ამ წუთებში პარლამენტში უმრავლესობის ფორმატში სხდომა მიმდინარეობს. როგორც შეხვედრის დაწყებამდე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სხდომაზე წინასაარჩევნო საკითხებს განიხილავენ. ჟურნალისტებთან საუბრისას მდინარაძემ გამორიცხა, რომ დღევანდელი შეხვედრაზე შესაძლოა, საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე ოპოზიციისთვის ახალი შეთავაზება განიხილონ. მისი თქმით, ამ საკითხის გადახედვა არ მოხდება.
გარდა ამისა, მისივე თქმით, სხდომაზე განიხილავენ ისეთ საკითხებსაც, რაც მედიისთვის არ იქნება ცნობილი.
„არ დაგიმალავთ, რომ ყველაფერს არ გეტყვით. არის საკითხები, რაზეც ვისაუბრებთ, თუმცა ეს მედიისთვის არ იყოს ცნობილი. თუმცა საორგანიზაციო საკითხები იქნება ერთ-ერთი ძირითადი საკითხი. საუბარი იქნება წინასაარჩევნო პერიოდზე. საარჩევნო სისტემაც იქნება ერთ-ერთი თემა. მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის წინ კიდევ ერთხელ უნდა ვიცოდეთ უმრავლესობის საერთო აზრი. დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, მათ შორის, არის მაჟორიტარების თემა, თუ რა ღონისძიებების ჩატარებას აპირებენ თავიანთ მაჟორიტარულ ოლქებში.
პირდაპირ გეტყვით, რომ უმრავლესობის დღევანდელი სხდომის მთავარი თემა ნამდვილად არ არის რაღაცის გადახედვა, ახალი ინიციატივების შეთავაზება. ჩვენ შეთავაზება უკვე გაკეთებული გვაქვს. ჩვენ გარკვეული კომპრომისი უკვე მივიღეთ და ამაზე დღეს საუბარი არ იქნება, რომ რაღაცა გადაიხედოს. ოპოზიცია თუ რამე ახალს შემოგვთავაზებს, კიდევ შევიკრიბებით, არ დავზარდებით, მაგრამ დღევანდელი დღის მთავარი თემა არ არის საარჩევნო სისტემა,” – განაცხადა მდინარაძემ.
კომენტარები