„ალიას“ ექსპერტი, გია ხუხაშვილი ესაუბრება:
– ბატონო გია, ქვეყანაში არსებული ვითარებიდან და სიტუაციიდან გამომდინარე, რამდენად აუცილებელი იყო ყველა, პრაქტიკულად, მთელი ბიზნესის და საჯარო სამსახურის უდიდესი ნაწილის დახურვა და ხალხის სახლში გაშვება? უმჯობესი ხომ არ იქნებოდა, რომ მიგვებაძა იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც კორონავირუსით დაავადების რისკ–ჯგუფებში შემავალი მოსახლეობა დასვეს დახლში, ექსტრემალურ პირობებში, მაგრამ მაინც განაგრძეს ცხოვრება? ბიზნესი და სახელმწიფო დაწესებულებების უმეტესობა მუშაობს. მოსახლეობის საყოველთაო იზოლაცია აუცილებელი იყო?
– მე ვფიქრობ, ჩვენ მაინც სწორი გზა ავირჩიეთ, ვიდრე ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებმა. ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრი, ბორის ჯონსონი იყო კორონავირუსთან ბრძოლის ამ სტრატეგიის ინიციატორი და ცხადია, ადგილობრივ ექსპერტების მოსაზრებებს ემყარებოდა მისი გადაწყვეტილება. მას სურდა, მინიმალური ეკონომიკური დანაკარგებით გამოსულიყვნენ კორონავირუსთან ბრძოლიდან და ასევე, არც ბევრი სიკვდილიანობა ჰქონოდა ბრიტანეთს. ეს ორივე ერთად არ გამოდის და გარდა მაგისა, არაჰუმანურია, როდესაც ეკომომიკას ადამიანის სიცოცხლეზე წინ აყენებ ან მას უტოლებ. დღეს ჯონსონი თავად არის ინფიცირებული, ბრიტანეთში ინფიცირებულთა რიცხვი ძალიან გაიზარდა და ამ გეგმის კორექტირება მოუწია ხელისუფლებას. დაუბრუნდნენ მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებს და იმ გზით დაიწყეს სიარული, რომლითაც ჩვენ ერთ თვეზე მეტია, მივდივართ. მე ვფიქრობ, ჩვენ ვიქცევი აბსოლუტურად სწორად. რაც შეეხება ეკონომიკურ ზიანს, ეს ძალიან დიდია, მაგრამ ჩვენ კლასიკური ტიპის ეკონომიკა არც გვქონია, წარმოება, პრაქტიკულად, არც აქამდე გვქონდა, რომ რაღაცის დანგრევაზე ვილაპარაკოთ. ჩვენ გვქონდა სავაჭრო და მომსახურების სფეროები გვქონდა განვითარებული, მათ დაარტყა კორონავირუსმა. როდესაც ყველაფერი დაწყნარდება, ამ სფეროებში არსებული ბიზნესების „ამოქოქვა“, არ უნდა იყოს დიდი და გადაულახავი პრობლემა. უფრო დიდი პრობლემები, ამ მიმართულებით, უფრო განვითარებულ, დიდი ეკონომიკის ქვეყნებს ექნებათ, მწარმოებელ და მრავალმხრივი ეკონომიკის ქვეყნებს, რაც არ უნდა პარადოქსი იყოს ეს.
– აქ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ტურიზმი და მასთან მიბმული ბიზნესები, პრაქტიკულად, ისედაც გაჩერებული იყო და მერე მიიღო მთავრობამ მათი დახურვის გადაწყვეტილება.
– კი, ეს სეგმენტები ბუნებრივად დაპაუზებული ან გაჩერებული იყო. ეს იყო კანონზომიერი პრობლემები და ამას დაემატა ხელისუფლების მხრიდან მკაცრი ადმინისტრირება, რაც მგონია, რომ სწორია. ნუ წარმოვიდგენთ ახლა ისე, თითქოს რაღაც განსაკუთრებულს აკეთებს ჩვენი ხელისუფლება. ეს ყველაფერი მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით და კორონავირუსის პირველ ტალღაში მოხვედრილი ქვეყნების გამოცდილებიდან მივიღეთ და ამის მიხედვით კეთდება. ტრაგიკული შეცდომები დაუშვეს ევროპაში – იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, ბრიტანეთზე უკვე ვთქვით და ეს შეცდომები რომ არ გავიმეორეთ, ამან წინ წაგვწია. ქვეყანაში როგორც კი კონსტიტუციური, ინსტიტუციონალური წესრიგი აღდგა, მთავრობამ შეიძინა ფუნქცია. სამინისტროები ეფექტურად მუშაობენ, ჯანდაცვის სისტემა იმაზე ბევრად ეფექტურად, ვიდრე წარმოგვედგინა საერთოდ. თუმცა, გულრწფელად გეტყვით, მე ამის წარმოდგენაც კი არ შემეძლო.
– გეთანხმებით, კრიზისულ ვითარებაში ეს ხელისუფლება ეფექტურად მუშაობს. ჯერ ნაადრევია საბოლოო შედეგებზე ლაპარაკი და ამის შემდეგ შეფასდება მთავრობის მუშაობა, მაგრამ დღემდე კარგად მუშაობენ. თავიდან იყო შეცდომები, მაგრამ მერე დალაგდნენ და კოორდინირებულად და ეფექტურად მოქმედებენ. ამ დალოცვილებს, მშვიდობიან დროს ამის ნახევარი ძალისხმევით და ეფექტიანობით რომ ემუშავათ, ეს ქვეყანა და ხალხი დღეს ბევრად უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდა.
– პარადოქსია, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის სახლში დაჯდომამ და პროცესებში ჩაურევლობამ მოიტანა ის შედეგი, რომ ჩვენი ქვეყანა კორონავირუსს უმკლავდება. ჩვენი ერთ–ერთი ძირითადი პრობლემა ინსტიტუციონალური წესრიგის დარღვევა, არარსებობა იყო. ინსტიტუციონალური და გადაწყვეტილებების მიმღები ცენტრები ერთმანეთისგან მოშორებული იყო. გიორგი გახარიას კაბინეტის კარებზე კი ეწერა „პრემიერ–მინისტრი“, მაგრამ ის ვერ იღებდა სისტემურ გადაწყვეტილებებს და ვერც პასუხისმგებელი იქნებოდა ამ გადაწყვეტილებებზე. როდესაც გაფუჭებული ტელეფონის პრინციპით მუშაობენ მინისტრები, სხვა მაღალჩინოსნები, მაშინ ქვეყანა ვერ არის ეფექტური. დღეს ეს გაფუჭებული ტელეფონი აღარ მუშაობს, ივანიშვილი გაერიდა მიმდინარე პროცესებს, არ ერევა კრიზისის მართვაში. თავად სახელმწიფო უწყებები ასრულებენ პრემიერის გადაწყვეტილებებს, პრემიერი კი ამ გადაწყვეტილებებს საგანგებოდ შექმნილი შტაბისა თუ უსაფრთხოების საბჭოს რეკომენდაციების საფუძველზე იღებს. გახარია დღეს რეალურად არის ქვეყნის პრემიერი, ყველა მინისტრი მართლა მინისტრია და ამან შედეგი მოიტანა.
„ალია“, ლევან ჯავახიშვილი
კომენტარები