაზე ბინძური მეთოდებიც შემოგვთავაზეს.
ჯერ იყო და ქალაქის პოლიციის სამმართველოში სოსო ალავიძემ ასზე მეტი შავლენტშებმული ე.წ. “ცისფერი” დააკავა და გიორგი სანაიას მკვლელსა და ნაცნობ-ახლობლებს მათ შორის ეძებდა. თანაც ისე, რომ ამის გახმაურება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით მოხდა. ისიც ფაქტია, რომ მკვლელობის მოტივად ძალოვნები პირველივე დღეებში გამორთული დიქტოფონების და ტელეკამერების მიღმა ჟურნალისტებს ბინძურ ვერსიებს უზიარებდნენ. ასეთმა მეთოდმა, თავისთავად, მიზანმიმართულობის ეჭვი დაბადა…
მოგვიანებით, ეჭვმიტანილის სახით, დათო გელაშვილი დააკავეს. იმასაც ამბობენ, რომ გელაშვილს ნათელმხილველობის “ნიჭიც” ჰქონია და მას ხშირად პოლიტიკოსებიც სტუმრობდნენ. ის კი არა, სხვანაირადაც აფინანსებდნენ, მაგალითად, უხდიდნენ ბინის ქირას და ა.შ. არ არის გამორიცხული, რომ გელაშვილი მათთან გარკვეული გარიგებაზეც წასულიყო და მათ დაკრულზე ეცეკვა – ეღიარებინა სანაიას მკვლელობა, თუმცა გელაშვილს ასე არ გაუკეთებია და არც პროკურატურას წაუყენებია მისთვის ბრალდება.
მიუხედავად იმისა, რომ კახა თარგამაძე იქადნებოდა, მკვლელობა გახსნილი მაქვს და მერე ნახეთ თქვენი გაოცებაო, საქართველოში ხავერდოვანი რევოლუცია ხდება და ახალმოსული ხელისუფალნი სწორედ გიორგი სანაიას მკვლელობით ინტერესდებიან: გენპროკურორი გაბრიჩიძე კაბინეტში ორი საათის შესული არ იყო, რომ სანაიას საქმის გაცნობა მოითხოვა, შს მინისტრი ნარჩემაშვილი კი არც აციებს და არც აცხელებს და ახალ “მკვლელს”, გრიცკოს, იგივე გრიგოლ ხურცილავას გვთავაზობს.
რატომ მაინცდამაინც გრიცკო?
2001 წლის 5 დეკემბერს სამართალდამცველები ახალ ეჭვმიტანილს, გრიგოლ ხურცილავას აკავებენ. ბალისტიკურ ექსპერტიზაზე შემთხვევის ადგილიდან ამოღებულმა ტყვიამ მკვლელობის იარაღი ამოაგდო. იარაღი რეგისტრირებული აღმოჩნდა და გაირკვა, “ტანფოლიო” დაცვის პოლიციის თანამშრომელს, ხურცილავას ეკუთვნოდა. რატომ გამოიყენა ხურცილავამ მკვლელობისთვის რეგისტრირებული იარაღი, ესეც საეჭვოა. დაკავებულმა სრულიად მშვიდად და აუღელვებლად განაცხადა ყველას წინაშე, რომ გიორგი სანაია მან მოკლა. ერთი შეხედვით, ის შესანიშნავად შერჩეულ ფიგურად გამოიყურებოდა – უშიშროების, შემდეგ კი დაცვის პოლიციის თანამშრომელია, იარაღიც ჰქონდა და პოლიტიკოსებთან გარკვეული კავშირიც. ფინანსური გასაჭირის გამო – დაყადაღებული ბინა, 16-ათასდოლარიანი ვალი, ჩაჭრილი შუქი და გამორთული ტელეფონი – შესაძლოა, რაიმე გარიგებაზეც წასულიყო. თან მის ოჯახს ნათესაური და ტრაგიკული კავშირი ჰქონდა სანაიას მეუღლის, ხათუნა ჩხაიძის ოჯახთან და მომხდარის გამო, ხურცილავები ჩხაიძეებზე განაწყენებულებიც უნდა ყოფილიყვნენ, ანუ ისეთი სურათი შექმნეს, ყველას ჰგონებოდა, გრიგოლ ხურცილავა ამ დანაშაულის ჩამდენი აშკარად იყო. ხალხი არც აქ ენდო სამართალდამცველებს და არც ხურცილავას აღიარებით ჩვენებას დასჯერდა, რომელმაც დაკავების შემდეგ მშვიდად და აუღელვებლად მიიყვანა გამოძიება იმ ადგილზე, სადაც სანაიების სახლის გასაღები და ნასროლი ტყვიის მასრა გადააგდო. გასაოცარი იყო ისიც, რომ ლამის ხუთი თვის მანძილზე ფოთლებქვეშ მიწაში ამოგანგლული და ჟანგით შეჭმული ნივთის ნაცვლად გაპრიალებული გასაღები აგვაფარეს თვალებზე.
