„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა:
„ ჩვენ საჯაროდ გვაქვს პოზიცია დაფიქსირებული და თავიდანვე ვთქვით, სანამ მოლაპარაკებები ამ ეტაპამდე მივიდოდა, რომ გვესმის და ჩვენთვის არ იყო მოულოდნელი ჩვენი საუკეთესო მეგობრების წარმოდგენილი დიპლომატებისგან ან მეგობრებისგანაც მოწოდება პარლამენტში შესვლასთან და ინსტიტუტების გამოყენებასთან დაკავშირებით. ოღონდ, ამას არ ვეთანხმებით და შეცდომაც მიგვაჩნია, რადგან საქართველოში, სამწუხაროდ, ვითარება გასცდა იმ ზღვარს, როცა ინსტიტუტების გამოყენებით შესაძლებელია კრიზისიდან გამოსვლა, მაგრამ ნორმალურ ვითარებაში ეს ასეც იქნებოდა. 2016 წლის ცუდი არჩევნებისგან განსხვავებით, რომ არ ყოფილიყო ვითარება, როცა უბრალოდ მანიპულაციებმა გამარჯვებულის პროპორცია კი არ გადახარა, არამედ გამარჯვებული და წაგებული შეცვალა, ეს რომ არ ყოფილიყო, ჩვენ ახლაც მივიღებდით არჩევნების შედეგებს.
იმიტომ, რომ დიახ, პარლამენტში ოპოზიციის ყოფნა მნიშვნელოვანია, ოღონდ ამაზე მნიშვნელოვანი არის, არ დაუშვა, რომ არჩევნები გაგიუქმონ, როგორც ინსტიტუტი და არჩევნების ნდობა დაიკარგოს, რადგან ასეთ შემთხვევაში ქვეყანას რჩება ორი გზა: ან ძალიან ცუდი გზა, ლუკაშენკოს და ბელარუსის გზა 90-იან წლებში, როცა საზოგადოება დროებით მაინც იძულებულია, შეეგუოს ამ თამაშის წესს, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს, ან სწრაფი რეაქცია, ძალადობრივი, ლეგიტიმური, მაგრამ ძალადობრივი რევოლუციის უკრაინაში, რაც მოჰყვა იანუკოვიჩის ხელისუფლებას. ეს არც ერთი არ არის იდენტური მაგალითები ჩვენი მაგალითისა, არც მინდა, რომ იყოს, მაგრამ ლეგიტიმური ანალოგიებია. ჩვენ გვინდა, რომ განსაკუთრებით პირველი და მეორეც თავიდან ავიცილოთ და მხოლოდ არჩევნებით მოხდეს ცვლილება. ამას სჭირდება პრინციპული პოზიციის დაკავება“
მისივე თქმით, როგორც არ უნდა ცდებოდნენ კონკრეტული ქვეყნები თუ მათი წარმომადგენელი ელჩები, ისინი მაინც რჩებიან მეგობრებად და მოკავშირეებად.
„ვისარგებლებ ამ შემთხვევით და ყველა ჩვენს პარტნიორს ოპოზიციაში თუ მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ფიგურას, ან მედიაფიგურას მინდა, ვთხოვო, რომ გვესმის, ძალიან ემოციური მომენტია და როცა შენი საუკეთესო მეგობარი ქვეყნების წარმომადგენელი დიპლომატები, ჩემი აზრითაც, სერიოზულ შეცდომას უშვებენ, შეიძლება, ემოციურ რეაქციებს ჰქონდეს ადგილი, მაგრამ უნდა ვიყოთ მკაფიოები, რომ ნაბან წყალს ბავშვი არ გადავაყოლოთ. ეს ქვეყნები და მათი წარმომადგენლები აქედან გამომდინარე, როგორც არ უნდა ცდებოდნენ, წარსულშიც გვქონია ასეთი მაგალითები, მაგალითად, 2003 წელს, ვარდების რევოლუციის წინ, ისინი მაინც რჩებიან მეგობრებად და პარტნიორებად ანუ არ იცვლება ის, ვინ არის სტრატეგიული პარტნიორი და ვინ არის მოკავშირე, არა იმითი, რაღაც თუნდაც ძალიან მნიშვნელოვან მომენტში ძალიან მნიშვნელოვან შეცდომას უშვებს შენი პარტნიორი”
კომენტარები