ოპოზიციონერი დეპუტატი, რომან გოცირიძე ფეისბუქზე ყვება, თუ რა შეემთხვა დღეს პარლამენტისკენ მიმავალს, ტაქსიში :
“ტაქსი:))
გავაჩერე ტაქსი ვაჟა-ფშაველაზე, რესპუბლიკურთან.
-მოდულის შენობასთან მივიდეთ, გზაში კაცი დამხვდება, რაღაცას გადმომცემს და მერე პარლამენტში.
-ჩემი თავი გენაცვალოს, თქვა მხღოლმა და პირჯვარი სამჯერ გადაიწერა. მივხვდი, სამედიცინოსთან ეკლესიას ჩავუარეთ. ასიოდე მეტრში ისევ სამჯერ გადაიწერა პირჯვარი. ასათიანზე, ყოფილი ფსიქიატრიულის ეზოში რომ ეკლესია იყო, იმას მიაგო პატივი. თუმცა რაღა ეზოში, აიჩემა თურმე ერთმა აქტიურმა მღვდელმა, სულით ავადმყოფების განკურნებისთვისაა საჭირო და მიწა დამითმეთ ცოტაო. ააშენეს საკმაოდ დიდი ეკლესია( იქვე ვცხოვრობდი მაშინ), მერე გამოყვეს ტერიტორია საავადმყოფოდან დიდი ღობით, ქუჩისკენაც გაჭრეს გზა და ავადმყოფების “სამკურნალო” დაწესებულება კი იქცა მორიგ საქალაქო ეკლესიად. ეს ისე, როგორც იტყვიან, ლირიული გადახვევა.
გავცდით “დელისს” და მარჯვნივ, კომაროვთან ისევ შემოგვხდა ეკლესია და ვიხილე ჩვეული რიტუალი. უკვე შევეჩიე და მოდულთან რომ გადავუხვიეთ ქავთარაძისაკენ, თავი არ ამიწევია, გამახსენდა რომ კუთხეშიც ეკლესია იყო. გავიარეთ სამასიოდე მეტრი. ქავთარაძეზე კვლავ გადაეშვა რიტუალში, ოღონდ უკვე ცხრაჯერ. ამ გახანგრძლივებულ პერიოდში წინიდან მომავალო მანქანა ვერ შეამჩნია და კინაღამ შეეჯახა. ახლა კი ვეკითხები, აქ რატომ, ეკლესია ხომ არსადაა მეთქი? როგორა არაა, “შანხაიში” სამი ეკლესია დგასო. ხომ არ ჩანს მეთქი? მერე რა, ხომ ვიციო. ასე გაგრძელდა ჭავჭვაძეზე, სტუდქალაქთან, მერე მეცხრე საავადმყოფოსთან, მერე ფილარმონიასთან, ჭადრაკის სასახლის უკან, ექვსჯერ გადაიწერა, ანუ ორი ცალი იყო იქაც. არ ჩანდა გზიდან ისინიც, მაგრამ “ხომ იცოდა”? ბოლოს ქაშუეთთან და რომ მეგონა მოვრჩით, დაურტყა ზედ პარლამენტის კარებთან. აქ რატომ მეთქი, გაკვირვება ვერ დავმალე, აქ ხომ არაფერი დგას ახლო-მახლო მეთქი? აქ იდგაო ძველად და დაანგრიესო. ის ხომ რუსული იყო, თანაც სამხედრო? მერე რა, მართლმადიდებლური ხომ იყოო.
გავუწოდე ფული, დამიბრუნა ხურდა, როგორც წესი არ ვართმევ ხოლმე, მაგრამ რადგან ავარიული სიტუაცია შექმნა, არ იმსახურებდა, თორემ რა ჩემი საქმეა, ვის რა აკვიატებები აწუხებს, ყველას გვყავს ცოტ-ცოტა ჩვენ-ჩვენი ოფოფები, მე მაგალითად, სამჯერ ვამოწმებ, გაზი ხომ არ დამრჩა.
ამ ამბების მერე, გამახსენდა, რომ პარლამენტშიც გვაქვს სარდაფში სამლოცველო, ალბათ ერთადერთი სეკულარულ ევროპაში, მაგრამ რაღაცაში ხომ ვართ ერთადერთები. სანთელი უნდა დავანთო იქ. არ იყო ქავთარაძეზე მომხდარი საგზაო ინცინდენტი მთლად ურისკო …”
კომენტარები