ერთი სიტყვით, ხურცილავა ჩაჯდა, გამოძიებამ კი სხვადასხვა ვერსიების დამუშავება დაიწყო. ამაზე ცოტა მოგვიანებით.
ჩვენებები
თავდაპირველად გრიცკომ აღიარა, რომ მან იმ ღამეს გიორგი შემთხვევით გაიცნო, თუმცა, მისი თქმით, სანაიას თავისი ვინაობა დაუმალავს და მას გია სვანიძედ გასცნობია. გართობისთვის, თითქოს სანაიას “მეგობარი ქალებისთვის” უნდა დაერეკა, ისინი გიორგის ბინაში ავიდნენ. ცოტა დალიეს, მაგრამ სანაიამ ქალებს არ დაურეკა, ამაზე ხურცილავა გაბრაზდა და ესროლა. ამ ვერსიის გამო, პრეზიდენტიც კი ცვლის თავის პირვანდელ შეფასებას და მკვლელობას ყოფით მოტივებზე მომხდარს უწოდებს. ამას ელოდებოდა სანაიას ქვრივიც, ხათუნა ჩხაიძე, რომელმაც ყველაზე რეალურად დაკარგული გასაღების ვერსია მიიჩნია და საზოგადოებას მოწმედ მეპურე ქალი წარუდგინა, რომელმაც დაინახა, რომ გიორგის სახლში მისვლამდე, მის ბინაში შუქი აინთო და მერე ჩაქრა. გამოდის, მკვლელი სანაიას ბინაში ელოდებოდა? ან კიდევ, რა ვუყოთ იმ მეზობელს, რომელმაც დაინახა, როგორ ავიდა ორი ფანრიანი კაცი ღამით გიორგის სადარბაზოში, ზუსტად მკვლელობის საათებში და მერე როგორ გამოვიდა ორივე უკან, მოსულ მანქანაში ჩაჯდა და წავიდა? გამოძიებას ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია. გადის კიდევ გარკვეული პერიოდი და ხურცილავა ახალ მოტივს ასახელებს, რომ მას იარაღი ჯიბეში ჩადების დროს გაუვარდა. მაშინ როგორღა მოხვდა ტყვია კეფაში სანაიას? ყველას კარგად ახსოვს ექსპერტის, მაია ნიკოლეიშვილის დასკვნა, რომლის ილუსტრირებაც წამდაუწუმ ხდებოდა და რომელზეც გარკვევით ჩანდა, რომ მკვლელი იჯდა, გიორგი იდგა. სავარაუდოდ, ის თავის საშველად კარისკენ გარბოდა და მას უკნიდან ესროლეს. მაშ, ვის დასჭირდა ეს მორიგი სულელური ვერსია, რომელიც სათანადო ექსპერტიზამაც გაამაგრა?
ხურცილავას ეს ჩვენება გადაეგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტიზო მთავარ სამმართველოს და უშიშროების საექსპერტო სამსახურს. დაინიშნა ბალისტიკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზა, რომელსაც უნდა გამოერკვია, რა მდგომარეობაში და როგორი მიმართულებით მოხდა გასროლა ამოღებული იარაღიდან. ამ სამსახურებმა მოკვლევა ჩაატარეს და დაადგინეს, რომ იარაღი გასროლის მომენტში იატაკიდან 90 სანტიმეტრის სიმაღლეზე იყო და ხურცილავა ამ დროს იდგა. ანუ, თუ ხურცილავა ჯიბეში იარაღს იდებდა, პისტოლეტის ლულა ზევიდან ქვევით უნდა ყოფილიყო მიმართული, გიორგი სანაიას კი ტყვია თავში მოხვდა, რომლისთვისაც ლულა ქვევიდან ზევით თუ არა, სწორხაზოვნად მაინც უნდა ყოფილიყო. გამოდის, ამ სამინისტროების ექსპერტიზამ ხურცილავას აბსურდული ჩვენება გაამაგრა და გამოძიებაც, შესაბამისად, იქით წავიდა, რომ საქმე შემთხვევით გასროლასთან გვქონდეს, ანუ თუ დაისჯება ხურცილავა, ეს მოხდეს შემამსუბუქებელი გარემოებებით და რაც მთავარია, გამოირიცხოს ამ მკვლელობის სხვა მოტივი – პოლიტიკური დაკვეთა და განზრახ მკვლელობა.
ყველაფერ ამის შემხედვარე, საზოგადოებას და პირველ რიგში, ჟურნალისტებს ისღა დაგვრჩენოდა, სანაიას მკვლელობის უფრო ლოგიკური და რეალობასთან ახლოს მდგომი ვერსიები თვითონვე მოგვეკვლია. ამის ამოსავალი წერტილი კი მაშინდელი პოლიტიკური ფონი და თავად “რკინის კაცის” ცნობილი დაქადნება უნდა ყოფილიყო. როგორც ჩანს, ამის ლოგიკა სამართალდამცველებს არ ყოფნით, ან არ უნდათ, რომ ეყოთ, რადგან ეს საქმეც იმ ცნობილ დამტვერილ თაროზე უნდა შემოიდოს, გაუხსნელი საქმეები რომ ალაგია. ამიტომაც საზოგადოებრივი აზრი რამდენიმედ გაიყო, იმის მიხედვით, ვის რომელი ვერსიისა სჯეროდა. ეს ვერსიები კი თავად პოლიტიკოსებმა შემოაგდეს.
