როგორც მოსალოდნელი იყო, არჩევნების მეორე ტური ბოლივუდური სცენარით წარიმართა და ზუსტად ისე დასრულდა, როგორც ინდურ ფილმებშია – ბოლოს ყველა ბედნიერი იყო „ბოროტი ძალის“ გარდა. „ბოროტ ძალად“ კიდევ, ხელისუფლებას ოპოზიცია რომ ჰყავს გამოყვანილი, კი გეცოდინებათ. პირდაპირ ვთქვათ – მეორე ტურის ბედი მაშინ გადაწყდა, როცა თბილისში ჩამოსულმა მაიკ პომპეომ, ოპოზიციის მოლოდინის მიუხედავად, დღის წესრიგი არ შეცვალა და ოპოზიციის ლიდერებს არ შეხვდა. ეს პირდაპირი მინიშნება გახლდათ იმაზე, რომ ამერიკა და შესაბამისად დასავლეთი, ოპოზიციას არც რევოლუციურ სცენარში დაუჭერდა მხარს და ისიც პირდაპირ მიანიშნეს, პარლამენტში შედით და თუ რაიმე სათქმელი გაქვთ, იქიდან თქვით და თუ რამის შეცვლა გინდათ, იქედან შეცვალეთო. ამ პროცესებში ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ გამოჩნდა. მაშინ, როცა ყველას ეგონა, რომ ოპოზიცია თავს დაღუნავდა და პარლამენტში შეილალებოდა, პირიქით მოხდა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა პირდაპირ თქვეს – ჩვენ არავის მონები არ ვართ, მითითებებსაც ვერავინ მოგვცემს, ვერც გვიბრძანებს და პარლამენტში არ შევალთო. თუ გახსოვთ, ზუსტად ასეთი რიტორიკა ჰქონდა მმართველ გუნდს, როცა საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე იყო საუბარი და ისინი არაფრის შეცვლას არ აპირებდნენ, მაგრამ ამერიკის ელჩთან შეხვედრის შემდეგ, „გადაიფიქრეს“. აი, ოპოზიციამ ახლა თუ ბოლომდე გაიტანა პრინციპი „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს“ ცუდი არ იქნება, მაგრამ როგორც გვეუბნებიან, შევა ოპოზიცია „ბუტკაში“ და შეეცდება ბოლო ხმაზე იყვიროს, შევედი, მაგრამ „არ ვარ იმნაირიო“.
პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე კიდევ ერთი ვთქვათ და ამით მოვრჩეთ. დაზუსტებული, გადამოწმებული და დადასტურებული ინფორმაციით, ოპოზიცია პოლიტიკურ ბოიკოტს გამოაცხადებს, პარლამენტში არ შევა, მაგრამ არც მანდატებზე იტყვის უარს. როგორ? აი, ასე, ძალიან მარტივად.
„დავიწყოთ იმით, რომ ჯერ ოპოზიციას არაფერზე უარის თქმის შესაძლებლობა არ აქვს, რადგან ისინი არ არიან დეპუტატები. ახალი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილება და შესაბამისად დეპუტატის მანდატი პირველ სხდომაზე უნდა სცნონ. მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლიათ მათ მანდატებზე უარის თქმა, მაგრამ აზრთასხვადასხვაობა არათუ პარტიის ლიდერებს, არამედ პარტიის წევრებს შორისაც არის. ლიდერების უმრავლესობა თვლის, რომ პოლიტიკური ბოიკოტი უნდა გაგრძელდეს, ანუ დეპუტატებმა უნდა შეინარჩუნონ მანდატები, მიიღონ ხელფასები, ხოლო პარლამენტში არ შევიდნენ. პარალელურად, პარტიის ის წევრები, რომლებიც ლიდერები არ არიან, მაგრამ სიით გავიდნენ პარლამენტში, კატეგორიულად ითხოვენ, რომ მანდატებზე უარის თქმა არ მოხდეს. ეს მოსახლეობის თვალში ძალიან ცუდად გამოჩნდება, მაგრამ ოპოზიციას ამისთვისაც აქვს პასუხი. ისინი იტყვიან, რომ მანდატები იმისთვის სჭირდებათ, რომ დაუბრკოლებლად შევიდნენ და გააკონტროლონ სახელმწიფო უწყებები, რომ საჭიროების შემთხვევაში, პარლამენტის ტრიბუნა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ხმის მისაწვდენად გამოიყენონ, რეალურად კი ყველაფერი ძალიან მარტვი და ბანალურია – არავის არ სურს, თითქმის 4 ათას ლარიან ხელფასსა და სხვა სიკეთეებზე უარის თქმა. ამიტომ, ოპოზიცია მანდატებს დაიტოვებს, შეინარჩნებს ხელფასს, დაფინანსებას პარტიებისთვის და არ შევა პარლამენტში“,- გვეუბნება საარჩევნო საკითხებში კარგად ჩახედული და ინფორმირებული ადამიანი.
დასასრულ, „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, ახალი რეგლამენტის მიხედვით, ვერცერთი ოპოზიციური პარტია პარლამენტში შესვლის შემთხვევაშიც კი, ფრაქციას ვერ შექმნის, რადგან – ფრაქცია შექმნილად ითვლება მასში გაერთიანებული არანაკლებ 7 პარლამენტის წევრის მიერ ფრაქციის წესდების მიღების მომენტიდან. (01.07.2020 ¹6700 ამოქმედდეს საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენისთანავე).
უფრაქციოდ კიდევ ვერც დებატებში იღებ ადამიანი მონაწილეობას, ვერც კანონპროექტები შეგაქვს და მარტო ხელფასის გულისთვის გარეთ ყოფნაც შეიძლება.
ანი დვალიაშვილი, ალია
კომენტარები