მწერალი, ალეკო შუღლაძე:
“მილიტარისტული რუსეთის სიყვარული სინამდვილეში არნახულ მსხვერპლშეწირვას მოითხოვს:
უნდა გიყვარდეს და ამართლებდე პუტინს. უნდა უგებდე და მოგწონდეს კადიროვი ფიზკულტურის ფორმაში და სავარაუდოდ, ცხიმიან წვერში.
უნდა გიყვარდეს თავშლიანი „უცნობი“ და მისი შემოქმედება. შესაბამისად, „გრეჩიხასაც“ უნდა აფასებდე.
როგორღაც უნდა ახერხებდა და ხსნიდე ხაინდრავას ბოდიალს ევროპასა და ფაშიზმის ტოლფასობასთან დაკავშირებით. ანუ უკუღმართი თეორემების მტკიცებების უნარ-ჩვევები უნდა გამოიმუშაო.
ცხადია, მოგიწევს ჩეკისტებისა და 37-38 წლების გამართლება. შეიძლება მაგ დროს პაპაშენიც დახვრიტეს სადმე მიწისქვეშეთში, მაგრამ სხვა გზა არ გაქვს, უნდა დაამტკიცო, რომ ღირსი იყო. ერთ ჯალათს წინსაფარი ეკეთა, რადგან ძალიან ახლოდან ხვრეტდა და სისხლი ეშხეფებოდა. უკმაყოფილო იყო, რადგან სახლში დაბრუნებული კი ბანაობდა, მაგრამ სისხლის სუნს ვერ იშორებდა. ეს ტიპიც როგორღაც უნდა გაამართლო.
არადა, ევროპა მარტო ფაშისტების გერმანია ხომ არ იყო. ინგლისელებმა ხომ სისხლი გაუმწარეს, იუგოსლავიამაც, პოლონეთიც იბრძოდა როგორც შეეძლოთ, საფრანგეთი, იტალიებსაც ჰყავდათ პარტიზანები და ა. შ. ანუ რას გვატყუებ გოგა?!
ე. ი. საბჭოეთში რომ გემრიელ ნაყინს ამზადებდნენ, მხოლოდ ამით ვეღარ გახვალ ფონს.
გაორება გაქვს, მაგრამ თავს ვერაფერს უხერხებ, ცალსახად ბოროტებაზე ხარ შეყვარებული და თავს უფრო იბრმავებ.
უნდა გაამართლო ქრთამისტი რამიშვილი, მისი სექს-ფანტაზიები, მისი ძალადობა. ეს ყველაფერი ვაჟკაცობაში და მამაკაცობაში გაუტარო.
გაუთავებლად უსმინო ალტ-ინფოს საბჭოთა რესპონდენტებს, – იქნებ რამეს ისეთს მოკრა ყური, რომ გულზე მოგეშვას. ფეისბუკზე ხალხი უნდა დაბლოკო 30 დღით, მაგრამ ისინი 30 დღის მერეც გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას და ამიტომ ინტერნეტ-სივრციდან უნდა გაიქცე.
შესაბამისად, სტალინისა და ბერიას კაიკაცობაზე უნდა დებდე თავს, მათ გრანდიოზულ გეგმებზე.
თუ ცოლი გყავს იტალიაში, უნდა ამტკიცო, რომ მის კმაყოფაზე არ ხარ.
არ უნდა უყურებდე ევროპულ არხებს, არცერთ მათ ლიდერს, არცერთ ადამიანს არ უნდა უსმენდე, ვინც ომზე ლაპარაკობს. სამაგიეროდ, სოლოვიოვის ტექსტები უნდა დააკონსპექტო, ლუკაშენკოს თვლიდე კარგ ადამიანად, თინა რომ ჩამოვა კანდელაკი, აეროპორტში დახვდე და წითელი კოჭები უგორო.
თვალი უნდა დახუჭო რუს ჯარისკაცების საქციელზე, როცა ისინი თინეიჯერებს მხოლოდ ტატუების გამო ხვრეტენ. არ მოუსმინო იმ უკრაინელ ქალს, რომელსაც სამი რუსი ჯარისკაცი აუპატიურებდა საღამოდან მეორე საღამომდე. და წამოიყვირო: ესენი რაღას აკეთებენ, ესენი?
უნდა გაამართლო გახსნილი საჰაერო ფრენები, ძალიან საეჭვო პერიოდში.
უნდა დააყარო რუსეთიდან გამოქცეულ მოქალაქეს, რომელიც თავად პუტინის გინებაშია. მან არ იცის, რატომ ომობს რუსეთი და შენ იმდენი უნდა მოახერხო, რომ აუხსნა და გაამართლო რუსი გენერლები. შეიძლება უკან დაბრუნება და ომში წასვლაც კი შთააგონო.
ვითომ საბჭოელი და პუტინისტი კი არ ხარ, უბრალოდ დასავლეთი არ გიყვარს და ძალიან პატიოსანი გამოდიხარ. იცი ყველა პლუსი და მინუსი და გინდა ხალხს თვალები აუხილო…
მუშთაიდის ბაღი კარგი იყო, მაგრამ იქ დისნეი ლენდი ჰქონდათ მაგ დროს. ლაღიძის წყლებიც კარგი იყო, მაგრამ არ დაგავიწყდეს, რომ ხალხი ხაჭაპურებით იწამლებოდა იმ პერიოდში და ჩემს ლიმონათში რატომღაც სულ ნაგავი დაცურავდა.
თუ გინდა გაიხლიჩე, – ეგ შენი საქმეა. შენი მატყუარა გურუები ამართლე, ეგეც შენი საქმეა. ის ადამიანები ამართლე, ვინც ცხრა სიმართლეს გეტყვის, მაგრამ მეათეს ისეთ ტყუილს შემოგაპარებს, რომ სისხლს მოგიწამლავს. რა უბედური ყოფილხარ, შე საწყალო.
მე არ მინდა.
მოკლედ, მოვილაპარაკეთ, შენ ახლა წადი ტრეტიაკოვის გალერეაში და როცა ომი დამთავრდება, მე ლვოვში გავემგზავრები.”
კომენტარები