ვერსია – პანკისური კასეტა
ამ ვერსიამ გიორგის მკვლელობის პირველივე დღეს პარლამენტარ ელენე თევდორაძის მეშვეობით გაიჟღერა. ეს ქალბატონი აცხადებდა, რომ სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე პარლამენტში მისულ სანაიას პანკისიდან ჩამოტანილი ვიდეოკასეტა გადასცა. მისი თქმით, კასეტა მას ვეფხია მარგოშვილმა მისცა და იქ ის კრიმინალი იყო აღბეჭდილი, რომელსაც ჩვენი სამართალდამცველები პანკისში სჩადიოდნენ. თუმცა, ამის უარყოფას ერთი ჟურნალისტური გამოძიებაც კი ეყო, რომელმაც დაამტკიცა, რომ ასეთი კასეტა ბუნებაში არ არსებობს, არც თავდორაძეს ჰქონია და მით უმეტეს, არც სანაიას. თევდორაძე კი იმასაც აღიარებს, რომ ყველა თავის მოქმედებას ჟვანიასთან ათანხმებდა.
ვერსია – ბათუმური კასეტა
კახა თარგამაძე გადადგომამდე იმასაც იქადნებოდა, რომ მას ჟვანიაზე რაღაც კომპრომატები ჰქონდა. ამაზე ცოტა მოგვიანებით, რადგან თარგამაძემდე ამ კომპრომატების ამსახველ კასეტაზე საუბარი ასლან აბაშიძემ დაიწყო. თავის დროზე მან ეს კასეტა ტელეკომპანია “ტვ-4”-ს გადასცა, რომელმაც მისი ჩვენებაც კი ვერ მოასწრო ბოლომდე, რომ მაუწყებლობა საბოლოოდ შეუწყვიტეს. თავისი სიცოცხლის ბოლო შაბათ-კვირა სანაიამ სწორედ ბათუმში გაატარა. იმასაც ვარაუდობდნენ, რომ ის ასლან აბაშიძეს შეხვდა და მისგან ეს კასეტა მიიღო. თუმცა, ეს ხმები თავად გიორგის მეგობრებმა უარყვეს და ხმამაღლა განაცხადეს, რომ აბაშიძე ამ დროს ჩინეთში იყოფებოდა და გიორგი არც მას შეხვედრია და არც სხვა რომელიმე პოლიტიკოსს.
ვერსია – ჟვანიას დაცვა
ხურცილავას დაკავების შემდეგ ისევ ასლან აბაშიძე განაცხადებს ხმამაღლა, ჯერ გაარკვიეთ, რა მოხდა ტაბახმელაში და სანაიას მკვლელობა მერე გამოიძიეთო. ეს ვერსია ასე ვითარდება: სანაიას ბოლო პერიოდში მწვავე პირდაპირი ეთერი ჰქონდა “მოქალაქეთა კავშირის” მაშინდელ წევრთან, სურმანიძესთან. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თარგამაძე იმაზეც საუბრობდა, რომ რაღაც გაგიკვირდებათო, შესაძლოა, ეს გაკვირვება იმასაც გამოეწვია, რომ, სავარაუდოდ, მინისტრი ჟვანიას წილებზე მიანიშნებდა, რომელიც მას “რუსთავი 2”-ში ჰქონდა. გამოძიებაც ირიბად და ალაგ-ალაგ იმაზეც მიანიშნებდა, რომ სანაიამ გასაღები სწორედ ოფისში დაკარგა. ჟურნალისტს კი იმის ინტერესი ყოველთვის ექნებოდა, რომ რაიმე მაკომპრომეტირებელი კასეტა ხელში ჩაეგდო. ამ სურვილს და ზემოაღნიშნულ პირდაპირ ეთერს ისიც დაემატა, რომ, სავარაუდოდ, სანაია სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე, რამდენიმე კაცმა, რომლებიც დაცვის სამსახურის წარმომადგენლების შთაბეჭდილებას ტოვებდნენ, ტაბახმელაში აიყვანა და იქ სასტიკად სცემა. ეს გამოძიების მსვლელობისას დაადასტურა ირინა სარიშვილმა და ამის გარდა, სანაიას პანაშვიდზე მოსული ჟვანიას დაცვის ერთ-ერთ წარმომადგენელში მეზობლებმა სწორედ ის ადამიანი ამოიცნეს, რამდენიმე დღით ადრე გიორგი შუაღამისას მანქანით სადღაც რომ წაიყვანა. ხალხის რეაქცია მწვავე ყოფილა, ეს კაცი ჟვანიას დაცვის წევრი, გვარად დოჭვირი, ლამის კიბეებიდან დააგორა. სხვათა შორის, ეს ადამიანი რატომღაც ყველა ეჭვმიტანილზე მეტად ჰგავს ერთ-ერთ ფოტორობოტს. ამ ფაქტს ჟვანიაც, სურმანიძეც და სხვა მათი თანამოაზრეებიც სასტიკად უარყოფენ, თუმცა ამის შემდეგ არც ერთი მათგანი პანაშვიდზე არ ყოფილა და დაკრძალვაზეც მხოლოდ სამთავრობო დელეგაციასთან ერთად შემოყოლა თუ გაბედეს. სხვათა შორის, საქართველოს პრეზიდენტს მაშინ მოსვლა და სიმბოლური მისამძიმრება არ უნებებია. მან თავისი მისია ბრწყინვალედ შეასრულა – სანაიას მკვლელობას პოლიტიკური დაკვეთა უწოდა და ამით ხალხის მღელვარება ჩააცხრო. თუმცა, როგორც კი დასჭირდა, მაშინვე “პლასტინკა” გადააბრუნა და ყოფით მოტივებზე ალაპარაკდა.

