რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევას, პარლამენტი ხვალ უკვე ჩანიშნავს პრეზიდენტის არჩევის თარიღს, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, პრეზიდენტის არჩევნები და ინაუგურაცია მიმდინარე წელს უნდა მოხდეს.
„არის გარკვეული გარემოებები რომელიც მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ, ჩვენ უნდა ავირჩიოთ პრეზიდენტი 5 წლის ვადით. იმისთვის, რომ იყოს 5 წლის ვადით პრეზიდენტი არჩეულია, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებიც და ინაუგურაციაც ჩატარდეს ამ წელს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
თარიღის ჩანიშვნის შემდეგ ცესკო აყალიბებს საარჩევნო კოლეგიას, რომელიც 300 წევრისგან, ხმოსნისგან შედგება. მათ შორის არის პარლამენტის 150 წევრი, ხოლო მეორე ნახევარი, 150 ყალიბდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 20 წევრისგან, აჭარის უმაღლესი საბჭოს 21 წევრისგან და დარჩენილი 109 წევრი უკვე ყალიბდება თვითმმართველობის წარმომადგენლებისგან (2021-2022 წელს პარტიების მიერ მიღებული მხარდაჭერის პროპორციის შესაბამისად).
პრემიერ-მინისტრისა და მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ პარლამენტი ახალ საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციებს დაიწყებს. სწორედ ამის შემდეგ გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი, თუ ვინ იქნება მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატი.
ცნობისთვის, პირველად ქვეყნის პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით აირჩევა.
კომენტარები