ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის” განცხადებით, ბოლო თვეებში პარლამენტის შენობასთან დამონტაჟებული კამერების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, პროტესტის მონაწილეთა იდენტიფიკაციისთვის კი “ქართული ოცნება” ჩინურ ვიდეოსათვალთვალო კამერებს იყენებს.
მათი თქმით, სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალური ვებგვერდის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-თებერვალში 112-მა ჯამში 485 877 ლარის ღირებულების ჩინური კამერა შეიძინა. კერძოდ,
- 2025 წლის 30 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-მა შპს “ჯი ეს სი”-სგან შეისყიდა 155 977 ლარის ღირებულების 35 კამერა, რომელიც წარმოებულია Zhejiang Dahua Vision Technology Co., Ltd-ს (იგივე Dahua) მიერ.
- 2025 წლის 28 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, „112“მა შპს „ჯი ეს სი“-სგან შეისყიდა 329 900 ლარის ღირებულების 100 მართვადი კამერა, რომელიც წარმოებულია ჩინური კომპანია Dahua-ს მიერ.
„სამოქალაქო იდეას“ წინა კვლევის მიხედვით, 2019-2024 წლებში სამინისტროებმა და მათმა ქვეუწყებებმა ჩინური კამერების შესყიდვებზე ჯამში 252 390 ლარი დახარჯეს. ამასთან, 112-ის მიერ, მხოლოდ 2025 წლის იანვარ-თებერვალში თითქმის ორმაგი ღირებულების კამერების შეძენა განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს.
აღნიშნული სტატისტიკა ცხადყოფს, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისისს კომუნისტური ჩინეთისთვის დამახასიათებელი „პოლიციური სახელმწიფოს“ მეთოდებით „მართავს”, – ამბობენ ორგანიზაციაში.
მათი თქმით, ჩინური სათვალთვალო კამერები მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს. კერძოდ:
- ჩინეთის ტექნოლოგიების მწაროებელ მსხვილ კომპანიებს, მათ შორის Dahua-ს, მჭიდრო კავშირები აქვთ ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან. მაგალითისათვის, მიუხედავად იმისა, რომ Dahua ოფიციალურად კერძო კომპანიას წარმოადგენს, მისი დამფუძნებლები და დირექტორები კომპარტიასთან აქტიურად თანამშრომლობენ. Dahua-ს ერთ-ერთმა მეწილემ, ფუ ლიქუანმა 2018 წელს ერთ-ერთ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა კომუნისტური პარტიის ლოზუნგის – „ყოველთვის მიჰყევი პარტიას“ („Always Follow The Party“) მნიშვნელობას.
- ჩინურ კომპანიებს, მათ შორის ტექნოლოგიურ კომპანიებს, ეროვნული დაზვერვის კანონის შესაბამისად, ევალებათ ჩინეთის უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობა. შესაბამისად, ჩინური კამერების მიერ შეგროვებული ინფორმაცია, შესაძლოა, ჩინეთის სპეცსამსახურების ხელში აღმოჩნდეს.
- ჩინური სათვალთვალო ტექნოლოგიების სისტემები შეიცავენ ისეთ მოწყვლად ელემენტებს, რომლებიც კიბერშეტევების განხორციელების შესაძლებლობას ქმნის.
- ჩინური სათვალთვალო კამერები ხშირად გამოიყენება ავტორიტარული სახელმწიფოების მიერ მოქალაქეებზე კონტროლისა და თვალთვალის მიზნებისთვის.
ორგანიზაციის ცნობით, ამ გამოწვევების გამო, დასავლეთის დემოკრატიული სახელმწიფოების ნაწილმა კომპანია Dahua-ს მიერ წარმოებული კამერების გამოყენება აკრძალა. მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში აღნიშნული კომპანიის ტექნოლოგიები რამდენჯერმე აიკრძალა:
- ამერიკის კომერციის დეპარტამენტმა, 2019 წელს, უიღურთა იძულებითი შრომის პრევენციის აქტის ფარგლებში, Dahua შავ სიაში შეიტანა.
- 2021 წელს, ამერიკის ფედერალური კომუნიკაციების კომისიამ Dahua ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის წარმომადგენელი ორგანიზაციების სიაში დაამატა.
- 2022 წელს, ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტმა Dahua ჩინეთის „სამხედრო კომპანიად“ დაასახელა.
“ნიშანდობლივია, რომ დასავლეთის დემოკრატიული სახელმწიფოების მიერ Dahua-ს პროდუქციის აკრძალვის ფონზე, „ქართული ოცნება“ სულ უფრო ინტენსიურად იყენებს ჩინურ სათვალთვალო კამერებს. საქართველოს მოქალაქეების თვალთვალისა და დაშინების მცდელობები სამეთვალყურეო ტექნოლოგიების მეშვეობით წარმოადგენს „ოცნების“ ავტორიტარიზმისკენ სვლის კიდევ ერთ გამოხატულებას”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
კომენტარები