ვერსია – ბანკირის მკვლელობა
ხურცილავა რომ სანაიას მკვლელი არ არის, ეს მაშინვე ცხადი იყო. მაგრამ მისი საქციელისა და კანდიდატურის გასამართლებელი ვერსიებიც გაჩნდა. ამბობდნენ, რომ ხურცილავას სხვა კრიმინალი ჰქონდა ჩადენილი, კერძოდ, შემთხვევით მოკლული ჰყავდა ერთი ბანკირი, რომლის ბანკშიც ბინა ჰქონდა ჩაგირავებული და დიდი ფულიც ჰქონდა მისატანი. როცა სამართალდამცველებმა მას ეს კრიმინალი დაუმტკიცეს, ახალი გარიგებაც შედგა. რა მნიშვნელობა ჰქონდა, ვის მკვლელობაზე ჩაჯდებოდა, სასჯელი მაინც უნდა მოეხადა და თუკი ეს გარიგება შედგებოდა, მაშინ სამართალდამცველები მას შეღავათებს დაუწესებდნენ და ვადაზე ადრეც გამოუშვებდნენ. არ არის გამორიცხული, რომ ხურცილავა ამ წინადადებაზე წასულიყო. მით უმეტეს მაშინ, თუ მას ვალებსაც გაუსტუმრებდნენ, მაგრამ დღეისთვის ირკვევა, რომ ხურცილავებისთვის ვალი არც არავის გადაუხდია, ოჯახმა ბინა გაყიდა და ეს თანხა ასე დაფარა.
ბიომასალები
ფაქტია, რომ გამოძიება ჩიხში შევიდა. ისიც ფაქტია, რომ ეჭვმიტანილი არასწორად შეირჩა. ერთადერთი გამოსავალიღა იყო დარჩენილი: სანაიას მკვლელობის საქმეს მხოლოდ ამერიკაში ბიოლოგიურ ექსპერტიზაზე გაგზავნილი მასალების პასუხი მოჰფენდა შუქს. ამას ათთვიანი ლოდინი დასჭირდა. მანამდე კი ეს პროცესი ასე განვითარდა.
გიორგი სანაიას მკვლელობიდან ორიოდე კვირის შემდეგ, აგვისტოს დასაწყისში, ამერიკაში გაიგზავნა შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სხვადასხვა ნივთი და სანაიას მანქანიდან “სკოჩით” აფხრეწილი მიკრონაწილაკები. მასთან ერთად პირველი ეჭვმიტანილის, დათო გელაშვილის ბიოლოგიური ნიმუშები: სისხლის, ნერწყვის, ნაცხის, თმისა და ხელის ფრჩხილების ნიმუშები, ასევე ტანსაცმლის მიკრონაწილაკები. შეკითხვა ასეთი იყო: გადმოგზავნილ ნივთებზე იყო თუ არა დათო გელაშვილის დნმ, ანუ დეზოქსიდ-ნუკლიენის მჟავა, რომელიც გამოიყვანება ადამიანის ორგანიზმის გამონაყოფის ნებისმიერი უჯრედის ბირთვიდან, ამით ხდება იდენტიფიკაცია და ეს დნმ ყველას ინდივიდუალური აქვს. ამერიკაში ექსპერტიზაზე გაიგზავნა გიორგი სანაიას ფეხსაცმელიც, რომელიც მას ბოლო დღეს ეცვა და მასთან ერთად, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიის ნიადაგის მტვერი. მათი შედარებით უნდა დადგენილიყო, იმყოფებოდა თუ არა სანაია სიკვდილის დღეს ამ ტერიტორიაზე.
ამერიკიდან ყველაფერ ამაზე უარყოფითი პასუხი მოვიდა. დათო გელაშვილი საქმიდან ამოვარდა.
ამის შემდეგ ანალოგიურ ექსპერტიზაზე ამერიკაში ხურცილავას ბიომასალებიც გაიგზავნა. პასუხები, დაახლოებით, ორი კვირის წინათ მოვიდა, რომლითაც დგინდება, რომ არც მანქანაში და არც სანაიების სახლში ხურცილავას ტანსაცმლის მიკრონაწილაკები და სხვა ბიომასალები არ დასტურდება. ერთადერთი, რაც ამ ექსპერტიზამ ხურცილავასი იპოვა, მისი თითის ანაბეჭდებია, რომელიც ლუდის ბოთლზეა დარჩენილი. გიორგი სანაიას ქვრივი, ხათუნა ჩხაიძე ამას იმით ხსნის, რომ მკვლელობის შემდეგ, მთელი 14-15 საათის განმავლობაში, ანუ ის პერიოდი, სანამ სანაიას მკვლელობა გახმაურდებოდა, ვიღაცას თავისუფლად შეეძლო შემთხვევის ადგილზე შესვლა და იქ ამ ბოთლის დადება. თან ისეთი ფონისა და სიტუაციის შექმნა, როგორიც მკვლელობის შემკვეთებს აწყობდათ.
ხათუნა ჩხაიძე:
“ამ საქმეში ბევრი ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულება დაგროვდა. საეჭვო თავიდანვე ბევრი რამ იყო. თუნდაც ის, რომ ხურცილავამ ოჯახის მიერ დაქირავებულ ადვოკატზე უარი თქვა და სახელმწიფოს მიერ დანიშნულს დასჯერდა. თემურ ჯავახია, ყოფილი მოსამართლეა და მას მერე დავით დადიანიც დაემატა. მათ ელემენტარულად ადვოკატის ეთიკაც კი არ დაიცვეს, როცა გამოვიდნენ და ხურცილავას ჩვენებას რამდენიმე დამამძიმებელი გარემოება დაუმატეს. ამას კანონი კრძალავს, მაგრამ ძალოვნებს ეს აწყობდათ და გააკეთებინეს კიდეც. ამის გარდა, ამ ადვოკატებმა არ გააპროტესტეს ოდოროლოგიური ექსპერტიზის ჩატარება, რომელიც სისულელე იყო, რადგან შემთხვევის ადგილზე უამრავი ადამიანი ტრიალებდა და მაშინაც კი, სანამ იქ ვინმე შევიდოდა, როცა მკვლელი სახლიდან გამოვიდა და კარი გარედან ჩაკეტა, ყველა ფანჯარა გაღებული იყო და ოთახი ნიავდებოდა. სუნი კარგად გავიდოდა. მეორე დღეს კი ათასი ადამიანი შევიდა შიგნით და უკვე სუნის აღრევაც მოხდებოდა და ის თავის თვისებებს დაკარგავდა. და არ გაინტერესებთ, როგორ აიღეს ხურცილავას სუნის სინჯი? ნახევარლიტრიან ქილაში, რომელსაც პლასტმასის ხუფი ჰქონდა. ეს ქილა 7 თვე ჰქონდათ იმ თაროზე შემოდებული, სადაც გაუხსნელ საქმეებში ეჭვმიტანილთა სინჯები ინახება. პლასტმასის ხუფიანი ქილა ვერ იქნებოდა ჰერმეტულად დახუფული, ამიტომ დიდი მცდარობა აქაც იქნებოდა. ხურცილავას ადვოკატი კი დიდის ამბით დაესწრო ამ პროცესს, როცა ექსპერტიზის დამშეულმა და გაუბედურებულმა ძაღლმა ვითომცდა ამოიცნო ჩვენი სახლიდან აღებულ სუნში ხურცილავას სუნი.
გაოცება გამოიწვია ჩემში ერთმა ფაქტმაც. ხურცილავამ დაკავებისას იმ ადგილზე მიიყვანა სამართალდამცველები, სადაც, ვითომ, ჩვენი სახლის გასაღები და ნასროლი ტყვიის მასრა გადააგდო. მე თვითონ ადვოკატი ვარ და ვიცი, რომ, თუკი დამნაშავე იარაღს დამალავს, მას მერე აღარ უჩნდება იმის სურვილი, სამართალდამცველები მიიყვანოს და ეს ადგილი აჩვენოს. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ამოღებულ გასაღებსა და მასრაზე ექსპერტიზა დაინიშნა, რომელსაც უნდა გამოერკვია, რამდენ ხანს იმყოფებოდა გასაღები ფოთლების ქვეშ და იყო თუ არა ნაპოვნი მასრა და კედლიდან ამოღებული ნასროლი ტყვია მთელი. შსს ექსპერტიზამ ასეთი პასუხი გაგვცა: სათანადო დასაბუთებული მეთოდიკის არარსებობის გამო ექსპერტიზამ ვერ გაარკვია, რა ხნის მანძილზე იმყოფებოდა გასაღები და მასრა მიწის ზედაპირზე. ასევე, ვერც ის დაადგინა, იყო თუ არა ერთი მთლიანი მასრა და ტყვია.
ვფიქრობ, საქმე სასამართლომდე მაინც მივა და შემდეგ მტკიცებულებათა არასერიოზულობის გამო, იძულებულნი გახდებიან, საქმე ისევ წინასწარ გამოძიებას გადასცენ. იქნებ მაშინ მაინც გაირკვეს, ვინ არის მკვლელი და ვინ – დამკვეთი. გიორგის სიკვდილი მის ჟურნალისტურ მოღვაწეობას უკავშირდება და აქ, მინიმუმ, სამი ადამიანი მაინც უნდა გასამართლდეს. ეს არის, უშუალოდ, შემსრულებელი, მერე დამხმარე, რომელმაც გასაღები მოპარა მას და მთავარი ამ მკვლელობის შემკვეთი”.
სხვათა შორის, იუსტიციის სამინისტროს საექსპერტო სამსახურის უფროსს, მაია ნიკოლეიშვილს ამერიკიდან ჩამოსული ბიომასალების ექსპერტიზის პასუხები არ უნახავს. “ალია-ქრონიკასთან” საუბარში მან განაცხადა, რომ პროცესუალურად ასეც უნდა იყოს, ექსპერტიზის პასუხებს გაეცნო სანაიას მეუღლე და კანონით ეს საკმარისია. “ჩვენ ჩვენი საქმე უკვე გავაკეთეთ და გამოძიებას დავეხმარეთ”, _ აცხადებს ნიკოლეიშვილი. ასეთი კომენტარი ჩვენთვის, სულ ცოტა, გასაოცარია, რადგან ნიკოლეიშვილის სამსახური პირველვე დღიდან აქტიურად იყო ჩართული სანაიას მკვლელობის საქმის ექსპერტიზაში, მათ მიერ მოკვლეული დეტალები საზოგადოებამ უყოყმანოდ მიიღო და ცხადია, რომ მაია ნიკოლეიშვილმა ერთ-ერთმა პირველმა იცოდა, როგორ რა მოხდა. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ ნიკოლეიშვილი, თავისი ადრინდელი დასკვნების გამო, ერთგვარად უკან იხევს.
ხათუნა ჩხაიძე მკვლელობის კონკრეტული პოლიტიკური ვერსიის დასახელებისგან დღესაც თავს იკავებს. თუმცა, გიორგი სანაიას მკვლელობის გამოძიებაში ამდენი ურთიერთგამომრიცხავი ფაქტების დაგროვებასაც უბრალო ლაფსუსს ვეღარ ვუწოდებთ. საქმე იმდენად არის თეთრი ძაფით ნაკერი რომ, ჩვენს სამართალდამცველებზე თავს იდებილებენო, ამასაც ვეღარ ვიტყვით. საქმეს თავიდანვე პროკურატურა იძიებდა, თუმცა, ამ პერიოდში შინაგან საქმეთა ძველმა თუ ახალმა მინისტრებმა, ისე “უნებლიედ” წამოყვეს თავი და ისეთი რაღაცებიც თქვეს, მათი საქმე ნამდვილად რომ არ იყო და ზოგიერთები ამ სიტყვებს გადაყვნენ კიდეც. თუმცა, მათთვის გადაყოლა მხოლოდ თანამდებობრივია, გიორგი სანაია კი მხოლოდ 26 წლის იყო.
“უშიშარი” გამოძიება
“ალია-ქრონიკა” გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსს, აკაკი ბუდაღაშვილს ესაუბრა:
– როგორ ფიქრობთ, გიორგი ხურცილავას მიმართ იმდენად მყარი მტკიცებულებები გაქვთ, რომ სასამართლო თქვენს პოზიციას გაიზიარებს?
– გამოძიებამ გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეზე მუშაობა დაამთავრა. კოლოსალური შრომა გავწიეთ ყველა მტკიცებულების გასამყარებლად. გამოძიების დამთავრების შესახებ ოფიციალურად გამოვუცხადეთ ბრალეულ მხარეს და მის ადვოკატს და დაიწყეს საქმის გაცნობა. გამოძიება სრულყოფილად არის ჩატარებული. დადებითად უნდა წარიმართოს სასამართლოში.
– დადებითად წარმართვაში, ალბათ, განაჩენის გამოტანას გულისხმობთ.
– დიახ, ამ საქმეზე განაჩენს გამოიტანს სასამართლო იმ მუხლით, რა მუხლითაც არის ის ჩვენ მიერ აღძრული და კვლიფიცირებული. საქმე აღიძრა სს კოდექსის 108-ე მუხლით, განზრახ მკვლელობით და საბოლოო კვალიფიკაციაც, ასევე 108-ე მუხლით დარჩა.
– გრიგოლ ხურცილავას დაკავების დღიდან დღემდე საზოგადოებას არ სჯერა, რომ ის მკვლელია.
– ყველა ადამიანს აქვს უფლება, ჰქონდეს საკუთარი აზრი. გამოძიება მიიჩნევს, რომ გრიგოლ ხურცილავამ მოკლა გიორგი სანაია, ამის ყველა მტკიცებულება არსებობს საქმეში.
– ეჭვი გამოიწვია იმან, რომ მან რამდენჯერმე შეცვალა ჩვენება. ხან ამბობდა, აფექტში მოვკალიო, ხანაც – შეყენებული მქონდა იარაღი და უნებლიედ გამივარდაო. ხომ შეიძლება, მან სასამართლოში კიდევ ერთხელ შეცვალოს ჩვენება და პროკურატურას ნაშრომი წყალში ჩაგეყაროთ?
– რამე აუხსნელი და საეჭვო გამოძიებას ამ საქმეში არ გვაქვს. საზოგადოება და მათ შორის, ჟურნალისტები გვედავებოდნენ, რომ პროკურატურა მას მდგომარეობას შეუმსუბუქებსო, მაგრამ სინამდვილეში, რა მუხლითაც აღიძრა საქმე, ამავე მუხლით წარიმართება საქმე სასამართლოში.
– ადასტურებთ, რომ გრიგოლ ხურცილავამ მკვლელობა აფექტში ჩაიდინა?
– არა, ბატონო, არ ვადასტურებ…
– მან თავიდან ასეთი ჩვენება მისცა და ჟურნალისტებსაც განუცხადა ამის შესახებ.
– ხურცილავამ სად რა განაცხადა, არ ვიცი, მაგრამ ეს მკვლელობა მან ჩაიდინა განზრახ და საქმეც განზრახ მკვლელობით წარიმართა.
– რატომ ჰქვია ამ საქმეს განზრახ მკვლელობა, თუკი მას გიორგი სანაია რამდენიმე საათის გაცნობილი ჰყავდა. მკვლელობის მოტივი მაინტერესებს.
– ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შემდგომ შურისძიების მოტივით, მოხდა.
– ასეთი რა აწყენინა, რომ მოსაკლავად გაიმეტა?
– ის ასახელებს განაწყენების მიზეზს.
– კონკრეტულად, რა არის ეს მიზეზი?
– ის ამბობს, რომ ურთიერთშელაპარაკების და განაწყენების ნიადაგზე მოხდა მკვლელობა.
– გრიგოლ ხურცილავამ, როგორც ის ამბობს, მოკლა გიორგი, ის მშვიდად კეტავს კარს და თან მიაქვს ზეწარი. რა კავშირი აქვს ზეწარს განაწყენებასა და ურთიერთშელაპარაკებასთან?
– მან ზეწარი წაიღო იმიტომ, რომ ამით კვალი მოსპო, უფრო სწორად, ზეწრით გაწმინდა ანაბეჭდები.
– ძიებამ თუ ამოიღო ზეწარი, მტკიცებულების სახით?
– ზეწარი არ ამოგვიღია.
– რატომ?
– ზეწარი ხურცილავამ იქ გადააგდო, სადაც გასაღები. გასაღები ამოვიღეთ და ზეწარი ვერ ვნახეთ.
– გასაღები ბრილიანტივით შენახული ამოიღეთ 4 თვის შემდეგ, ნუთუ ფეხიც არავინ წაჰკრა მას?
– რა ვქნა, ბატონო, ვნახეთ, ფეხი არავინ წაჰკრა და რა ჩემი ბრალია.
– ამას იმიტომ გეუბნებით, რომ ამ საქმეში ბევრი რამ ბუნდოვანია.
– ვისთვის როგორ. გამოძიების მიერ ჩატარებული სამუშაო ნამდვილად არ არის ბუნდოვანი. ეს რომ ასეა, სასამართლოში დარწმუნდებით.
– და თქვენ გჯერათ, რომ ეს საქმე სასამართლოში ხუხულასავით არ დაგენგრევათ?
– დარწმუნებული ვარ… საქმე მაღალ დონეზეა გამოძიებული.
– ხურცილავა ამბობდა, რომ შეყენებული ჰქონდა იარაღი და უნებლიედ გაუვარდა. მას თუ ქამარში ჰქონდა იარაღი, მაშინ გიორგი სად იდგა? არადა, ექსპერტიზა მკვლელობის პირველ დღეებში აცხადებდა, რომ გიორგის ფეხზე მდგარს, ზურგიდან ესროლეს.
– ის, რასაც თქვენ ამბობთ, უბრალოდ, ვარაუდები იყო. ექსპერტიზამ დაადასტურა, რა მდგომარეობაშიც ხურცილავას ჰქონდა იარაღი, შესაძლებელი იყო ამ ტრაექტორიით გიორგის მოხვედროდა თავის არეში.
– რომელი უწყების ექსპერტიზას დაეყრდნო გამოძიება?
– ექსპერტიზა ჩაატარა შს სამინისტროს, უშიშროების და იუსტიციის სამინისტროს ექსპერტთა ჯგუფმა, კომპლექსურად. ჩვენ ამ შემთხვევაში დავეყრდენით სპეციალისტების დასკვნას.
– განცხადება, თითქოს მან ქალების გამო მოკლა გიორგი, ყოველგვარ ლოგიკას სცილდება. თქვენ რას იტყვით, მკვლელობის მთავარი მიზეზი ქალები არიან?
– დიახ, ისინი ამაზე წაკამათდნენ.
– შს მინისტრმა ხურცილავას დაკავების შემდეგ, როცა გიორგის მშობლებს შეხვდა, პირში მიახალა, თითქოს ხურცილავასა და გიორგის შორის მომხდარი ამორალური ფაქტის გამო მოხდა მკვლელობა. ამაზე დაიწერა კიდეც. ხურცილავა თუ ამბობს რამეს ჩვენებაში ამის შესახებ?
– არა, როგორ გეკადრებათ. ჩემთვის მსგავსი რამ არ არის ცნობილი. ამ საქმის ყველა დეტალი ვიცი და გამორიცხულია, ეს არ ვიცოდე. მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ მსგავსი რამ გამოძიებას არ გააჩნია.
– მაშინ ამაზე მიპასუხეთ, ბატონო კაკო, გამოძიება იმდენად გულუბრყვილოა, რომ დაუჯერა ხურცილავას, რომ მან ქალებისთვის მოკლა გიორგი.
– გულუბრყვილოები რომ არ ვართ, იმიტომ არ დავუჯერეთ გრიგოლ ხურცილავას, შემთხვევით გამივარდა იარაღიო და განზრახ მკვლელობის მუხლით წავუყენეთ ბრალი და არა გაუფრთხილებლობით.
– თუკი ხურცილავას შემთხვევით გასროლის ზღაპარი არ დაუჯერა გამოძიებამ, რატომ დაუჯერეთ ქალების თემაზე მომხდარი მკვლელობის ვერსია?
– გამოძიება ეყრდნობა არა ზღაპრებს, არამედ ფაქტობრივ მასალას.
– ამ მასალით, ცხადია, თქვენ სასამართლოში წარმატებასაც ელოდებით.
– აქ საქმეზე განაჩენს გამოიტანს სასამართლო და ხურცილავა დანაშაულისთვის მკაცრად დაისჯება.
– დათო გელაშვილზე რას იტყვით?
– დათო გელაშვილი გიორგი სანაიას მკვლელობაში არ იყო ეჭვმიტანილი.
– შს სამინისტრომ ის სწორედ ამიტომ დააკავა და თაღლითობის მუხლით მისი სასამართლოში წარდგენა ფარსი იყო.
– პროკურატურამ მას სწორედ თაღლითობის მუხლით წაუყენა ბრალი და არა გიორგი სანაიას მკვლელობაზე.
– გელაშვილი საკნიდან პირდაპირ ეთერში საუბრობდა, რომ გიორგის მკვლელობას მაბრალებენ და მე მას არც ვიცნობო.
– ჩემთვის არ არის ცნობილი, მას თუ აბრალებდა ვინმე გიორგი სანაიას მკვლელობას.
– ითქვა ისიც, რომ გელაშვილს პოლიტიკოსთა ერთი ჯგუფი მფარველობდა, ამის გამო სამართალდამცველებმა სამიზნე მკვეთრად შეცვალეს და ხურცილავა დააკავეს.
– მე არ ვიცი, ვინ ვის მფარველობდა, მაგრამ ამას კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ გრიგოლ ხურცილავა გიორგი სანაიას განზრახ მკვლელობაშია ეჭვმიტანილი და გამოძიების ინტერესებს აუცილებლად გაიზიარებს სასამართლო, რადგანაც საქმე მტკიცებულებებით გვაქვს გამყარებული. ამაში მაშინ დარწმუნდებით, როცა ამ საქმის განხილვას სასამართლო დაიწყებს.
უკომენტაროდ

წლევანდელ, 2002 წლის მისაღებ გამოცდებზე კი უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე გიორგი სანაიას უმცროსი ძმა აბარებს. ვახტანგ სანაიამ მისაღები კომისიის წევრების გაოცება უკვე შეძლო. გამოცდებამდე შემოქმედებით ტურში მან თავისუფალი თემა დაწერა, სათაურით: “ამისთანა ბედნიერი ნუთუ არის სადმე ერი” (ღია წერილი პრეზიდენტს). გამომცდელებმა ვახტანგ სანაიას ათიანი უყოყმანოდ დაუწერეს. ქართულ ჟურნალისტებში კი ერთგვარ სიმბოლოდ გახდება ის, რომ ოდესმე კიდევ ერთი პროფესიონალი კოლეგა სანაია გვეყოლება.
კომენტარები